სომხეთში ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის წინადადებას განიხილავენ

ბლოკი „ელკის“ წარმომადგენლები. ფოტო: Aniarc.am სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის პროცესი უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ...

ბლოკი „ელკის“ წარმომადგენლები. ფოტო: Aniarc.am

სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის პროცესი უნდა დაიწყოს. ამის შესახებ განაცხადა ოპოზიციური ბლოკის „ელკის“(თარგმანში „გამოსავალი“) ერთ-ერთმა ლიდერმა ედმონ მანუკიანმა.

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი 2015 წელს გახდა. ორგანიზაციის სხვა წევრები არიან – რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

 

მისმა განცხადებამ აქტიურ შიდაპოლიტიკურ განხილვებს დაუდო სათავე, რადგან ეროვნულ საკრებულოში წარმოდგენილ არცერთ პოლიტიკურ ძალას მანამდე ეს საკითხი არ წამოუწევია. ზოგიერთი დეპუტატი სომხეთის ევროპული მომავლის მხარდამჭერად გამოვიდა, და ხმა სომხეთის  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში  შესვლის წინააღმდეგ მისცა. თუმცა პირველად ხდება, რომ საკითხი ხელისუფლების მიმართ საპარლამენტო ფრაქციამ დააყენა.

ზოგიერთმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ამასთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი მოითხოვა: არის თუ არა ედმონ მანუკიანის განცხადება  ბლოკი „ელკის“ ერთიანი პოზიცია, თუ ეს დეპუტატის პირადი აზრია?

ფრაქცია „ელკის“ დეპუტატმა მანე თანდილიანმა დაადასტურა: ბლოკი არამხოლოდ ევაზიის ეკონომიკური კავშირიდან ქვეყნის გამოსვლის პროცესის დაწყების წინადადებით გამოდის, არამედ ამ პოზიციას თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც აცხადებდა. მასში ნათქვამია, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლა პოლიტიკური შეცდომა იყო და აუცილებელია დაიწყოს  ასოცირებისა ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ ევროკავშირთან შეთანხმება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრაზიული კავშირის შემადგენლობაში სომხეთის სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება – ხოლო მისი კოლეგის ედმონ მანუკიანის მოწოდება სომხეთის მოქმედი ხელისუფლების მისამართითაა: „გონს მოვიდნენ და სომხეთის ინტერესების დასაცავად  ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყონ“.

თანდილიანმა მიუთითა რამდენიმე მიზეზზე, რომელთა გამოც, სომხეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რიგები უნდა დატოვოს:

  • ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა სომხეთის ეკონომიკას სარგებელი არ მოუტანა;
  • რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია, აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას არ წყვეტს;
  • ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლამ სომხეთის, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის, აღქმა გაანადგურა.

ამასთან დაკავშირებით სომხეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები  ახლახან რუსეთის მიერ სომხეთისთვის  გაკეთებულ შეთავაზებას იხსენებენ – რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც უაღრესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია როგორც საზოგადოებაში,  ისე პოლიტიკურ წრეებში. ეს წინადადება იმ საბაბით გაკეთდა, რომ მისი შესრულების შემთხვევაში, სომეხი მოქალაქეები რუსეთში სომხეთში გაცემული მართვის უფლებებით ისარგებლებდნენ. დაწვრილებით ამის შესახებ  JAMnews გუშინ წერდა:

რუსეთი სომხეთს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ისევ სთავაზობს

ფრაქცია „ელკის“ დეპუტატი დაჟინებით მოითხოვს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირიდან გასვლას: „სომხეთს უკვე აქვს არგუმენტირებული საფუძველი მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად. ეკონომიკური პროგნოზები რეალობად არ იქცა, ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა, ისევე როგორც ტრანსფერტები. რუსეთში სომხეთის მოქალაქეების უფლებები ისევ ირღვევა…“

ამასთან დაკავშირებით  მმართველი რესპუბლიკური პარტიის აზრი  ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა  გაახმოვანა. მისი თქმით, სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაცია არამხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, არამედ ის დაფუძნებული იყო კონკრეტულ ეკონომიკურ გათვლებზე.

„როდესაც ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის გადაწყვეტილებას ვიღებდით, ზუსტი გამოთვლები ჩავატარეთ. ჩვენ 170-მილიონიან ბაზარს შევუერთდით. ეს ძალიან კარგი კლუბია ინვესტორების მოსაზიდად, რადგან ერთია,  როდესაც ინვესტორს 3- მილიონიან ბაზარს სთავზობ, ხოლო  170-მილიონიანი  სულ სხვაა“, – განაცხადა შარმაზანოვმა.

ეროვნული საკრებულოს ვიცე-სპიკერმა  აღიარა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გარკვეული პრობლემები არსებობს, მაგრამ პრობლემები ევროკავშირსა და ნატოშიც არის. შარმაზანოვმა აღნიშნა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას მხარი არამხოლოდ რესპუბლიურმა პარტიამ  დაუჭირა,  წინა ეროვნულმა საკრებულომ ამ კავშირში შესვლის გადაწყვეტილება 103 ხმით მიიღო, მხოლოდ 7 -ის წინააღმდეგ.

„ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ საკითხთაგანი იყო, რომელსაც არამხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობამ მისცა ხმა, არამედ ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც. მათ, ვინც ქვეყანას  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირიდან გასვლისკენ მოუწოდებენ, თუ უკითხავთ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობისთვის, რა ზიანი შეიძლება  მიადგეთ მათ?“ – განაცხადა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა.

სომხეთის ახლანდელ პარლამენტში ოთხი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი: ერთ-ერთი მათგანია მმართველი რესპუბლიკური პარტია, მეორე – სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“ – რესპუბლიკური პარტიის კოალიციური პარტნიორი.   ამ პარტიამ ასევე სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის სასარგებლოდ მისცა ხმა. რიცხბრივად მეორე ძალა – ბლოკმა „ცარუკიანმა“, რომელიც წინა პარლამენტში   პარტია „აყვავებული სომხეთის“ სახით იყო წარმოდგენილი, ასევე მხარი დაუჭირა  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის გაწევრიანებას. სტრუქტურის წევრობის წინააღმდეგ ფაქტობრივად  მხოლოდ ოპოზიციური ფრაქცია „ელკი“- ახალ პარლამენტში წარმოდგენილი მეოთხე პოლიტიკური ძალა გამოდის.


ასევე წაიკითხეთ