გადავა თუ არა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი" />

სპექტაკლი თუ ბუნტი მმართველი გუნდის შიგნით? პროპორციული სისტემის განხილვა პარლამენტში

გადავა თუ არა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს პარლამენტმა კვლავ გადადო კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საქმე ეხება უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში 2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და გაუქმდება წლების განმავლობაში მოქმედი ერთმანდატიანი ოლქების სისტემა, რომელიც  ხელისუფლებას ოპოზიციასთან შედარებით მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ივნისში, თბილისის ცენტრში მიმდინარე ხალხმრავალი აქციების დროს. მაშინ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობა თავად არაფორმალურმა ლიდერმა და მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  საჯაროდ დადო.

 საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები

• ქართული ოცნება თანახმაა,  საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

თუმცა, დღეს ივანიშვილის ამ დაპირების შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშაა.

საპარლამენტო პროცესის პარალელურად, პარლამენტის შენობის გარეთ მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით “არ გაბედო”. აქციის მონაწილეები დეპუტატებს მოუწოდებენ “არ გაბედონ” კანონპროექტის ჩაგდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ მასშტაბური ქუჩის აქციებით იმუქრებიან. 

________________________

საქართველოს პარლამენტში უცნაური ამბები ხდება: ორი თვის წინ “ქართულმა ოცნებამ” თავად დაარეგისტრირა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხებოდა. დოკუმენტს უმრავლესობის 93-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა.

თუმცა დღეს, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და პარლამენტმა ცვლილებას კენჭი უნდა უყაროს, ამ დეპუტატების ნაწილი (დაახლოებით ოცდაათამდე დეპუტატი) ამბობს, რომ მათ მიერვე ინიცირებული ეს ცვლილება საფრთხის  შემცველია ქვეყნისთვის და ისინი მას მხარს არ დაუჭერენ.

ცვლილების მიღებას კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.

13 ნოემბერს პარლამენტის ხმაურიანი სხდომის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატებმა, რომლებიც მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებას, სხდომის გადადება მოითხოვეს, რათა კიდევ ერთხელ დაარწმუნონ საკუთარი თანაგუნდელები, რომ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

კენჭისყრა, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. მანამდე “ქართული ოცნება” კვლავ აპირებს საკუთარ ოფისში შეკრებას და გუნდის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გავლას.

პოლიტიკურ სივრცეში და მის მიღმაც ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ “ქართული ოცნების” რამდენიმე საკმაოდ პასიურმა დეპუტატმა (რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესთან დაახლოებული რამდენიმე ადამიანიცაა) გაბედა და საკუთარ ლიდერს აუჯანყდა, თანაც ისეთ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილება.

ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი ამ პროცესს “სპექტაკლს” უწოდებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ასრულებენ ის დეპუტატები, რომლებიც “ვითომდა საკუთარ გუნდს და ივანიშვილს აუჯანყდნენ”.

მათი აზრით, ვინაიდან ქუჩის პროტესტი მიწყნარდა და ზაფხულის შემდეგ ქვეყანაში ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ივანიშვილმა გადაწყვიტა არ გარისკოს და უკან წაიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შანსს და საფრთხის ქვეშ აყენებს 2020 წელს მისი პარტიის გამარჯვებას.

პოლიტიკური დამკვირვებლების აზრით, მმართველ გუნდში სერიოზული კრიზისია.

“კომიკური სიტუაციაა. როგორ შეიძლება ადამიანმა პარლამენტს ინიციატივით მიმართოს და შემდეგ ორ თვეში საკუთარი ინიციატივა დაიწუნოს და აკრიტიკოს. მათ უმრავლესობას სიტყვა არ დასცდენია არასოდეს ივანიშვილის წინააღმდეგ, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ რაღაც უნიჭო სპექტაკლთან გვაქვს საქმე. ამავე დროს, ისიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ თავს მომავალ საპარლამენტო სიაში და ამ გზით ვაჭრობენ. თუმცა, ივანიშვილს მათი გადაგდებაც შეუძლია, რადგან ის გადაგდების სპეციალისტია. ის ახლაც ცდილობს საზოგადოების გადაგდებას, მაგრამ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება,” – ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის განცხადება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ “იყო გაკეთებული სიტუაციის განმუხტვის მიზნით” და ახლა იგი ცდილობს თავისი სიტყვები უკან წაიღოს.

“ზოგიერთი დეპუტატი, რომელიც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ხმის ამომღები არ მინახავს, არა თუ ივანიშვილის წინააღმდეგ წამსვლელი,” – ამბობს უსუფაშვილი.

რას ნიშნავს  პროპორციული სისტემა

ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს: 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 მაჟორიტარს კი – მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.

სამოქალაქო სექტორი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობიდან მოყოლებული ითხოვდნენ ამ სისტემის გაუქმებას, რადგან მათი აზრით, ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტად არის განვითარებული და არჩევნების დროს ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, ეს სისტემა კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს ვერ ქმნის, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და პარლამენტში პოლიტიკური ძალების უსამართლო განაწილებას უწყობს ხელს.

შესაბამისად, როგორც წესი, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებს ყოველთვის სახელისუფლებო კანდიდატი იგებს.  საბოლოო ჯამში კი,  პარლამენტში  პოლიტიკური ძალების უსამართლო გადანაწილება ხდება.

მაგალითად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2016 წელს, მმართველ პარტიას -“ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა ნახევარზე ცოტამ, 48 პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა მაჟორიტარი ოლქების ხარჯზე ამ პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და 150 ადგილიან პარლამენტში 115 დეპუტატი შეიყვანა.

ვიდრე ოპოზიციაში იყო, მაჟორიტარული წესის გაუქმებას ითხოვდა თავად “ქართული ოცნებაც”, თუმცა როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ამ სისტემის სათავისოდ გამოყენება დაიწყო.

“ქართული ოცნება” მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხოლოდ 2024 წლისთვის დათანხმდა და არა შემდეგი არჩევნებისთვის, რომლებიც 2020 წელს უნდა გაიმართოს.

პროპორციული სისტემა და “გავრილოვის ღამე”

თუმცა, ყველაფერი შეიცვალა 2019 წლის ივნისში, როდესაც თბილისის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გაპროტესტების ლოზუნგით. მიზეზი რუსი დეპუტატის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტი და საქართველოს პარლამენტში გამოსვლა იყო, რაც მოსახლეობის ნაწილმა შეურაცხყოფად აღიქვა.

ივნისის პროტესტების დროს მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა სწორედ მომავალი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იყო.

ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” ლიდერმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა.

“ქართული ოცნება” ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში” – აღნიშნა ივანიშვილმა 24 ივნისს, აქციების დაწყებიდან ორ დღეში.

პოლიტიკოსების ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ამ დათმობას საზოგადოების გამარჯვებას უწოდებდნენ.

აქციის მაშინდელი მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი პროპორციული სისტემის შესახებ კენჭისყრას ჩააგდებს, თბილისს ახალი საპროტესტო ტალღა გადაუვლის.

„მთელი ეს დღეები იდგმებოდა ცირკი. ეს არის რუსული სცენარი. ჩვენ გვართმევენ არჩევანის თავისუფლებას. თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს“, – თქვა შოთა დიღმელაშვილმა, ივნისის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. 


ასევე წაიკითხეთ