ექსპერტებმა განგაშის ზარები შემოკრეს: კანონპროექტი არაერთმნიშვნელოვანი და საკამათოა" />

ახალი კანონპროექტით სომხეთში უნივერსიტეტები თავისუფლებას დაკარგავენ

ექსპერტებმა განგაშის ზარები შემოკრეს: კანონპროექტი არაერთმნიშვნელოვანი და საკამათოა

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ახალი პროექტი, რომელიც სომხეთში განსახილველად გამოიტანეს, ყველა ექსპერტმა შეაფასა როგორც “არერთმნიშვნელოვანი და საკამათო”. თუმცა, მისი ავტორები თავიანთი სამუშაოთი კმაყოფილები არიან, განმარტავენ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიეს – მათ უმაღლესი სასწავლებლებისა და აკადემიების მართვის საერთო პრინციპები შეიმუშავეს.

კანონპროექტი წარმოდგენილია ვებგვერდ e-draft-ზე, რათა ყველა დაინტერესებულ პირს, სპეციალისტსა და უბრალოდ, ქვეყნის დაინტერესებულ რიგით მოქალაქეს შეეძლოს, რომ გაეცნოს დოკუმენტს. კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს ერონულ საკრებულოშიც, სადაც მის წინასწარ განხილვას ოთხი საათი მოანდომეს. ცხარე კამათის დროს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლევონ მკრტიჩიანმა რიტორიკული კითხვა დასვა: საერთოდ, სჭირდება თუ არა სომხეთს ამგვარი კანონი?

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კანონით უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება, მაგრამ პასუხი ბევრ კითხვას გაეცემა. კერძოდ, ის ლაპარაკობდა უმაღლესი განათლების ზედმიწევნით ჰუმანიტარიზაციის შესახებ.

 „ჩვენი პროფესიული განათლების 70%-ს ჰუმანიტარული სპეციალობები შეადგენს. ჩვენი უმაღლესი განათლების სპექტრში ზუსტი მეცნიერებები თითქმის არ არის წარმოდგენილი. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შენარჩუნების პრობლემა გვიდგას. ამისთვის კი სკოლები უნდა შეიცვალოს. ამ კანონმა, რასაკვირველია, ამ საკითხების გადაჭრას ხელი უნდა შეუწყოს“, – თქვა მან.

განიხილებოდა ასევე სფეროს გაახალგაზრდავების საკითხიც.

 „თუ რომელიმე ქვეყანაში 35-55 წლის ასაკის ადამიანების მეცნიერების სფეროში ჩართულობა 6%-ს შეადგენს, ხოლო 60 წელზე  უფროსი ასაკის ადამიანების – 30%-ს, მაშინ ეს პრობლემაა. ადამიანი, რომელსაც 40 წელი უსრულდება, ხვდება, რომ მას შანსი არ აქვს, რომ  კათედრას ან ლაბორატორიას უხელმძღვანელოს, და ეს ახალგაზრდა ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებს სხვა სფეროებსა და სხვა ქვეყნებს ახმარენ. მსოფლიოში ბევრი ისეთი ქვეყანაა, სადაც მეცნიერება საერთოდ არ არსებობს და ისინი მომსახურების სფეროების ხარჯზე ცხოვრობენ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი სამეცნიერო პოტენციალი არ გამოვიყენოთ“, – მიაჩნია მინისტრს.

ოპოზიციური ფრაქცია „ცარუკიანის“ დეპუტატი სერგეი ბაგრატიანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლისაა კათედრის ხელმძღვანელი ან პედაგოგი, თუკი ის თავის საქმეს პროფესიონალურად ასრულებს:

 „იმის თქმა, რომ 70 წლის ადამიანს მუშაობა არ შეუძლია, და მასზე შეზღუდვების დაწესება – ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პროექტში გამორჩენილია სერიოზული საკითხები: ის არ წყვეტს სფეროს სამ ძირითად პრობლემას: 

  • უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიას;
  • აკადემიურ თავისუფლებას;
  • უმაღლესი სასწავლებლების რეალურ აპოლიტიზაციას.

მათი აზრით, ეს კანონპროექტი კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს უმაღლესი სასწავლებლების მოქმედების თავისუფლებას, რადგან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების უფლება ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.

მინისტრი მკრტიჩიანი ამბობს, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების საბჭო უნდა დამტკიცდეს მათი დამფუძნებლის მიერ, რომელსაც, ამ შემთხვევაში, პრემიერი წარმოადგენს, მაგრამ ოპოზიცია და ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რომ ამგვარად უმაღლესი სასწავლებლები დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებენ.

 „პოლიტიკური უმრავლესობის მიზანი ნათელია, მაგრამ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება განათლების მინისტრის მიერ დასახულ ამოცანას: უმაღლესი სასწავლებლების მართვის აპოლიტიზაციასა და მათი ავტონომიის გაზრდას. თვითმმართველობა თავისუფალი ვერ იქნება, თუკი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცდება“, – განაცხადა ოპოზიციური ბლოკი „ელკის“ წარმომადგენელმა ანაიტ ბახშიანმა.

კანონპროექტი გადახედვას ექვემდებარება. თუ კონკრეტულად რა მიმართულებით შეიტანს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასში შესწორებებს, ცნობილი არ არის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ