კოლეჯში სროლა და აფეთქება მოაწყო 18 წლის სტუდენტმა, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა " />

ტრაგედია ყირიმში – კოლეჯის მოსწავლემ მინიმუმ 20 ადამიანი მოკლა

კოლეჯში სროლა და აფეთქება მოაწყო 18 წლის სტუდენტმა, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა

REUTERS/Pavel Rebrov 

18 ოქტომბრის დილისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 20-ს მიაღწია. საავადმყოფოში რჩება 44 ადამიანი, მათგან შვიდი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.

ტრაგედია 17 ოქტომბერს დღისით, ყირიმში, ქალაქ ქერჩის კოლეჯში დატრიალდა.

ჯერ აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი, სანადირო თოფით შეიარაღებულმა ამავე კოლეჯის სტუდენტმა სროლა ატეხა.

გარდაცვლილებს შორის 5 კოლეჯის მასწავლებელია, დანარჩენი – სტუდენტები.

ვინ იყო სტუდენტი, რომელმაც სასაკლაო მოაწყო? “ის ამბობდა, რომ ვერ იტანს კოლეჯის მასწავლებლებს”

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, სროლა კოლეჯის მე-4 კურსის სტუდენტმა 18 წლის ვლადისლავ როსლიაკოვმა მოაწყო.

ამის შემდგომ მან თავი მოიკლა.

როგორც როსლიაკოვის ამხანაგები ამბობენ, 17 ოქტომბერს ის კოლეჯში ორი ზურგჩანთით მივიდა.

კოლეჯის ერთ-ერთმა კამერამ იგი იარაღით დააფიქსირა:

როსლიაკოვს 18 წელი აგვისტოში შეუსრულდა. სწორედ მაშინ აიღო მან იარაღის ტარების ნებართვა და სანადირო თოფი შეიძინა. სამართალდამცავები ფიქრობენ, რომ იგი ორი თვე ემზადებოდა ამ თავდასხმისთვის.

სავარაუდოდ, როსლიაკოვი მარტო მოქმედებდა.

ამხანაგები ამბობენ, რომ ბიჭი გულჩათხრობილი იყო, თითქმის არავისთან მეგობრობდა და ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელებშიც გააუქმა თავისი გვერდი. სწავლობდა საშუალოდ – სამებზე და ოთხებზე.

ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, რომ მას ძალიან არ უყვარდა კოლეჯის მასწავლებლები და ერთხელ ასეთი რამეც თქვა:

“ვერ ვიტან ამ შტერ მასწავლებლებს. კარგი იქნება რომ ყველანი ამოხოცო და შემდეგ თავი მოიკლა”.

კავშირი ექსტრემისტებთან და ოჯახი

ამჟამად სამართალდამცავები იკვლევენ, ჰქონდა თუ არა მას კავშირი რომელიმე ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან.

როგორც გაზეთი “კომერსანტი” წერს, პირველ რიგში ამოწმებენ მის კავშირს უკრაინულ ორგანიზაციებთან “პრავი სექტორ”-ი და “უკრაინის სახალხო თავდაცვა”. ორივე ეს ორგანიზაცია რუსეთში ექსტრემისტულად მიიჩნევა და აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე.

როგორც გაირკვა, როსლიაკოვის დედა ორგანიზაცია “იეღოვას მოწმეების” წევრია (ეს ორგანიზაცია რუსეთში  ასევე ექსტრემისტულად მიიჩნევა) თუმცა, თავად სტუდენტი არანაირ რელიგიურ მიდრეკილებებში შემჩნეული არ ყოფილა.

ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯთან ყვავილები და სანთლები მიაქვთ. REUTERS/Pavel Rebrov

როსლიაკოვის მშობლები გაშორებულები არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბიჭი დედასთან ცხოვრობდა. დედა ონკოლოგიური საავადმყოფოს სანიტარია, მამას ახალი ოჯახი ჰყავს. მშობლები ამბობენ, რომ როსლიაკოვს კომპიუტერული თამაშები და იარაღი ყოველთვის მოსწონდა, თუმცა მათთვის ეს ეჭვის მიზეზი არ გამხდარა, რადგან ბიჭი არასოდეს იჩენდა აგრესიას.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ