ასეთი შედეგი მოსალოდნელია ორგანიზაცია Moody’S-ის მიერ რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ" />

სომხეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სესხებს დაბალი პროცენტით მიიღებს

ასეთი შედეგი მოსალოდნელია ორგანიზაცია Moody’S-ის მიერ რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ

სარეიტინგო სააგენტო Moody’S-მა სომხეთის ეგრეთ წოდებული „სუვერენული რეიტინგი“ „B1“ ქულიდან „Ba1“ ქულამდე აწია.

ორგანიზაციის ექსპერტები სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიცირებას დადებით შეფასებას აძლევენ და მშპ-ს  ზრდის სწრაფი ტემპის პროგნოზს აკეთებენ.

ზუსტად რა ფაქტორებმა იმოქმედა  Moody’S-ის გადაწყვეტილებაზე

ორგანიზაციის სპეციალისტების შეფასებით, სომხეთის რეიტინგის ამაღლებაზე მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა იმოქმედა, კერძოდ კი მშპ-ს ზრდის სწრაფმა ტემპმა და საერთო სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა სიტუაციამ. მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ ეს სტაბილურობა ქვეყანაში მომავლშიც შენარჩუნდება.

Moody’S-ს პოზიტიურად მიაჩნია, რომ სომხეთის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და არ არსებობს რომელიმე სფეროზე მკაცრი დამოკიდებულება:

„ზრდის ფაქტორების მზარდი დივერსიფიკაცია, რომელიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის სტაბილიზაციის მზარდ გამოცდილებას ერწყმის, სომხეთის ეკონომიკის მდგრადობას ამაღლებს.  სახელმწიფო ფინანსების გამყარების ზომების გაგრძელება [სამთავრობო პოლიტიკა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად- JAMnews]  ალბათ, ასევე თანდათან აღადგენს ფისკალურ სიმძლავრეს, რომელიც 2014-17 წლებში შესუსტდა“.

რას აძლევს ეს სომხეთს

Moody’S-ის მონაცემებისკენ მედიის ყურადღება თავად პრემიერ-მინისტრმა მიაპყრო. ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რეიტინგის გაუმჯობესება მის მთავრობას ახალ შესაძლებლობებს აძლევს:

 „ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც სომხეთის ეკონომიკისადმი საერთაშორისო ნდობას ზრდის და არსებითად აუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას“.

პრემიერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ასევე დაწერა:

 „განსაკუთრებულად აღინიშნება სომხეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მნიშვნელობა, რომელიც ძირითადად მაღალი ტექნოლოგიების სფეროში კვლევებითა და სიახლეების შემუშავებით არის დაკავებული, და  სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მყარ საფუძველს წარმოადგენს“.

ეროვნული საკრებულოს დეპუტატმა, მმართველი პარტიის „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა, არტაკ მანუკიანმა JAMnews-ს განუმარტა:

 „ Moody’S-ის რეიტინგი, პირველ რიგში, სესხების აღების პროცენტებზე მოახდენს გავლენას. იმ სესხებზე, რასაც ჩვენ ვიღებთ, და იმ ქაღალდებზე, რომლებსაც ვუშვებთ. პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორები თუ ვიქნებით, ფინანსური ნაკადების უფრო სარფიანი პირობებით მიღებას შევძლებთ. ეს კი, თავის მხრივ, კეთილსაიმედო საინვესტიციო კლიმატს შექმნის“.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი მმართველი ბაგრატ ასტარიანი ამ შეფასებას ეთანხმება:

 „როდესაც რეიტინგი მაღლდება, მთლიანად ქვეყნის მიმართ ნდობაც მატულობს. ეს კი პირდაპირ აისახება იმ პროცენეტებზე, რომლითაც ჩვენს ფასიან ქაღალდებს შეისყიდიან. ისინი ნაკლებად სარისკო აქტივებად იქცევა“.

ბაგრატ ასტარიანი სხვა პოზიტიურ ფაქტორსაც ვარაუდობს: რეიტინგის ამაღლებამ, შესაძლოა, ქვეყნის შიგნით სესხის პროცენტის კლებაც გამოიწვიოს.


ასევე წაიკითხეთ