სხვა ქვეყნებიდან ჩასული ომბუდსმენები კომპლიმენტებად იღვრებიან, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებელთა ნაწილი თავის უფლებებს დაუცველად მიიჩნევს" />

დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები სომხეთში? 15 წელი ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსებიდან

სხვა ქვეყნებიდან ჩასული ომბუდსმენები კომპლიმენტებად იღვრებიან, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებელთა ნაწილი თავის უფლებებს დაუცველად მიიჩნევს

ომბუდსმენი, რუსეთი, ტატიანა მოსკალკოვა, არმან ტატოიანი, ადამიანის უფლებები

სომხეთი ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტის დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ერევანში ტარდება ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც 30 ქვეყნის ომბუდსმენი მონაწილეობს.

თავად ადამიანის უფლებების დამცველმა არმან ტატოიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ომბუდსმენის ინსტიტუტმა „ახალი თამასა დააწესა.“

სხვა ქვეყნებიდან ჩასული კოლეგების მხრიდან სომხეთის ომბუდსმენის ოფისის გამოცდილებას მაღალი შეფასება მიეცა. მაგრამ ზოგიერთ ადგილობრივ მცხოვრებელს ის აბსოლუტურ უაზრობად მიაჩნია.

დაწვრილებით – ვინ გამოვიდა და როგორ შეაფასეს ომბუდსმენის ინსტიტუტის მუშაობა, ასევე – რას ფიქრობენ ამის შესახებ რიგითი მოქალაქეები.

როგორ შექმნა სომხეთში დანაშაულებრივმა ჯგუფმა უცხოელების მიერ ბავშვების შვილად აყვანის უკანონო სქემა

სომხეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ელემენტარული ჰიგიენური პირობები არ არის

კოლეგების შეფასება: რუსეთი სომხეთის გამოცდილებით ისარგებლებს

რუსეთის ადამიანის უფლებების დამცველმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა:

„რუსეთის ფედერაცია ადამიანის უფლებების საკითხში სომხეთის გამოცდილებით აღიჭურვება… დღეს ვხედავთ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობს სომხეთის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო არენაზეც. 15 წლის განმავლობაში სიძნელეების გადალახვის დიდი გზაა განვლილი, მთავარი კი ისაა, რომ ის იმ ადამიანების ბედს უკავშირდება, ვისთვის დახმარების გაწევაც მოხერხდა“.

მოსკალკოვას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სომხეთში ომბუდსმენის საკონსტიტუციო-სამართლებრივი სტატუსი ჩამოყალიბდა. ეს ომბუდსმენს საშუალებას აძლევს – არამხოლოდ ხელისუფლების ორგანოების, არამედ  ადამიანის უფლებებისა და მოქალაქეთა ინტერესების დამრღვევი  ნებისმიერი იურიდიული პირის უკანონო ქმედებებზე  მოახდინოს რეაგირება.

ხელისუფლება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ლაპარაკობს

თავის მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, დემოკრატია, როგორც 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ გაგრძელება, მაინც არსებობს.

ნიკოლ ფაშინიანის აზრით, სახელმწიფო, ხელისუფლება და  საზოგადოება დემოკრატიის ინსტიტუციურ გაძლიერებას საჭიროებს:

„დემოკრატიის მომავალი რომელიმე ერთი პარტიის, ადამიანის ან მთლიანობაში ხელისუფლების განწყობაზე, კაპრიზებსა და გემოვნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. სასამართლო სისტემის შექმნა სერიოზულ ამოცანად მიგვაჩნია. მთავრობას მტკიცე ნება გააჩნია, რომ დამოუკიდებელი, კონტროლისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა შექმნას“.

პრემიერმა გაიხსენა 15 წლის წინანდელი მოვლენები, როდესაც სომხეთში ომბუდსმენის ოფისი ის-ის იყო იხსნებოდა. მაშინ, მისი თქმით, ინსტიტუტის სარგებლიანობაზე პესიმისტური შეფასებები გაისმოდა. მეტიც, წინათ ომბუდსმენის ოფისსა და ხელისუფლებას შორის არცთუ საუკეთესო ურთიერთობა იყო. შედეგად, სამი ომბუდსმენი მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადადგა.

 „მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად ომბუდსმენის გრძელვადიანობისთვის ახალი ატმოსფერო შეიქმნა. რევოლუციამ ის გარემო შექმნა, რომელშიც ადამიანი უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს, და მისი უფლებების დაცვა ხელისუფლების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მთავრობისა და ომბუდსმენის თანამშრომლობის შედეგად სომხეთში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია  „ყოველდღიურად, ყოველთვიურად, და ყოველწლიურად“ გაუმჯობესდება.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Facebook-ის სომხურ სეგმენტში მომხმარებლები ადამიანის უფლებების ფორუმზე გამომსვლელთა სიტყვებს აქტიურად განიხილავენ.

ზოგიერთს ეჩვენება, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი – ეს სრულიად უსარგებლო ინსტიტუტია, სხვებს, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ის ადამიანის უფლებებს რეალურად იცავს.

აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

 „ახლა ადამიანის უფლებები ჩვენი პრემიერ-მინისტრის წყალობით არის დაცული, ასე რომ, ომბუდსმენს საქმე არ აქვს“;

 „ომბუდსმენის ოფისი თავით ფეხამდე უსარგებლო ინსტიტუტია. შეგიძლიათ გამომიძახოთ, და ყველაფერს დავამტკიცებ!“;

 „სასამართლო სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს, მხოლოდ ასე შეიძლება ადამიანის უფლებების დაცვა“;

 „დიახ, ადამიანის უფლებების პატივისცემა საჭიროა. მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი კულტურული ფასეულობების და ტრადიციების პატივისცემაა საჭირო. ამას კი ახლანდელი ხელისუფლება საერთოდ არ აქცევს ყურადღებას!“;

 „ადამიანის უფლებებზე თუ ვინმემ უნდა ილაპარაკოს, ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრია“;

 „თეატრი გრძელდება. დაუბრუნეთ ადამიანებს მათი ფული! მთელი სიცოცხლე იმუშავეს,ახლა კი მწირი, 30 -ათას დრამიანი პენსიით ცხოვრობენ და ბანკებიდან სესხებს იღებენ, რათა როგორღაც გამოიზამთრონ! გეყოფათ ლაპარაკი, დროა, მუშაობა დაიწყოთ!“;

 „რომელ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, გაუგებარია… ჩვენს უფლებებს როგორც არავინ იცავდა, ისე არც ახლა იცავენ!“.


ასევე წაიკითხეთ