ავიაკომპანიებმა საქართველოს ერევნის აეროპორტის ტრანზიტად გამოყენება უკვე შესთავაზეს" />

სომხეთი საქართველოს დაეხმარება, რომ რუსი ტურისტები არ დაკარგოს

ავიაკომპანიებმა საქართველოს ერევნის აეროპორტის ტრანზიტად გამოყენება უკვე შესთავაზეს

სომხეთი საქართველოს დაეხმარება, რომ რუსი ტურისტები არ დაკარგოს. ერევნის აეროპორტი საქართველოში დასვენების მსურველთათვის, შესაძლოა, ტრანზიტად იქცეს.

საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეთა ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა

მშვიდობიანი მიტინგები თბილისის პარლამენტის წინ. ფოტორეპორტაჟი

რაში გამოიხატება დახმარება?

ერთდროულად სამმა ავიაკომპანიამ: „არმენიამ“, „ტარონ ავიამ“ და „ატლანტის იუროპიანმა“ რუსეთ- საქართველოს კრიზისის მოსაგვარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავიაციის საკითხებში სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აკოპ ჩაგარიანმა განაცხადა:

 „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი რეისების შეწყვეტის შესახებ ბრძანებულების გამოქვეყნებისთანავე სომხეთის ყველა ავიაკომპანიას მივმართე, რათა დამეზუსტებინა მათი მზადყოფნა, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში და საწინააღმდეგო მიმართულებით, მათ შორის არსებული დაძაბულობის გამო, მგზავრების გადაყვანაში ერთიანი სომხური ფრონტით მიეღოთ მონაწილეობა“.

საბოლოოდ, ხუთი თვითმფრინავის მეშვეობით, რომელთა რიცხვი, შესაძლოა, შვიდამდეც გაიზარდოს, სომხური მხარე მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, რათა მან რუსი ტურისტები არ დაკარგოს. ერევანი შეიძლება რუსეთის და საქართველოს მიმართულებით სატრანზიტო წერტილად იქცეს.

რატომ აუკრძალეს ავიაკომპანიებს თბილისში ფრენა

ყველაფერი 20 ივნისს დაიწყო, როდესაც საქართველოში პოლიტიკური სკანდალი მოხდა.

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის“ სხდომაზე, რომელიც თბილისში ტარდებოდა, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩნდა რუსი დეპუტატი, კომპარტიის წევრი, სერგეი გავრილოვი. მას ასამბლეის მუშაობის გახსნის შესაძლებლობა მიეცა.

ამან გამოიწვია  საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის უკმაყოფილება, რომელმაც ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა. თავიდან ასამბლეის სხდომა ჩაიშალა. საღამოსკენ კი თბილისის ცენტრში ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრში მომხდარის კომენტირებისას რუსეთს „მტერი და ოკუპანტი“ უწოდა.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში ავიაგადაზიდვების განხორციელება ეკრძალებათ, ტუროპერტორებს კი რეკომენდაცია მისცეს, რომ ამ მიმართულებით საგზურები არ გაეყიდათ.

რას სთავაზობენ რუსული და ქართული ავიახაზები

რუსეთიდან საქართველოში ფრენას რუსეთის ექვსი ავიაკომპანია ახორციელებს: „აეროფლოტი“, „პობედა“, „S7“, „ურალის ავიახაზები“, „Red Wings“, და „ნორდ ავია“. ყველა მათგანმა 8 ივლისის შემდეგ ბილეთების გაყიდვა შეწყვიტა.

მოცემულ მომენტში ავიაკომპანია „აეროფლოტი“ საკუთარ კლიენტებს, რომლებსაც თბილისის რეისზე აქვთ ბილეთები, დამატებით დანახარჯის გარეშე, დანიშნულების პუნქტის ერევნით, ვლადიკავკაზით ან ბაქოთი შეცვლას სთავაზობს.

რუსეთში ფრენის აკრძალვის გვერდის ავლის მიზნით, ქართულმა ავიაგადამყვანმა „Georgian Airways“-მა საკუთარ მგზავრებს ასევე ერევნის გავლით ტრანზიტი შესთავაზა.

 „იმ შემთხვევაში, თუკი აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია „Georgian Airways“ თავის მგზავრებს სატრანზიტო რეისს თბილისი-ერევანი-მოსკოვი შესთავაზებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში Facebook. ოფიციალურ გვერდზე.

ტრანზიტის დრო სომხეთის დედაქალაქის გავლით ზუსტად ერთ საათს შეადგენს. თუმცა, „Georgian Airways“-ს ჯერჯერობით არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ აისახება ეს ბილეთის ფასზე,

ექსპერტის მოსაზრება: რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ყირიმის კურორტების გავსება აქვს

სომეხი პოლიტოლოგისა და ექსპერტის გრანტ მიკაელიანის აზრით, ავიაკომპანიების ფასების პოლიტიკაზე სატრანზიტო რეისები განსაკუთრებულად არ აისახება:

 „ტურისტული ნაკადის კლება რუსი ტურისტების საერთო ნაკადის 2/3-ს შეადგენს. თუკი ერევნის გავლით რეისებს დანიშნავენ, მაშინ ალბათ – მესამედს. ეს არა კრიტიკული, თუმცა საგრძნობი კლება იქნება“.

მიკაელიანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარი ქმედების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ყირიმში ტურისტების არასაკმარისი რაოდენობაც იყოს. ანუ, სხვა სიტყვებით, რუსეთის ხელისუფლება  დასვენების საკუთარი ზონების შევსებას სხვა ქვეყნებში ტურისტების ნაკადის შემცირებით ცდილობს.

 „ყირიმის ინფრასტრუქტურაში სერიოზული ფული იდება, მაგრამ იმის გამო, რომ იქ დაბალანსებულობა არ არსებობს: მომსახურების ხარისხი არც ისე მაღალია, ფასები კი ძვირი – შედეგად, ტურისტების რაოდენობა იქ არასაკმარისია; ნაკლებია, ვიდრე მაშინ, როდესაც ყირიმი უკრაინის ნაწილი იყო. ამიტომ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება ყირიმში ტურისტების რაოდენობის გაზრდას ცდილობს“, – მიაჩნია მიქაელიანს.


ასევე წაიკითხეთ