ოპოზიცია ამ არჩევნებში ხედავს შანსს, რომ შეასუსტოს პრეზიდენტ ერდოღანის ერთპიროვნული მმართველობა " />

„სტამბოლის დაპყრობა თურქეთის დაპყრობას ნიშნავს“ – სტამბოლის მერის ხელმეორე არჩევნები

ოპოზიცია ამ არჩევნებში ხედავს შანსს, რომ შეასუსტოს პრეზიდენტ ერდოღანის ერთპიროვნული მმართველობა

სტამბოლის ცენტრი, განსაკუთრებით თაქსიმის მოედანი და ისთიქლალის გამზირი, ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამოცოცხლებულად გამოიყურება. ყველგან მუსიკაა. ხალხი ცეკვავს, მოძრაობენ პატარა ჯგუფებად, ამასთან, სკანდირებენ პარტიულ ლოზუნგებს, ხელში კი დროშები და პარტიების ლიდერების სურათები უჭირავთ.

დღეს 23 ივნისია, ქალაქი განმეორებით არჩევნებზე ახალ მერს ირჩევს.

მმართველი პარტიის კანდიდატის მომხრეები პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანისთვის მიძღვნილ სიმღერას მღერიან, ოპოზიციური კანდიდატის მომხრეები კი მისი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად ლოზუნგს სკანდირებენ – „Herşey çok güzel olacak!“ (ყველაფერი ძალიან კარგად იქნება!“).

წინა არჩევნებზე, რომელიც 31 მარტს გაიმართა, მცირე უპირატესობით ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა. მან ხმათა 48, 80% დააგროვა, მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან, ბინალი ილდირიმმა კი 48,55%.

მაგრამ ახალმა მერმა პოსტზე მხოლოდ 19 დღე გაატარა – მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგები გაასაჩივრა და განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა.

 თურქეთი ინფლაციაში იძირება. რამდენად დაეხმარება ეს ოპოზიციას?

• თურქეთი ერდოღანსა და გიულენს შორის

 თურქეთმა თქვა „დიახ“?

2017 წლის აპრილში გამართულ რეფერენდუმზე, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს, რომელმაც პრეზიდენტის უფლებამოსილება კიდევ უფრო გააძლიერა და, პრაქტიკულად, ქვეყანა საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადაიყვანა. რეფერენდუმი იმ პერიოდში გაიმართა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ოპოზიციამ მისი შედეგები გაასაჩივრა. 2018 წლის ივნისში, ერდოღანი ისევ აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად. მან ხმათა 52,6 პროცენტი მიიღო. მაშინვე, მისმა პარტიამ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში – ხმათა 42%-ით.

განმეორებითი არჩევნები – „პოლიტიკური გადაწყვეტილება“?

უბრალო მოქალაქეთა შორის ბევრი ადამიანია ისეთი, რომელიც უკმაყოფილოა განმეორებითი არჩევნების ჩატარებით. ზოგიერთი, რომელთანაც ჩვენ მოგვიწია გასაუბრება სტამბოლის ქუჩებში, შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ხელისუფლების მხრიდან რესურსების ასეთ ხარჯვას შეცდომად მიიჩნევს.

ოპოზიციური პარტია, რომელმაც მერის პოსტი დაკარგა, ფიქრობს, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება „აბსოლუტურად პოლიტიკურია“.

„თურქეთში, ერთი ადამიანის (პრეზიდენტ ერდოღანის) მხრიდან ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა დგას. რეფერენდუმის შემდეგ, ჩვენი პარტია შეეცადა მოსახლეობისთვის სწორედ ეს აეხსნა“, – განუცხადა JAMnews-ს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დერია შენთურქმა.

„თუკი ერთ ადამიანს მისცემ ყველა უფლებამოსილებას – სასამართლოები არ იქნება თავისუფალი, გაჩნდება ერთხელისუფლებიანობა, ყველა გადაწყვეტილება მისი სურვილის მიხედვით მიიღება. თუკი ეს ადამიანი დარჩება უკმაყოფილო არჩევნების შედეგებით – წარმოიშობა ისეთი სიტუაცია, რომელშიც ახლა აღმოჩნდა თურქეთი.

მოსამართლეები ზეწოლის ქვეშ მიიღებენ განმეორებითი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილებას მანამ, სანამ არ დადგება ისეთი შედეგები, როგორიც ამ ერთ ადამიანს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, თურქეთში არჩევნებისა და უფლებებისადმი რწმენა შეირყა“.

თავის მხრივ, მმართველი პარტია წინა არჩევნების შედეგების გასაჩივრებას იძულებით ნაბიჯს უწოდებს.

„ჩვენ განმეორებითი არჩევნების მომხრეები არ ვართ. 31 მარტს ჩატარდა არჩევნები და მოხდა დარღვევები. „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ პროტესტის შემდეგ ჩვენ იძულებული ვიყავით, დარღვევების საფუძველზე, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც დააფიქსირა, წავსულიყავით 23 ივნისის განმეორებით არჩევნებზე“, – განუცხადა JAMnews-ს იბრაჰიმ ჰალილ ასლანმა, მმართველი, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ სტამბოლის განყოფილების საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

სტამბოლის დაპყრობა – თურქეთის დაპყრობას ნიშნავს

25 წლის განმავლობაში სტამბოლს მხოლოდ მმართველი პარტიისა და მისი მოკავშირე პარტიების წარმომადგენლები მართავდნენ.

1994 წელს თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტი სტამბოლის მერი გახდა და ეს პირველი სერიოზული წარმატება იყო მის პოლიტიკურ კარიერაში. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სტამბოლი სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი მმართველი პარტიისთვის.

მაგრამ ოპოზიცია ამას უმატებს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებს, მაგალითად, ფინანსების კონტროლს.

„სტამბოლი – თურქეთის გული, მთავარი ფინანსური ცენტრია და, შესაბამისად, ხელისუფლების კვების წყარო. სტამბოლის დაპყრობა, თურქეთის დაპყრობის ტოლფასია“, – ამბობს დერია შენთურქი.

მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ მას აქვს გაკეთებული ისეთი რაღაცები, რითაც შეუძლია იამაყოს. „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მმართველობის პერიოდში, სტამბოლში აშენდა მეტროს ახალი ხაზები, გამოჩნდა ახალი ავტობუსები.

წინა არჩევნებზე, მმართველმა პარტიამ სტამბოლში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მაგრამ ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ სტამბოლელები უკვე არც ისე კმაყოფილები არიან მათი მმართველობით. გამარჯვებისათვის, მმართველმა პარტიამაც და ოპოზიციამაც, კოალიციები შექმნეს.

„ჩვენ, კავშირი „ჯუმჰური“ „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიასთან“ ერთად შევქმენით. ოპონენტებმა – „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ „კარგ პარტიასა“ და „სახალხო დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად. ამ პარტიებს სტამბოლსა და მთლიანად თურქეთში საკმაოდ სერიოზული ელექტორატი ჰყავს. ცალ-ცალკე ეს პარტიები ყოველთვის მარცხდებოდნენ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან“ და მათ მოძებნეს გამოსავალი ერდოღანის წინააღმდეგ გაერთიანებაში“, – გვიხსნის იბრაჰიმ ჰალილ ასლანი.

JAMnews-მა სტამბოლის ქუჩებში ჩაატარა გამოკითხვა: „ვინ იქნება უკეთესი მერი და რატომ?“

ქურთული ფაქტორი

მხარდაჭერამ, რომელიც ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებზე ოპოზიციურმა, „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ აღმოუჩინა, რომელიც ქურთული უმცირესობის ინტერესებს ატარებს, მმართველ პარტიას მისცა საშუალება, რომ ოპონენტებისთვის „ტერორისტების მხარდამჭერები“ ეწოდებინა.

თუმცა, „სახალხო დემოკრატიული პარტია“ საპარლამენტო პარტიაა მას შემდეგ, რაც არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 10,5% მოაგროვა და თურქეთის პარლამენტში შევიდა. დღეს ამ პარტიას რამდენიმე დეპუტატი ჰყავს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე სელაჰედინ დემირთაში, რომელიც სასჯელს იხდის საპატიმროში, ქურთული ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერისთვის.

მას შემდეგ, რაც სტამბოლის მუნიციპალიტეტში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა, დემირთაშმა ციხიდან მიმართა თავის სტამბოლელ მხარდაჭერებს და მათ „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატის, ერქემ იმამოღლუს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„რას არ ლაპარაკობდნენ ჩვენზე, იმ ადამიანებზე, ვინც მათ არ მივეცით ხმა. ტერორისტებადაც მოგვიხსენიეს. ჩვენ კი – თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, მუსლიმები ვართ, უფრო ჭეშმარიტი მუსლიმები, ვიდრე თავად ისინი“, – უთხრა JAMnews სტამბოლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც მხარს იმამოღლუს უჭერს.

მიუხედავად სერიოზული ორმხრივი ურთიერთბრალდებებისა, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ გამოთქვა მზაობა, რომ მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მართოს თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქი სხვა პარტიებთან, მათ შორის, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასთან“ ერთად.

„ჩვენ გვინდა, რომ თავი დავაღწიოთ მართვის სისტემას, რომელშიც ყველა როლი მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფი ერთი პარტიის წევრებს ეძლევა. ჩვენთვის ძირითადი ფაქტორი, ადამიანური ფაქტორია. რელიგია, კონფესია, ეთნიკური წარმომავლობა და პოლიტიკური შეხედულება ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის. ჩვენ ყველასთან მუშაობის სურვილი გვაქვს, ვინც თავისი საქმის სპეციალისტია“, – ამბობს დერია შენთურქი.

JAMnews-ის კითხვაზე, „ითანამშრომლებს თუ არა „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში სხვა პარტიებთან“, იბრაჰიმ ჰალილ ასლანმა მკვეთრად გვიპასუხა:

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვართმევთ ხელს პარტიებს, რომლებიც გაერთიანდნენ იმ ხალხთან, რომელთაც ხელებზე შაჰიდების სისხლი აქვთ“.

შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია

ახლა ყველაზე რთულია, დღევანდელ არჩევნებზე, ამა თუ იმ პარტიის გამარჯვების პროგნოზირება. მრავალი ექსპერტის აზრით, 31 მარტის შემდეგ პრაქტიკულად არანაირი ცვლილება არ მომხდარა ამომრჩეველთა განწყობებისა და მხარეთა პოზიციების მხრივ.

MedyascopeTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანიის, KONDA-ს მთავარმა დირექტორმა, ბექირ აღირდირმა განაცხადა, რომ გასული არჩევნებიდან დღემდე არანაირი გარღვევა არ მომხდარა დაპირისპირებულ მხარეთა მომხრეების რაოდენობაში:

„გასული პერიოდის განმავლობაში, არც ბინალი ბეის და არც ექრემ ბეის მხარდამჭერებს არ შეუცვლიათ საკუთარი შეხედულებები და არ მიუღიათ გადაწყვეტილება, რომ ხმა მოწინააღმდეგე პარტიის კანდიდატს მისცენ. ვფიქრობ, ადამიანებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, ვის მისცემენ ხმას. ამა თუ იმ მხარის გამარჯვება ისევ პროცენტებში მიზერულ სხვაობაზე იქნება დამოკიდებული“.

და მართლაც, სტამბოლის მცხოვრებლებში კანდიდატების პოპულარობა თანაბრად გამოიყურება. სტამბოლის ქუჩებში, ჩვენ მიერ ჩატარებული ბლიცგამოკითხვის რესპონდენტთა ხმებიც კი კანდიდატების მიმართ პრაქტიკულად თანაბრად გაიყო.

მმართველი პარტიის მხარდამჭერები წარმატებულ პროექტებს უკავშირებენ მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

თუმცა, ეკონონიკა ბოლო წლების განმავლობაში კრიზისშია – ლირის კურსი ვარდნას აგრძელებს, ინფლაციამ, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის იანვრამდე პერიოდში 20%-ზე მეტი შეადგინა. ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ამომრჩეველს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება თავის შეცდომებს გააცნობიერებს.

დაახლოებით ასე ხსნის საკუთარ პოზიციას 34 წლის ესმა, რომელიც მომსახურების სექტორში მუშაობს:

„ერდოღანი მიყვარს, მაგრამ ხმას მის კანდიდატს არ მივცემ. იმიტომ რომ, ყველა მისი „წარმატებული საქმის“ შემდეგ, ჩვენი ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა. ამბობენ, რომ ხელფასები გაიზარდა. მართალია, მაგრამ ფასები კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ჩვენი ხელფასები. ხელისუფლება ფასების მატების შეჩერებას ვერ ახერხებს.

როგორც ჩანს, ადამიანი საკუთარი ცხვირის წვერსაც ვეღარ ხედავს, თუკი ძალიან დიდი ხანი ზის თანამდებობაზე. ჩემთვის იმამოღლუ არის იმედი. მე არ ველი „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კარგ ტრანსფორმაციას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ სტამბოლში დამარცხდება, ერდოღანი საკუთარ შეცდომებს მიხვდება და მათი გამოსწორების საშუალება ექნება“, – ამბობს ესმა.


ასევე წაიკითხეთ