პარტიებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და პარლამენტის კედლებშიც გაგრძელდება" />

სომხეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ერთმანეთს ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდნენ

პარტიებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და პარლამენტის კედლებშიც გაგრძელდება

პარტია „აყვავებული სომხეთი“ და „განათლებული სომხეთი“, რომლებიც 9 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებით პარლამენტში მოხვდნენ, ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით დაუპირისპირდნენ. პოლიტიკურ ძალებს შორის ნამდვილი სიტყვიერი ომი დაიწყო.

რით დაიწყო ეს ყველაფერი

ყველაფერი არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა ლიდერებს შორის წინასაარჩევნო დებატებით დაიწყო. ამ დებატების დროს პარტია „განათლებული სომხეთის“ მეთაურმა ედმონ მარუკიანმა პარტია „აყვავებული სომხეთის“ მეთაურ გაგიკ ცარუკიანს შეკითხვით მიმართა, თუ რატომ მონაწილეობს ის არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ამავდროულად მსხვილი ბიზნესმენიცაა. ეს შეკითხვა აშკარად არ მოეწონა ცარუკიანს, რომელიც სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

 „პოლიტიკაში დანარჩენებივით თანამდებობის მისაღებად არ მოვსულვარ. ყველამ იცის, რით დავიწყე, და რას მივაღწიე. მე ყველაფერი მაქვს, და ყველაფერს თავად მივაღწიე. სხვადასხვა ქვეყნიდან ინვესტორებს ვიზიდავ. მინდა, სარგებლობა მოვიტანო“, – უპასუხა მაშინ ოლიგარქმა.

საპასუხოდ ედმონ მარუკიანმა მაინც მოუწოდა გაგიკ ცარუკიანს, რომ აქტიური პოლიტიკიდან წასულიყო და ბიზნესით დაკავებულიყო. პარტია „განათლებული სომხეთის“ ლიდერმა ასევე მიანიშნა, რომ ცარუკიანსა და მის პოლიტიკურ ძალას ბევრი წლის განმავლობაში ყალბი ოპოზიციის როლი ჰქონდათ.

სომხეთის პარლამენტში უმრავლესობა ფაშინიანის ბლოკს ექნება

სომხეთში ახალი ხელისუფლებაა – არსებობს თუ არა აზერბაიჯანთან მშვიდობის დამყარების პერსპექტივა?

გადასახადების გადამხდელებს სომხეთის ახალი პარლამენტის რჩენა უფრო ძვირი დაუჯდებათ

გაგრძელება არჩევნების შემდეგ

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, გარდა სომხეთის რევოლუციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკისა „ჩემი ნაბიჯი“, პარლამენტში ასევე მოხვდნენ პარტიები – „აყვავებული სომხეთი“, და „განათლებული სომხეთი.“

ეს სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაუსწრებელი  ბრალდებების მიზეზად იქცა. წინა მოწვევის ეროვნული საკრებულოს ფრაქცია „ცარუკიანის“ მდივანმა ვაგე ენფიაჯიანმა ედმონ მარუკიანის მისამართით ბრალდებები წამოაყენა. მან განაცხადა, რომ 2012 წელს მარუკიანი საპარლამენტო არჩევნების დროს საბუთებს აყალბებდა, რათა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ჰქონოდა.

ენფიაჯიანმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკაში ედმონ მარუკიანის ნათლიმამა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის სიძე – მიკაელ მინასიანია.

ედმონ მარუკიანმა და მისმა თანამოაზრეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მსხვილი ბიზნესმენები პოლიტიკით არ უნდა იყვნენ დაკავებულები. მარუკიანი ასევე მიიჩნევს, რომ ახალ პოლიტიკურ რეალიებში ძველი რეჟიმის პარტიების ადგილი არ არის.

„აყვავებული სომხეთის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი პარტიის წინააღმდეგ მასშტაბური შევიწროება მიმდინარეობს და ამის მიზეზი დებატების დროს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება გახდა:

 „ერთი შეკითხვის დასმის უფლება ყველას ჰქონდა. და მე ჩემი შეკითხვა გაგიკ ცარუკიანს დავუსვი. იმიტომ, რომ ძველი სისტემა დაინგრა. რევოლუცია სწორედ იმ სისტემის წინააღმდეგ მოხდა, რომლის წარმომადგენელიც არის ცარუკიანი“.

მარუკიანმა არჩევნების შემდეგ ბიზნესმენი ცარუკიანი ისევ დაადანაშაულა იმაში, რომ ის თითქოს ყალბი ოპოზიციის როლს ასრულებდა:

 „თქვენ ყველა ოპოზიციური ძალის დეზორიენტირება მოახდინეთ, მაგრამ ჩვენსას ვერაფერს მოუხერხებთ. ეს სხვა სამყაროა. მე დავსვი კლასიკური შეკითხვა, რომელიც თქვენ ვერაფრით მოინელეთ. ამის სანაცვლოდ, პირადი ხასიათის შეურაცხყოფები გაისმის“.


ასევე წაიკითხეთ