„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელფასების დავალიანების გადახდას ითხოვს." />

საპროტესტო აქციის გამო, სომხეთში სახელმწიფოთაშორისი გზა ორი დღე გადაკეტილი იყო

„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა ხელფასების დავალიანების გადახდას ითხოვს.

თითქმის ორი ათეული საგზაო-სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა, რომლებიც „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მაგისტრალის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, აშტარაკ-ტალინის გზის მონაკვეთი გადაკეტეს. 2018 წლის ზაფხულის შემდეგ დაახლოებით 800 ადამიანს ხელფასი არ მიუღია. მთავრობაში ამბობენ, რომ სიტუაციაში კონტრაქტორი კომპანიაა დამნაშავე, ისინი კი, თავის მხრივ, ბრალს მთავრობას სდებენ.

რა ხდება

გზის მშენებლები მას უკვე მეორედ კეტავენ, და დავალიანების გადახდას მოითხოვენ. ტრასა პირველად 2018 წლის დეკემბერში გადაიკეტა.

საინვესტიციო პროგრამის „ჩრდილოეთი სამხრეთი“ ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელია ესპანური კომპანია „Corsan Corviam Construccion“. სახელფასო დავალიანების თანხა – 2 მილიარდ დრამზე (4 მილიონი დოლარი) მეტია.

 „უკვე 10 თვეა, ბურთივით აქეთ-იქით გვისვრიან. კომპანიაში ამბობენ, რომ მთავრობას მათი ვალი აქვს, მთავრობაში კი გვეუბნებიან, რომ უკვე გადახდილი აქვთ. ჩვენთვის გასული წლის აგვისტოდან ნოემბრამდე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება არ გადაუხდიათ“ , – თქვა აქციის მონაწილე გურგენ ოგანესიანმა.

მშენებლებმა საპროტესტო აქციის ორგანიზება იმისთვის მოახდინეს, რომ პასუხისმგებელი პირებისთვის სიტუაციაზე რეაგირება ეიძულებინათ – მთავრობა იქნებოდა ეს თუ სამშენებლო კომპანია.

სომხეთის მთავრობის პოზიცია

სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ იმ კერძო კომპანიის მიმართ, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, ყველა ფინანსური ვალდებულება შესრულებული აქვს, და ხელფასების დაკავებასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

 „ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ საკითხებში დავეხმაროთ, მაგრამ კორსან კორვიამის ნაცვლად ვერ გადავუხდით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა.

მეპროტესტეებს ჯერჯერობით 31 მაისს მთავრობაში მიღებას დაჰპირდნენ. მათ გზა გახსნეს, მაგრამ იმ პირობით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქცია გაგრძელდება. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ მთლიანი თანხა სჭირდებათ, რადგან ლოდინით დაიღალნენ.

რას წარმოადგენს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ტრასა

ავტომაგისტრალი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ – დამოუკიდებელი სომხეთის ყველაზე მსხვილი სატრანსპორტო პროექტია. ამ გზამ ქვეყნის ჩრდილოეთი სამხრეთს უნდა დაუკავშიროს. ჩრდილოეთიდან ის სომხეთს საქართველოსთან დააკავშირებს და მისი გავლით შავი ზღვისკენ და ევროპის ქვეყნებისკენ გასასვლელს უზრუნველყოფს. სამხრეთიდან ეს ავტოსტრადა ქვეყანას ირანთან აკავშირებს. ამ პროექტის წყალობით, სომხეთი, შესაძლოა, სატრანზიტო ქვეყანა გახდეს.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წელს დაიწყო, თუმცა აქამდე ექსპლუატაციაში  ხუთიდან მხოლოდ ერთი მონაკვეთია ჩაბარებული. ხელისუფლებას მოუწევს, რომ მშენებლობის დასასრულებლად დაფინანსება მოიპოვოს, და ეს ალბათ საერთაშორისო კრედიტორების ფული იქნება.

სომხეთის ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი გზის მშენებლობის გაგრძელებას აპირებენ. თუმცა, 2018 წლის დეკემბრიდან მშენებლობა შეჩერდა.

ექსპერტების აზრით, ეს ძალიან ხარჯიანი პროექტია. ისინი ფულის სხვა სტრატეგიულ – უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტებში ჩადებას ვარაუდობენ. ყველაზე მოკრძალებული გამოთვლებითაც კი, 4900 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალი მთლიანობაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება.


ასევე წაიკითხეთ