რუსეთის ელჩი სომხეთში: "ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს რუსეთს სომხეთის უსაფრთხოების საკითხში"" />

სომხეთმა და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

რუსეთის ელჩი სომხეთში: "ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს რუსეთს სომხეთის უსაფრთხოების საკითხში"

19.20

ბრიუსელში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტის დროს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, სომხეთი ვალდებულებას იღებს, რომ ქვეყანაში რეფორმების გატარებას გააგრძელებს, ხოლო ევროკავშირი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

სომხეთის პრეზიდენტის აზრით, შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობის ბოლოდროინდელ  მნიშვნელოვან განვითარებას ასახავს და მისი მომავალი გაღრმავების ვექტორებს ადგენს. სერჟ სარგსიანს მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ბოლო 25 წლის განმავლობაში სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

„ ეს შეთანხმება არა უბრალოდ იურიდიული დოკუმენტია, არამედ ადამიანის უფლებებსა  და საბაზო თავისუფლებებზე დაფუძნებული იმ ფასულობათა სისტემის ასახვაც არის, რომელსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ. ამ შეთანხმებას საფუძვლად უდევს დემოკრატიის გამყარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების გამყარება, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარება, ეფექტური მმართველობა“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

ბოლო დროის განმავლობაში ერევანსა და მოსკოვში აქტიურად განიხილავენ რუსეთის იმ კრიტიკულ პოზიციას, რომელიც რუსეთს სომხეთის ამ გადაწყვეტილების მიმართ  აქვს.

სომხეთში რუსეთის ელჩმა ივან ვოლინკინმა შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მან განაცხადა, რომ სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა, და უფლება აქვს, ნებისმიერ ისეთ შეთანხმებასა და გაერთიანებაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრის ვალდებულებებს არ ეწინააღმდეგება.

თუმცა, ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ „სომხეთისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ევროკავშირი რუსეთს ვერ შეცვლის“.

ხელმოწერილი დოკუმენტი ძალაში მაშინ შევა, როდესაც სომხეთისა და ევროკავშირის ყველა წევრი-ქვეყნის პარლამენტი მის რატიფიცირებას მოახდენს. თუმცა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კარენ ნაზარიანის განცხადებით, დოკუმენტის ზოგიერთი მუხლი ხელმოწერისთანავე,  ყველა ქვეყნის პარლამენტების მიერ მათ რატიფიცირებამდე შევა ძალაში.

13.40

სომხეთში ყურადღებით ადევნებენ თვალს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტს, რომლის დროსაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის გაფართოებული და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების დადება იგეგმება.

სომხეთის პრეზიდენტი სრჟ სარგსიანი უკვე ჩავიდა ბრიუსელში და ღონისძიების დაწყებამდე ევროპის საბჭოს მეთაურ დონალდ ტუსკთან და ევროპის კომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად ფოტო გადაიღო.

სამიტის დაწყებამდე სერჟ სარგსიანმა რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:

 „ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს, ჩვენ მას ხელს არ მოვწერდით“.

შეკითხვაზე, თუ რას მოიგებს ამ დოკუმენტის ხელმოწერით რიგითი მოქალაქე, სომხეთის პრეზიდენტმა ასეთ პასუხი გასცა:

“ალბათ, ზეგ ვერაფერს იგრძნობენ, მაგრამ დროთა განმავლობაში იგრძნობენ, რადგან ევროკავშირის ხელშეწყობით  რეფორმების სწრაფად გატარებას შევძლებთ. ჩვენ ველოსიპედის გამოგონების არც საშუალება გვაქვს და არც სურვილი. არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტებები, რომლებითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ“.

ამ დოკუმენტის მომზადება და მასზე მუშაობა ორ წელიწადს მიმდინარეობდა. შეთანხმების პარაფირება 2017 წლის მარტში მოხდა. თუმცა, შეთანხმების ტექსტის გამოქვეყნებამდეც და შემდეგაც, სომხეთის საექსპერტო წრეებში გაისმოდა ეჭვები, მოაწერდნენ თუ არა მას ხელს – ამის მიზეზი 2013 წლის სექტემბრის მოვლენები იყო.

ამ დღეს პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გზით წავიდოდა. შედეგად, ევროკავშირთან ასოცირებისა და გაფართოებული და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის  შესახებ ხელშეკრულებას, რომლის ირგვლივ მოლაპარაკებები სამ წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხელი არ მოეწერა და 2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია.

ექსპერტების აზრით, ოთხი წლის წინათ მოვლენები ამგვარად სწორედ  რუსეთის ზეწოლით განვითარდა და არ არის გამორიცხული, რომ ისტორია განმეორდეს, რადგან მოსკოვი სომხეთის საგარეო პოლიტიკის მრავალვექტორულობას ვერ შეეგუება.

თუმცა, ოფიციალური ერევანი, კერძოდ კი თავად პრეზიდენტი სარგსიანი, ირწმუნება, რომ ათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში სომხეთზე ზეწოლა არ ყოფილა:

 „რუსეთის ხელმძღვანელობისგან, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ პუტინისგან, ნახევარსიტყვიანი კრიტიკაც კი არ მომისმენია ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის თაობაზე“.

რაც შეეხება საკუთრივ შეთანხმებას, ადგილობრივი და ევროპელი ექსპერტებიც ამბობენ, რომ ახლანდელი დოკუმენტი ასოციაციის შესახებ შეთანხმებას ჩამოუვარდება, თუმცა ის სომხეთში სათავეს დაუდებს სერიოზული რეფორმების გატარებას – თუკი ქვეყნის ხელისუფლება მათი განხორციელების პოლიტიკურ ნებას გამოავლენს.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს შეთანხმება ასოციაციის შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილიდან ამონარიდებს იმეორებს, თუმცა ფართო და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნას არ ითვალისწინებს, რაც სომხეთს ევროკავშირის ქვეყნებში საქონლის თავისუფლად გატანისა და შემოტანის საშუალებას მისცემდა.


ასევე წაიკითხეთ