კიევმა რუსეთის მხრიდან „კეთილი ნების“ ნაბიჯის გადადგმის წინადადებას უპასუხა" />

უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვს სენცოვის უკრაინაში დაპატიმრებულ ჟურნალისტში გაცვლას სთავაზობს

კიევმა რუსეთის მხრიდან „კეთილი ნების“ ნაბიჯის გადადგმის წინადადებას უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთს ტერორიზმისთვის რუსეთში დაკავებული და რიგი უფლებადამცავი ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული უკრაინელი ოლეგ სენცოვის გაცვლას სთავაზობს – „რია-ნოვოსტი-უკრაინა“-ს მთავარ რედაქტორ კირილ ვიშინსკის გათავისუფლების სანაცვლოდ, რომელსაც სახელმწიფოს ღალატისთვის ასამართლებენ.

REUTERS/Valentyn Ogirenko

როგორც „ჰრომადსკოე იუწყება, ამგვარად უპასუხეს კიევში რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი პესკოვის წინადადებას, რომელმაც უკრაინას, „კეთილი ნების“ ნიშნად, ვიშინსკის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

 „სრულიად მხარს ვუჭერთ კეთილი ნების ნაბიჯებს და რუსეთს ვთავაზობთ, რომ შემხვედრი ნაბიჯი ოლეგ სენცოვის გათავისუფლებით თავადაც გადადგას, და გთავაზობთ, რომ ერთობლივი კეთილი ნებისა და ურთიერთნდობისთვის ეს ერთდროულად გავაკეთოთ“, – დაწერა Facebook-ზე უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა იულია მენდელმა.

19 ივლისს სასამართლომ კირილ ვიშინსკი 19 სექტემბრამდე პატიმრობაში დატოვა.

ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს „რია-ნოვოსტი-უკრაინა“-ს ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ის სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. უკრაინის უშიშროების საბჭოს მონაცემებით, ვიშინსკი, უკრაინის საწინააღმდეგოდ წარმოებული ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში, აგრესორი ქვეყნისთვის მუშაობდა. 

გამოძიების მონაცემებით, ვიშინსკი „დივერსიული საინფორმაციო საქმიანობისთვის“ ყოველთვიურად 53 ათას ევროს იღებდა. რუსეთიდან ფულს  უშუალოდ ვიშინსკის კი არ ურიცხავდნენ, არამედ ჯერ სერბეთში რიცხავდნენ, შემდეგ კი – უკრაინაში.

თავად ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც მან სასამართლოში განაცხადა, ის კი არ უნდა გაცვალონ, არამედ უნდა გაათავისუფლონ, რადგან უდანაშაულოა.


ასევე წაიკითხეთ