სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის გასაუქმებლად 2017 წელს გადადგა" />

სუს-ი: ქვეყნის მთავარი საფრთხე რუსული ოკუპაციაა

სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის გასაუქმებლად 2017 წელს გადადგა

ფოტოზე: საპროტესტო აქცია თბილისში რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გავლების წინააღმდეგ. 2015 წლის ივლისი. REUTERS /დავით მძინარიშვილი

ანგარიშში, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურად ამზადებს, აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობა რჩება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალურ ანექსიას და მიზანმიმართულ იზოლაციას, ზრდის რეგიონში თავის სამხედრო ძალას, არღვევს ადამიანის უფლებებს, უკანონოდ აკავებს ადამიანებს და ეთნიკური ნიშნით ავიწროებს რეგიონში მცხოვრებ ქართველებს.

ეს ყველაფერი, აღნიშნულია განცხადებაში, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, რომლებიც რუსეთმა ამ რეგიონების მიმართულებით ბოლო დროს გადადგა:

•  2017 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს მიერ აფხაზეთში ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა;

•  2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პუნქტის გახსნა სოხუმში;

• სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები;

• 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში გამართული „რეფერენდუმი“, რომლის შედეგადაც  ცხინვალის რეგიონს ოფიციალურად შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-სახელმწიფო ალანია“ [რუსეთის შემადგენლობაში შემავალი სუბიექტის – „ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“ მსგავსად], რაც “ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მის სრულად მოწყვეტას ისახავს მიზნად”, -აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში. 

• ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალურ ბიუჯეტზე. “არსებული მონაცემებით, 2017 წელს, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 48 % (88 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 90 % (121 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა”, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯებით რუსეთი ცდილობს ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტი ეტაპობრივად გააუქმოს და სოხუმთან და ცხინვალთან დადებული „მოკავშირეობის შეთანხმებები” პრაქტიკულად აამოქმედოს:

”ნათლად გამოჩნდა, რომ ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს დე ფაქტო უწყებების სერვისებსა და ფუნქციებზე (ე.წ. საზღვრის დაცვა, „საბაჟო მომსახურება“, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა) სრული ეფექტური კონტროლის დამყარება წარმოადგენს”, – აღნიშნულია ანგარიშში. 

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცხინვალსა და სოხუმში არსებული ვითარება კარგი ნიადაგია უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის, რასაც რუსეთი ეფექტურად იყენებს. სუს-ის ანგარიშის თანახმად, ცხინვალში გახსნილი რუსული ბანკების მეშვეობით, მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ლუგანსკსა და დონეცკში უკანონო ფინანსურ ოპერაციებს  ახორციელებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანგარიში უკვე წარუდგინა პარლამენტს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ