რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი თურქეთისთვის, ვინ არიან მთავარი ფიგურები და როგორია პროგნოზები" />

სტამბოლში ქალაქის მერის განმეორებითი არჩევნებისთვის ემზადებიან. ქალაქში დაძაბულობაა

რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი თურქეთისთვის, ვინ არიან მთავარი ფიგურები და როგორია პროგნოზები

სტამბოლში, განმეორებით მუნიციპალურ არჩევნებამდე, რამდენიმე დღე დარჩა – ის 23 ივნისაა დაგეგმილი. მზადება ოპონენტების ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

დაძაბულობა, პირველ რიგში, უკავშირდება იმას, რომ წინა, 31 მარტის არჩევნების შედეგები, რომელშიც ოპოზიციის კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, მისი პროსახელისუფლებო კონკურენტის პროტესტის შემდეგ გაუქმდა.

იმამოღლუმ მაშინ ამ გადაწყვეტილებას „ღალატი“ უწოდა და განაცხადა, რომ „დემოკრატიას თურქეთში ძლიერი დარტყმა მიაყენეს“.

თურქეთი, პრეზიდენტის რევანში: სტამბოლის ოპოზიციონერი მერი გადაყენებულია

ექრემ იმამოღლი ცოლთან, დილექთან ერთად. სტამბოლი, 16 ივინისი, 2019. REUTERS/Murad Sezer

წინა არჩევნების შემდეგ, ხმების დათვლისა და შედეგების გამოცხადების პროცესი ორ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. საბოლოოდ, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი ექრემ იმამოღლუ და მმართველი, „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის კანდიდატი, ბინალი ილდირიმი ფინიშთან ახლოს მყოფი შედეგებით მივიდნენ: იმამოღლუ – 48,80 პროცენტი, ილდირიმი – 48,55 პროცენტი.

ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ სტამბოლის მერის პოსტი მმართველი პარტიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ადგილობრივი მედია იხსენებს, რომ თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველი დიდი წარმატება, სწორედ სტამბოლის მერის არჩევნებში 1994 წელს გამარჯვება იყო.

მას შემდეგ, 25 წლის განმავლობაში, სტამბოლის მერიას მხოლოდ მმართველი პარტიის ან მისი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

სტამბოლის მერის პოსტზე ოპოზიციონერი კანდიდატის გამოჩენა ნიშნავდა, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ მმართველი, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ 25-წლიანი ჰეგემონია დაასრულა.

თუმცა, იმამოღლუმ სტამბოლის ხელმძღვანელობა მხოლოდ 19 დღის განმავლობაში მოახერხა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მმართველი პარტიის აპელაცია გაითვალისწინა და განმეორებითი არჩევნები 23 ივნისს დანიშნა.

პრეტენდენტების მთავარი პრეტენზიები

ამ არჩევნებზე ისევ იგივე კანდიდატები არიან: მმართველი პარტიიდან – ბინალი ილდირიმი და ოპოზიციიდან – ექრემ იმამოღლუ.

იმამოღლუ, ძირითადად აკრიტიკებს მმართველი პარტიის გარღვევებს დედაქალაქის მმართველობაში.

თუმცა, მმართველმა პარტიამ სამიზნედ პირადად იმამოღლუ ამოიღო.

კერძოდ, პირდაპირ ეთერში გამართული დებატებისას ოპოზიციის კანდიდატმა სტამბოლის მერიის ბიუჯეტიდან 750 მილიონი ლირის დაკარგვაზე ისაუბრა, როდესაც ქალაქს მმართველი პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა.

მისმა ოპონენტმა თავიდან განაცხადა, რომ ეს სიცრუე იყო, მაგრამ, როდესაც მას სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის შესაბამისი ანგარიში წარუდგინეს – ილდირიმი დაიბნა და პასუხის გაცემა თავიდან აირიდა.

თავის მხრივ, მმართველმა პარტიამ ექრემ იმამოღლუსთან დაკავშირებული სკანდალური ისტორია გაიხსენა, როგორ არ უშვებდნენ მას აეროპორტის ვიპ-დარბაზში, ის კი ამის გაკეთებას მოითხოვდა და თითქოს, ამ დროს, იქ მყოფ ორდუს პროვინციის ხელმძღვანელს მიაყენა შეურაცხყოფა.

„ასეთი ადამიანი არ არის ღირსი, იყოს სტამბოლის მერი“, – განაცხადა ბინალი ილდირიმმა და იმამოღლუს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

ამავდროულად, მმართველი პარტია სტამბოლელების ყურადღებას ამახვილებს იმ მიღწევებზე, რომელიც მათ ქალაქის მმართველობის 25 წლის განმავლობაში ჰქონდათ. მაგალითად, ახლა ქალაქში ბევრად მეტი „მწვანე ზონაა“: 1994 წელს იყო 10 მილიონი კვ.მ. – 2018 წელს უკვე 60 მილიონი კვ.მ-ა.

ასევე, იმავე 1994 წელთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა და სტამბოლის მეტროს ხაზების სიგრძე.

ბინალი ილდირიმი ცოლთა და ქალიშვილთან ერთად. სტამბოლი, 16 ივნისი, 2019. REUTERS/Murad Sezer

საზოგადოების მოსაზრება

სოციალურ ქსელებსა და მედიაში დიდი ვნებათაღლევაა იმის თაობაზე, თუ რომელ კანდიდატს აქვს გამარჯვების მეტი შანსი.

დიდი ხმაური გამოიწვია ცნობილი მწერლისა და ჟურნალისტის, უღურ დიუნდარის მიერ ოპოზიციური კანდიდატისთვის გამოცხადებულმა ღია მხარდაჭერამ, რომელმაც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: „იმამოღლუ „დიდ შეხვედრაზე“ (სატელევიზიო დებატებზე) ლიდერად მივიდა – და ბოლომდე ლიდერად დარჩა“.

მას არ ეთანხმება კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალისტი – ისმაილ საიმაზი, რომელმაც საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა:

„ჩემი აზრით, იმამოღლუმ დებატები პატარა ნაბიჯით წინ დაასრულა. თუ მკითხავთ, ვინ გაიმარჯვა, გიპასუხებთ – მთელმა ქვეყანამ“.

მარტსა და აპრილში, მერის არჩევნების წინა რაუნდისას, სტამბოლის მცხოვრებლები საკმაოდ აქტიურად რეაგირებდნენ არჩევნებისშემდგომ ქაოსზე. მაგალითად, 13 აპრილს, „ბეშიქთაშისა“ და „ბაშაქშეჰირის“ საფეხბურთო მატჩზე, ფანები ერთხმად მოითხოვდნენ მუნიციპალიტეტის მერის მანდატის ოპოზიციონერი კანდიდატისთვის, ექრემ იმამოღლუსთვის გადაცემას.

სტამბოლში ახლაც ბევრი ამბობს, რომ ისინი გაბრაზებულები არიან განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით.

„ეკონომიკა დასრულდა – ადამიანები საკუთარ თავს ერთი კილოგრამი პომიდვრის ყიდვის უფლებასაც ვერ აძლევენ. ისინი კი იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკაზე იფიქრონ, არჩევნებით არიან დაკავებული“, – ეს არის ქუჩის გამოკითხვის ტიპური პასუხი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ