რუსეთში მიმალვაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატსა და ომის გაჩაღებაში დამნაშავედ ცნეს " />

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში მიმალვაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფოს ღალატსა და ომის გაჩაღებაში დამნაშავედ ცნეს

REUTERS/Maxim Shemetov 

უკრაინული ტელეარხის „ჰრომადსკოეს“ მასალების მიხედვით 

24 იანვარს კიევში სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიმართ, სახელმწიფოს ღალატსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ბრალდებით, მისი განაჩენი გამოაცხადა. მას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიევის ობოლონის სასამართლოში პროცესი წელიწადნახევარზე მეტ ხანს გრძელდებოდა.  

რა ედება ბრალად იანუკოვიჩს?

სახელმწიფოს ღალატი, აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობა და, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით, განზრახ ჩადენილი ქმედებები. არსებობს კიდევ შვიდი ეპიზოდი (მათ შორის – $3,2 მილიონის ოდენობის ქრთამის აღება და კიევის მახლობლად მიწის ნაკვეთის უკანონოდ დასაკუთარება), რომლებშიც იანუკოვიჩი ეჭვმიტანილია, თუმცა ამ ეპიზოდებს ჯერჯერობით სასამართლომდე არ მიუღწევია. იანუკოვიჩის წინააღმდეგ პირველი საქმეები ჯერ კიდევ 2014 წელს აღიძრა – რუსეთში მისი გაქცევიდან რამდენიმე დღეშივე.

• იყვნენ თუ არა „მაიდანზე“ ქართველი სნაიპერები?

• როგორ აფინანსებს რუსეთი  აღმოსავლეთ უკრაინას სამხრეთი ოსეთის გავლით

• მოსაზრება: სააკაშვილი უკრაინაში – დასაწყისი და დასასრული

რატომ არ იმყოფება იანუკოვიჩი უკრაინაში?

იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს, კიევის ცენტრში „ევრომაიდანის“ – მასობრივი და ხანგრძლივი საპროტესტო აქციების სისხლისღვრით დასრულების შემდეგ გაიქცა. მისი გაქცევა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა – იანუკოვიჩი კიევიდან ხარკოვში ჩაფრინდა, შემდეგ დონეცკში, ამის შემდეგ კი ყირიმში გადავიდა, და საბოლოოდ რუსეთის დონის როსტოვში აღმოჩნდა.

რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას?

ინაუკოვიჩისთვის სახელმწიფოს ღალატში ბრალის წაყენების საფუძვლად იქცა 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც ის ვლადიმირ პუტინს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის შეყვანას სთხოვს.

სწორედ ეს წერილი  გამოიყენა  პუტინმა 2014 წლის მარტში ყირიმის „კანონიერი“ ანექსიის  გასამართლებელ არგუმენტად. გენერალური პროკურატურის მთავარ არგუმენტთან დაკავშირებით საქმე არც ისე მარტივადაა — მათ შორის რუსეთის პრეზიდენტისადმი იანუკოვიჩის მიერ მიწერილ წერილთან დაკავშირებითაც. 2017 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ კიევს უპასუხა, რომ არც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, და არც ფედერაციის საბჭოში ჯარის შეყვანის შესახებ იანუკოვიჩის განცხადება არ შესულა.

2018 წლის თებერვალში დაცვამ  უკვე იანუკოვიჩის ახალი წერილი წარმოადგინა – მასში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პუტინს  ორმხრივი კონსულტაციების გამართვას და, „უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობისა და წესრიგის აღდგენის მიზნით, რუსეთის ფერდერაციის საჰაერო ძალთა გარკვეული ქვედანაყოფების გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობას“ სთავაზობს.

როგორ წარიმართა პროცესი?

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო 2017 წლის 4 მაისს დაიწყო – იანუკოვიჩი 2014 წლიდან რუსეთში იმყოფება.

თვიდან სასამართლო სხდომები მუდმივად იდებოდა – უფრო ხშირად, იანუკოვიჩის ადვოკატების ან მათივე მხარის მოწმეთა არგამოცხადების გამო. წელიწადნახევრის განმავლობაში 89 სხდომა შედგა. პროცესის დროს ბევრი მოწმე  დაიკითხა, მათ შორის – მაღალი თანამდებობის უკრაინელი ჩინოვნიკები – შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრ ტურჩინოვი (2014 წელს ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა), პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკო. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩვენებებს აძლევდნენ რუსეთში ჩამოსული რუსი დეპუტატებიც – ილია პონომარიოვი და დენის ვორონენკოვი. შემდეგ ვორონენკოვი კიევის ცენტრში მოკლეს – ეს 2017 წლის მარტში მოხდა. ვორონენკოვის სიკვდილის შემდეგ მისმა ჩვენებებმა ძალა დაკარგა.

რას ამბობს თავად იანუკოვიჩი?

ის სახელმწიფოს ღალატის ბრალდებას უარყოფს. მანამდე იანუკოვიჩის ადვოკატები აცხადებდნენ,  რომ ამ ბრალდების ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასასაჩივრებლად მზად არიან.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ