შირაქის ოლქში ამ დროის განმავლობაში უფრო მეტი სახლი აშენდა, ვიდრე სტიქიისგან დაინგრა. JAMnews შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ მოხდა ასე " />

სომხეთი: გიუმრის დამანგრეველი მიწისძვრიდან 29 წელი გავიდა, მაგრამ იქ დღემდე დროებითი საცხოვრებლები დგას

შირაქის ოლქში ამ დროის განმავლობაში უფრო მეტი სახლი აშენდა, ვიდრე სტიქიისგან დაინგრა. JAMnews შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ მოხდა ასე

მრავალი წლის განმავლობაში 7 დეკემბერს გიუმრიში ამ ძეგლთან მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მიდიოდნენ სომხეთის მთავრობის წევრები და პრეზიდენტები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდნენ; და ყოველ ჯერზე ქალაქის საბოლოოდ აღდგენის ახალ-ახალ ვადებს ასახელებდნენ.  

ახლა ოფიციალურ პირებს 7 დეკემბერს გვირგვინები სხვა ძეგლთან მიაქვთ, თუმცა ხალხი ძველებურად ამ ადგილას გლოვობს სტიქიის მსხვერპლებს. ძეგლის ავტორია დამსახურებული მხატვარი და მოქანდაკე, გიუმრის მკვიდრი ზავენ კოშტოიანი. ის ამბობს, რომ ყოველ ჯერზე ინსტრუმენტებით ხელში ქვასთან მიახლოებისას, იმ დღეს დაღუპული ახლობლების გამო, ტკივილს თავიდან განიცდიდა – გიუმრის მაცხოვრებლებმაც დააფასეს და შეიგრძნეს მისი ნამუშევარი.

 დამანგრეველი მიწისძვრა 1988 წლის 7 დეკემბერს 11:41 მოხდა. ქალაქებში – სპიტაკში, ვანაძორში (კიროვაკანი), გიუმრისა (ლენინეკანი) და მიმდებარე სოფლებში შენობებმა 10-ბალიანი მიწიქვეშა რყევის სიმძლავრეს ვერ გაუძლო და დაინგრა. მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 25 ათასს მიაღწია, მათ შორის 15-17 ათასი გიუმრის ნანგრევებქვეშ იყო მოყოლილი, 4000 – სპიტაკის. მთლიანობაში 11 ქალაქი და 342 სოფელი დაზარალდა. უსახლკაროდ  დარჩა 514 000 ადამიანი.

მხოლოდ შირაქის ოლქში ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, მათ შორის 20 612 – მხოლოდ გიუმრიში. მიწისძვრის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ გიუმრის ორ წელიწადში აღდგენის პირობა დადო. ადამიანებს დროებითი საცხოვრებელი გამოუყვეს – ვიდრე უსახლკაროდ დარჩენილებისთვის ახალი უბნები გაშენდებოდა – საბჭოთა კავშირი დაინგრა, და დამოუკიდებელმა სომხეთმა ქალაქის აღდგენა საკუთარი ძალებით გააგრძელა.

„უბედურების ზონა“, „აღდგენის ზონა“, „განვითარების ზონა“ – მთავრობის ეს და სხვა პროგრამები ერთმანეთს ცვლიდა. თუმცა, აღდგენის პროცესი ჯანჯლდებოდა.

ადამიანები, რომლებიც დროებით საცხოვრებლებში შეასახლეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში იძულებულები იყვნენ ებრძოლათ და საკუთარი ძალებით აღედგინათ ორ წელიწადზე გათვლილი ამ პატარა სახლების ჩამოშლილი კედლები – ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება.

მიწიძვრის ზონაში მშენებლობა ჯერ სსრკ-ს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, შემდეგ პროექტები მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდებოდა – ჰანტსმანის, ლინსის ფონდის, წითელი ჯვრის, სხვადასხვა საქველმოქედო ორგანიზაციის პრგრამები. სავარაუდოდ, თანხებს სომხეთის ხელისუფლებაც რიცხავდა. შედეგად, შირაქის ოლქში საცხოვრებლის შესაძენი სერტიფიკატები გადასცეს 23 121 უსახლკარო ოჯახს, რომელთა შორის 21 184 გიუმრიდანაა.

 

ერთი კვირის წინ სერტიფიკატები გადაეცა კიდევ ორ ოჯახს, რომლებიც რიგში მდგომთა სიაში ბოლო ადგილას ირიცხებოდნენ – ახლა ხელისუფლებას უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების წინაშე საკუთარი მოვალეობა შესრულებულად მიაჩნია.

გამოდის, რომ აშენდა და დაზარალებულებს გადაეცა უფრო მეტი ბინა, ვიდრე შირაქის ოლქში სტიქიამ დაანგრია. თუმცა, გიუმრიში 2500 დროებითი სახლი ისევ რჩება – რაშია საქმე?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად JAMnews, პირველ რიგში, ამ დროებითი სახლების მკვიდრებს შეხვდა.

აროიანების ოჯახი სახლის ერთ ნაწილს ყოველწლიურად არემონტებს. ხან იატაკი ლპება, ხან ჭერიდან წყალი ჩამოდის, ხანაც ფანჯრებიდან უბერავს. ვლადიმირ აროიანი 9 წლის იყო, მიწისძვრა რომ მოხდა. მისმა სიყმაწვილემ დროებით საცხოვრებელში გაიარა, ახლა კი „საგვარეულო თავშესაფარში“ მისი შვილების ბავშვობა გადის. თუმცა, თუკი წინათ სახლის შეკეთებით მისი  მშობლები იყვნენ დაკავებულნი, ახლა ამ საქმიანობას ვლადიმირთან ერთად მისი ცოლი იზიარებს:

„მე გათხოვებამდე საკუთარ სახლში ვცხოვრობდი. როდესაც ვლადიმირი გავიცანი, ვკითხე, თუ სად ცხოვრობდა. მიპასუხა, – ორსართულიანი სახლის მეორე სართულზეო. მივედი და ორსართულიანი დროებითი თავშესაფარი დამხვდა“, – ღიმილით ჰყვება მარინე, ვლადიმირის ცოლი.

2012 წელს აროიანებს ბინა გამოუყვეს, მაგრამ ამასობაში ოჯახის წევრების რიცხვი გაიზარდა და ახალ ბინაში მხოლოდ ოჯახის ნაწილი გადავიდა. ახალგაზრდები საცხოვრებლად დროებით თავშესაფარში დარჩნენ; ასე მხოლოდ ისინი არ მოქცეულან. ბევრი დარჩა ამ „სახლუკებში“, როგორც აქ მათ უწოდებენ და საამისოდ თითოეულს საკუთარი მიზეზი აქვს.  

„ზოგმა ბინა გაყიდა, ზოგს კი საერთოდ არ მიუღია. არიან ისეთებიც, ვინც მიღებული ბინა გაყიდა და ვალები გადაიხადა, ან სტუდენტი შვილების სწავლის ფულად გამოიყენა, ანდა ჯანმრთელობის პრობლემა მოიგვარა“, – ამბობს ვლადიმირ აროიანი. თავად უკვე აღარ აქვს დროებითი საცხოვრებლიდან გადასვლის იმედი და იძულებულია სიძნელეებს  შეეგუოს.

შირაქის საოლქო ადმინისტრაციის ქალაქმშენებლობის სამმართველოს უფროსი ალბერტ მარგარიანი კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს:

„პრობლემა ისაა, რომ პირველ ხანებში ყურადღებას არ აქცევდნენ იმას, რომ ეს დროებითი საცხოვრებლები იშლებოდა. ამ სახლებში სხვადასხვა სასოფლო თემიდან ჩამოსული ხალხი დასახლდა. ჩემი აზრით, დროებით თავშესაფარში ცხოვრება და ამ პირობებთან შეგუება ადამიანებს გაჭირვების გამო უწევთ. უბრალოდ, მათ ან არ მიუღიათ კომპენსაცია, სათანადო ანაზღაურება – როგორც უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, ანდა საერთოდ არ არიან მიწისძვრით დაზარალებულები”.

თანაც, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბევრმა ერთი ბინის კი არა, რამდენიმეს მიღება მოახერხა. ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ, საკითხი სერიოზულად შეისწავლეს, თუმცა არავინ დაუსჯიათ.

შემდეგ სახელმწიფომ ახალი პირობა წამოაყენა: ვიდრე დროებითი სახლი არ დაინგრევა, მის მაცხოვრებლებს მათთვის გამოყოფილი ახალი საცხოვრებლის პრივატიზება არ შეეძლებათ. თუმცა, გიუმრის ვერც ამ პირობამ უშველა, რომ ამ დროებითი საცხოვრებლებისგან გათავისუფლებულიყო. ადგილობრივი ხელისუფლება ისევ არასაკმარისად თანმიმდევრული აღმოჩნდა.  

„დაახლოებით 1000-მა ოჯახმა მოახერხა მიღებული ბინების პრივატიზება მხოლოდ იმის გამო, რომ სახლები არ დაენგრიათ. იქ ხომ მათი დიდი ოჯახების ნაწილი ცხოვრობს. ამიტომაც, ამჟამად მთავრობა მუშაობს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ სახლებისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. იგეგმება ზოგიერთი ოჯახისთვის კომპენსაციის გამოყოფა, სხვებს კი დაქირავებული საცხოვრებლით უზრუნველყოფენ, რაღაც ნაწილს საერთოდ არაფერს მისცემენ, დროებითი საცხოვრებლები კი დაინგრევა“, – ამბობს ალბერტ მარგარიანი.

მიწისძვრის დღიდან 29 წელი გავიდა, მაგრამ ადგილობრივი ოფიციალური პირები დარწმუნებულნი არიან და ღიად აცხადებენ, რომ უახლოეს ხანში, გიუმრის, ამ დროებითი თავშესაფრებისგან გათავისუფლება არ უწერია. როგორც ამბობენ, ამას 10-15 წელიწადი დასჭირდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ