დედა ტრეფიკინგის ბრალდებით პატიმრობაში რჩება, გამოძიება გრძელდება " />

სუსლიაკების საქმე: ათი უკრაინელი ბავშვი საქართველოდან სამშობლოში დააბრუნეს

დედა ტრეფიკინგის ბრალდებით პატიმრობაში რჩება, გამოძიება გრძელდება

საქართველოდან უკრაინაში სუსლიაკების ოჯახის ათი ბავშვი დაბრუნდა. ბავშვების დედა საქართველოში ტრეფიკინგს ბრალდებითაა დაკავებული.

ბავშვები კიევში უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩაიყვანეს, მათ ბავშვების უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის რწმუნებული ნიკოლაი კულება ახლდათ.

მისი თქმით, გასარკვევია საქმის დეტალები – როგორ მოხვდა დედა ათ ბავშვთან ერთად ჯერ რუსეთში, სადაც თავშესაფარს ითხოვდა, შემდეგ კი საქართველოში. კულება ამბობს, რომ სამართალდამცველები იმ ფაქტმა დააეჭვა, რომ ოჯახში შვიდი ბავშვი სუროგატი დედების მიერ არის გაჩენილი ერთი წლის განმავლობაში. ერთი ბავშვი კი რუსეთში ყოფნისას დაეღუპათ.

• “მხოლოდ შემთხვევითობაა, უფრო მეტი ბავშვი რომ არ იღუპება”

• ისლამური სახელმწიფოს ბებიები

ბავშვების დედა საქართველოში პატიმრობაში რჩება  

ბავშვები უკრაინაში 6 ივნისს გვიან ღამით თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით თბილისში ჩამოსული მისი წარმომადგენელი საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ  განაცხადა, უკრაინულმა მხარემ გადაწყვიტა ბავშვებზე ზრუნვა უკრაინის ტერიტორიაზე გაგრძელდეს და ამ პროცესში ჩართულია უკრაინის სახელმწიფო სოციალური სამსახური. „რაც შეეხება ბრალდებულ იულია სუსლიაკს, ის პატიმრობაში რჩება და მის მიმართ გრძელდება გამოძიება” – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

“გვესმის, საქართველოს ხელისუფლება რატომ ააფორიაქა ამ სიტუაციამ, როდესაც ნახეს, რომ ამ ბავშვებიდან ექვსი ორ წელზე პატარაა, ერთი მათგანი ამერიკის მოქალაქეა და .. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვი, რომ აქ შესაძლოა ბავშვებით ვაჭრობასთან გვქონოდა საქმე. გვესმის, რომ თავად იმ ფაქტმაც, რომ ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთისკენ მიემართებოდა, საჭირო გახადა სიტუაციაში გარკვევის აუცილებლობა”,  – განაცხადა ნიკოლაი კულებამ.

მან ბავშვებზე ზრუნვისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ტრეფიკინგის საქმე  

ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისში დააკავეს. ის 10 ბავშვთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში  ზუგდიდში ცხოვრობდა, საიდანაც აფხაზეთში მყოფ მეუღლესთან გამგზავრებას გეგმავდა.

სუსლიაკის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ბავშვები მოიწამლნენ და ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცავებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული.

იულია სუსლიაკს ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით, სასამართლომ მას  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავიდანვე აცხადებდა, რომ ყველა ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია.

5 ივნისს იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა, რომ მიიღო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი ათივე ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია, მათგან 4-ის ბიოლოგიური მშობელი იულია სუსლიაკი.

თავის მხრივ, აფხაზეთში მყოფმა იულია სუსლიაკის მეუღლემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთში ოჯახზე ადრე ჩავიდა, რათა სახლი და სამსახური ეპოვა, რადგან ოჯახი აფხაზეთში საცხოვრებლად დარჩენას აპირებს.

იგი ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ “დიდი და მეგობრული ოჯახი” აქვს.


ასევე წაიკითხეთ