„ნარკოტიკის ერთხელ მაინც მომხმარებელთა რიცხვმა 30 ათასს მიაღწია“, - განაცხადა მთავარმა ნარკოლოგმა" />

სომხეთში ოფიციალურად დარეგისტრირებული ნარკომომხმარებლების რიცხვი გაიზარდა

„ნარკოტიკის ერთხელ მაინც მომხმარებელთა რიცხვმა 30 ათასს მიაღწია“, - განაცხადა მთავარმა ნარკოლოგმა

სომხეთში ნარკომომხმარებლების რიცხვმა მოიმატა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ნარკოლოგმა, ნარკოლოგიური დისპანსერის გენერალურმა დირექტორმა პეტროს სემარჯიანმა შემდეგი მონაცემები წარმოადგინა:

  • 2016 წელს სომხეთში ოფიციალურად 6010 მომხმარებელი იყო დარეგისტრირებული;
  • 2017 წელს – 6544.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური ციფრებია, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, სომხეთში იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც ნარკოტიკი ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული, 30 ათასს აღწევს. ეს ადამიანები ასევე ნარკოდამოკიდებულებად მიიჩნევიან“, – თქვა პეტროს სემარჯიანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა მაჩვენებელი მატულობს და ამგვარი სიტუაცია არამხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ მსოფლიოში შეინიშნება.

სომხეთში ნარკოდამოკიდებულთა უმრავლესობა მარიხუანას (კანაფს) მოიხმარს.

2017 წელს დარეგისტრირებულია:

  • მარიხუანას მომხმარებელი 4064 ადამიანი;
  • ოპიუმის მომხმარებელი 2476 ადამიანი;
  • კოკაინის მომხმარებელი სამი ადამიანი.

ნარკოდამოკიდებულთა მესამედი 19-დან 27 წლამდეა, ერთეულები არიან 16-17 წლის ასაკში.

ამავდროულად სომხეთში ნარკომანია, ძირითადად, მამაკაცებს შორის არის გავრცელებული. ნარკოდამოკიდებული ქალების რიცხვმა 2016 წელს 95 ადამიანი შეადგინა, 2017 წელს – 105.

 


ასევე წაიკითხეთ