მხოლოდ 2018 წელს საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა შახტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას " />

ტყიბულში აფეთქებას კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ 2018 წელს საქართველოში 16 ადამიანი გარდაიცვალა შახტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას

საქართველოში ტყიბულის მინდელის შახტში 16 ივლისს გამთენიისას აფეთქება მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი – დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, შახტის გვირაბში მეთანის აფეთქებას კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ. ისინი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს –
1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და1988 წელს დაბადებული გ.ა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებთ, ტყიბულში არსებულ ყველა შახტში მუშაობა უნდა შეჩერდეს, სანამ გამოძიება და მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპეტიზა არ დასრულდება. ტყიბულში სულ 25 შახტი ფუნქციონირებს.

მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დაკითხვაზე იმყოფებიან მინდელის შახტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები.

ეს შემთხვევა მიმდინარე წელს უკვე მესამეა. შახტში მომხდარ სხვადასხვა შემთხვევას მხოლოდ 2018 წელს 16 ადამიანი ემსხვერპლა. 2010 წლის შემდეგ კი შახტში სამსახურეობრივი მოვალეობისას გარდაცვლილთა რაოდენობა 30-ზე მეტია:

2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა

2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.

2011 წელს, 6 ნოემბერს, მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 2 მაღაროელი დაიღუპა.

2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.

2013 წლის 13 ოქტომბერს, მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

2015 წლის თებერვალში, ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე 1 მუშა დაიღუპა.

2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 მუშა გარდაცვლილი იპოვეს.

2017 წელს, 7 მაისს, მინდელის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.

2018 წლის 5 აპრილის ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად  დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.

2018 წლის 9 მაისს, მაშინ, როდესაც ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ტყიბულის შახტის ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

2018 წლის 2 ივნისს  2 მაღაროელი დაიღუპა ტყიბულში, ღია წესით ქვანახშირის მომპოვებელ საბადოზე.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ