წყალსატევის ტემპერატურული რეჟიმის შეცვლა წყლის დონის შემცირებამ გამოიწვია" />

სომხეთი: სევანის ტბა ყინულით იფარება, მის ირგვლივ მობინადარე ფრინველები საფრთხეში არიან

წყალსატევის ტემპერატურული რეჟიმის შეცვლა წყლის დონის შემცირებამ გამოიწვია

წლევანდელი ცივი ზამთარი სევანის ტბაზეც აისახა – ტბამ გაყინვა დაიწყო. თავიდან ამ მოვლენამ თავის სილამაზით  მედიის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ხანგრძლივმა და მასშტაბურმა ყინვიანობამ იმის გარკვევის აუცილებლობაც გააჩინა, თუ რა შედეგები  და  საფრთხეებია მოსალოდნელი.

სევანის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების ინსპექტორი არტაკ სარგსიანი ირწმუნება, რომ სევანის ტბის გაყინვა აქ მობინადრე ფრინველებისთვის საფრთხედ იქცა. იმ სახეობებს, რომლებიც გამოსაზამთრებლად აქ რჩებიან ხოლმე, მაინც მოუწიათ უფრო თბილ ქვეყნებში გადაფრენილიყვნენ, ხოლო რომლებმაც გადაფრენა ვერ მოასწრეს, დაიღუპნენ.

ტბის გაყინვა  საკვების მოპოვების პროცესს ართულებს, რის გამოც, ჩიტები მის ტერიტორიას ტოვებენ, ან შიმშილით იხოცებიან. ამან, შესაძლოა, სახეობათა მრავალფეროვნების თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, რადგან ჩიტებმა შეიძლება სამუდამოდ დატოვონ სომხეთის ტერიტორია.

სომხური ორგანიზაცია „სივილვოისის“  ექსპერტმა, ეკოლოგმა სილვა ადამიანმა Tert.am-ს განუცხადა, რომ ამ მომენტში პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს: ტექნიკის გამოყენება ღრმულების შესაქმნელად, იმისთვის, რომ ჩიტებმა საკვების მოპოვება შეძლონ, ანდა  ეკოლოგებმა და ზოოლოგებმა თავად დაიწყონ მათი გამოკვება.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან იტყობინებიან, რომ სევანის ტბაში წყლის დონის შემცირების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ტბის ტემპერატურული რეჟიმი. სითბოს მარაგი შემცირდა, რამაც ტბის გაყინვა გამოიწვია. 1948 წლის შემდეგ ტბა შვიდ წელიწადშიერთხელ იფარებოდა ყინულის საფარით. 2017 წელს დიდი სევანი 3 თებერვლიდან მთლიანად დაიფარა ყინულით, მცირე სევანი კი ნაწილობრივ გაიყინა (80-90%). ყინულის შრის სისქე 10-15 სმ-ია.

უწყების შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ტბის გაყინვა წყალსატევზე დადებით გავლენასაც ახდენს და უარყოფითსაც, დადებითი ის არის, რომ მოცემულ შემთხვევაში, თითქმის წყდება აორთქლება, რომელიც თებერვლის დასაწყისში დღეში საშუალოდ 1,1 მილიონ კუბამეტრს შეადგენს. ხოლო უარყოფითი მხარეა ის, რომ ყინულოვანი საფარის გამო, წყალში ჟანგბადის შემცველობა კლებულობს.

სურათები Panarmenian

ასევე წაიკითხეთ