უკრაინის ელჩმა საქართველოში გავრილოვის ვიზიტზე, ანტისაოკუპაციო მიტინგზე და სააკაშვილზე ისაუბრა " />

უკრაინის ელჩი საქართველოში: მოსკოვმა მიიღო სიგნალი, რომ საქართველოში ოკუპაცია ახსოვთ

უკრაინის ელჩმა საქართველოში გავრილოვის ვიზიტზე, ანტისაოკუპაციო მიტინგზე და სააკაშვილზე ისაუბრა

“მოსკოვმა აშკარა სიგნალი მიიღო საქართველოსგან, რომ მისთვის არაფერი უპატიებიათ, რომ არავის დავიწყებია ოკუპაცია,” –  განაცხადა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იგორ დოლგოვმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

დოლგოვმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, გავრილოვის ვიზიტზე, ანტისაოკუპაციო მიტინგზე და სააკაშვილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია თბილისში, პარლამენტის შენობასთან იმართება საპროტესტო აქციები, სადაც შს მინისტრის გადადგომასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგია “არა რუსეთის ოკუპაციას”.

მიტინგები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და სპიკერის სავარძელში ჩაჯდა. გავრილოვი მონაწილეობას იღებდა მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის დარბაზში იმართებოდა. 

იმავე დღეს პარლამენტთან მრავალათასიანი მიტინგი შეიკრიბა, რომლის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვდნენ იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე რუსი დეპუტატი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. 

20 ივნისს გავრილოვის გამოსვლის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა უკრაინის ელჩიც, რომელმაც დარბაზი მალევე დატოვა პროტესტის ნიშნად.

• ვინ არის მართლმადიდებელი კომუნისტი, რომელმაც თბილისში პროტესტი გამოიწვია

• რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული სანქციების შემთხვევაში? კონკრეტული რიცხვები

• ანექსიის საფასური: ყირიმი ხუთი წლის შემდეგ

დოლგოვი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო მოესმინა რუსი დეპუტატისთვის “ვინც ხმა მისცა ყირიმის ანექსიას, ვინც ხმა მისცა პუტინისთვის უკრაინის ტერიტორიაზე არმიის გამოყენების უფლების მიცემას, ვინც წარმოადგენდა რუსეთის დუმას, რომელმაც ასევე მხარი დაუჭირა და აღიარა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა”.

დოლგოვი ამბობს, რომ ესმის იმ ხალხის, ვინც გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა:

„ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები საქართველოში, იმ ქვეყნის დედაქალაქში გამოჩნდნენ, რომლის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ჩვეულებრივ ამბად ვერ ჩაითვლებოდა. ამას შეეძლო გამოეწვია ნებისმიერი პროტესტი ან სხვა ნაბიჯები”.

უკრაინის ელჩის თქმით ის, რაც მომდევნო დღესა და ღამეს მოხდა, “ეს უკვე საქართველოს თანამედროვე ისტორიაა”. 

“ მოსკოვმა მიიღო აშკარა სიგნალი, რომ მიტევებული არაფერია, არავის დავიწყებია ოკუპაცია და საქართველო არ არის მზად მიიღოს როგორც ფაქტი ის, რომ ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია. იგივე ეხება უკრაინასაც,” – აღნიშნა ელჩმა.

ინტერვიუში მან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინაშია. იქ მას პოლიტიკური პარტია აქვს და იგი აქტიურად მონაწილეობს უკრაინის პოლიტიკურ პროცესებში. სააკაშვილი უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი წინამორბედის- პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება შეცვალა და სააკაშვილს უკრაინის ჩამორთმეული  მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა გამოცხადებული.

უკრაინის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ სააკაშვილის ფაქტორი ორი ქვეყნის საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

ელჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ერთი ცალკეული მოქალაქეა:

“ უკრაინის მოსახლეობა 42 მილიონია, სააკაშვილი იქ ერთ-ერთი მათგანია. საქართველოს მოსახლეობა ოთხ მილიონამდეა და ის აქაც ერთ-ერთი მათგანი იყო. რატომ აზვიადებთ ერთი ცალკეული მოქალაქის როლს? ”, – განუცხადა დოლგოვმა „ინტერპრესნიუსს“.


ასევე წაიკითხეთ