სომეხი ექსპერტი: „პირიქით, შესაძლოა, ამ ურთიერთობებს ახალი იმპულსიც კი შეემატოს“" />

სომხურ-ქართული ურთიერთობები საქართველოს ახალი პრემიერის დროს არ გაუარესდება

სომეხი ექსპერტი: „პირიქით, შესაძლოა, ამ ურთიერთობებს ახალი იმპულსიც კი შეემატოს“

მამუკა ბახტაძის პრემიერის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ სომეხმა კოლეგამ ნიკოლ ფაშინიანმა მას მისალოცი წერილი გაუგზავნა და სომხეთში მიიწვია.

 „დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ გაგრძელდება და გამყარდება“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერის წერილში.  

ამით ფაშინიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობა. სომხეთის საგარეო პოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით თითქმის ყველა თავის გამოსვლაში ის საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აშკარაა, ფაშინიანს სურს, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინოს. შემთხვევით არ მომხდარა, რომ არჩევის შემდეგ თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი მან საქართველოში განახორციელა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გაცნობის შემდეგ ფაშინიანმა თქვა, რომ მათ შორის კარგი ურთერთობა დამყარდა და ისინი ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გამყარების შესახებ შეთანხმდნენ.

ამჟამად სომხეთის საექსპერტო წრეებში მსჯელობენ, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები საქართველოს ახალი პრემიერის პირობებში.

საქართველოს საკითხების ექსპერტი ჯონი მელიკიანი დარწმუნებულია – ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება.  

„შეიცვალა პრემიერი, მაგრამ მმართველი პარტია არ შეცვლილა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებში არავითარი ნეგატიური ცვლილება არ იქნება. პირიქით, ახალმა პრემიერმა ამ ურთიერთობებს შეიძლება ახალი იმპულსიც კი შეჰმატოს.

ექსპერტი ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და სომხეთის განვითრების  განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ვექტორი ამ ორი ქვეყნის ურთერთობაზე გავლენას არ მოახდენს.

ამავდროულად ჯონი მელიქიანი მიიჩნევს, რომ საქართველოზე თურქეთისა და აზერბაიჯანის გავლენის კლება შეინიშნება.

 „ბოლო წლებში ერთი მხრივ საქართველოსა, და მეორე მხრივ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდებოდა. მაგრამ, პრაქტიკულად, უკვე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია. მაგალითად, ბაქო-თბილისი- ყარსი. და მოცემულ მომენტში გაუგებარია, კიდევ სად შეიძლება აზერბაიჯანის სახელმწიფომ და აზერბაიჯანულმა კომპანიებმა ფული ჩადონ“.

საქართველო სომხეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. ქვეყნებს შორის საქონელბრუნვა 500 მილიონ დოლარს აღწევს. საქართველო სომხეთისთვის საკვანძო სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს. სომხეთის ექსპორტის თითქმის 70% ამ ქვეყნის გავლით გადის.


ასევე წაიკითხეთ