პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ სტრუქტურების ხელმძღვანელთა ტელეფონების „მოსმენის“ ორგანიზატორები სამშობლოს მოღალატეები არიან " />

სომხეთში მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერმა სკანდალი გამოიწვია

პრემიერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ სტრუქტურების ხელმძღვანელთა ტელეფონების „მოსმენის“ ორგანიზატორები სამშობლოს მოღალატეები არიან

სომხეთში აქტიურად მსჯელობენ ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, არტურ ვანეციანისა და საგანგებო სამძებრო სამსახურის ხელმძღვანელის, სასუნ ხაჩატრიანის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის თაობაზე.

ჩანაწერში ვანეციანი და ხაჩატრიანი განიხილავენ „1 მარტის“ სისხლის სამართლის საქმეს, რომელშიც ფიგურირებენ სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიკაელ არუთიუნიანი, და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია რუსეთის ეგიდით მოქმედებს, მასში შედის – სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

2008 წლის 1 მარტის მოვლენები 2008 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ამ არჩევნების  შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში მღელვარება დაიწყო. იმ პოლიტიკური ბლოკის მომხრეები, რომელსაც სათავეში სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი ედგა, ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში სწორედ მან გაიმარჯვა, და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდნენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. მან საგანგებო მდგომარეობა დააწესა. 2008 წლის პირველ მარტს, დემონსტრაციის დარბევის დროს საბრძოლო იარაღი გამოიყენეს, დაიღუპა ათი ადამიანი – რვა სამოქალაქო პირი და პოლიციის ორი თანამშრომელი.

ჩანაწერში საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი ხაჩატრიანი იმის შესახებ ჰყვება, რომ რობერტ კოჩარიანისთვის ბრალის წაყენებას და სასამართლოსგან ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილების მიღებას აპირებს.

ის ასევე ამბობს, რომ იმავე საქმეზე ბრალდებულის სახით უნდა დაიკითხოს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორაგანიზაციის გენერალური მდივანი იური ხაჩატუროვი. პასუხად ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი მას მოუწოდებს, რომ ხაჩატუროვს არ შეეხოს, რადგან შესაძლოა, ეს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზად იქცეს.

 „ის ხომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის უფროსია, ხელს ნუ ვახლებთ, თავი მოგვეჭრება. ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელის მოწერაა მაინც“, – ამბობს ვანეციანი.

„არ დავიჭიროთ? აქ გვყავს. კარგი, მაშინ პრემიერს (ფაშინიანს) დაელაპარაკე, რადგან მე მას ვუთხარი, რომ სასჯელის ზომად პატიმრობა შეეფარდებოდა“, – პასუხობს საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი.

ეს ჩანაწერი Youtube-ზე გამოქვეყნდა მთელი ამ დიალოგის ინგლისური თარგმანით. სოციალური ქსელების სომხური სეგმენტის მომხმარებლებმა უკვე შენიშნეს, რომ ტიტრებში სომხური სახელები და გვარები რუსული არტიკულაციით წერია, მაშინ როდესაც ინგლისურ ენაში სომხურის შესაბამისი ბგერები და ასოები არსებობს.

აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიმართვით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ „მოსმენების“ ორგანიზატორები უნდა გამოვლინდნენ.

რამდენიმე საათის შემდეგ არტურ ვანეციანმა და სასუნ ხაჩატრიანმა პრეს-კონფერენცია მოიწვიეს. მათ დაადასტურეს, რომ ჩანაწერი ნამდვილია, და რომ იმ დროს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უცხოეთში იმყოფებოდა.

„ეს საუბარი ნამდვილად შედგა. ეს საგანგაშო ფაქტია, რომლის ირგვლივაც აუცილებლად გაიმართება დაწვრილებითი გამოძიება. დადგინდება ჩანაწერის წყარო, და ის პირიც, ვინც ეს გააკეთა. თუ არ ვცდები, ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და პროკურატურას გადაეცა“, – თქვა არტურ ვანეციანმა.

მან ასევე განმარტა, რომ საუბარი „1 მარტის“ გახმაურებულ საქმეს ეხებოდა, სასამართლოს წინაშე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები უნდა წარმდგარიყვნენ: სომხეთის მეორე პრეზიდენტი და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორაგანიზაციის გენერალური მდივანი. შესაბამისად, „აუცილებელი იყო დარწმუნება, რომ საქმეში 100%-ით არ არსებობდა არანაირი ნაკლოვანება“.

ვანეციანმაც და ხაჩატრიანმაც განაცხადეს, რომ მოცემული აუდიოჩანაწერის პუბლიკაცია ამ სტრუქტურების დასუსტებას და „1 მარტის“ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად.

შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა ისინი გადადგომას, ვანეციანმა და ხაჩატრიანმა უპასუხეს, რომ ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„მე ამ თანამდებობას არ ვეპოტინები. მე ის დიდ პასუხისმგებლობით დავიკავე, და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. მაგრამ, თუკი საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამგვარ მოთხოვნას წამიყენებს, მზად ვარ გადავდგე“, – თქვა ვანეციანმა.

საღამოს პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გააკეთა გამოქვეყნებული ჩანაწერის შესახებ კომენტარი. მან განაცხადა, რომ „მოსმენის“ ორგანიზატორები ქვეყნის მოღალატეები არიან:

 „სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მოსმენა სომხეთის სახელმწიფოებრიობის მიმართ შეთქმულებას წარმოადგენს. მე ეროვნული უშიშროების სამსახურსა და პოლიციას დავავალე, რომ ყველაზე მოკლე ვადაში იპოვონ შეთქმულების მონაწილეები და მათ ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობა დააკისრონ. მთელი ეს „საპეცსამსახურები“ და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები აღმოჩენილი და განადგურებული იქნება“.

ფაშინიანი, ისევე როგორც სპეცსამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც სკანდალის ცენტრში მოხვდნენ, მიიჩნევენ, რომ ეს ინციდენტი შეიძლება შეფასდეს როგორც კორუფციული მხილებების შეჩერების მცდელობა. ბოლო დროის განმავლობაში ის სტრუქტურები, რომლებსაც ვანეციანი და ხაჩატრიანი ხელმძღვანელობენ, კორუფციული საქმეების გახსნის შესახებ იუწყებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პოლიციისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსებს ოლიგარქებისა და მაღალი თანამდებობის პირთა დაცვის წევრების წინააღმდეგ რეიდების ჩატარების განკარგულება მისცა.

 „ეგრეთ წოდებული დაცვის წევრები ასფალტზე დააწვინონ და ყველა განაიარაღონ. ორ საათში ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსმა არტურ ვანეციანმა და პოლიციის უფროსმა ვალერი ოსიპიანმა ჩატარებული სამუშაოსა და მიღწეული შედეგების შესახებ უნდა მომახსენონ.

მართლმსაჯულებას ვერავინ გაექცევა, მე მათგან მთელ სომხეთში წესრიგის დამყარებას მოვითხოვ. თუკი დავინახავ, რომ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაშინ მე ვიცი, როგორც მოვიქცე. ისევ კამუფლიაჟს ჩავიცვამ, და მთელ სომხეთში წესრიგს დავამყარებთ: ქუჩიდან ქუჩაზე, სახლიდან სახლამდე“.


ასევე წაიკითხეთ