ახალგაზრდები ჯარში ორი წლის მაგივრად სამ წელს გაატარებენ, სანაცვლოდ კი, ფინანსური პრივილეგიები ექნებათ" />

სომხეთში ახალწვეულებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

ახალგაზრდები ჯარში ორი წლის მაგივრად სამ წელს გაატარებენ, სანაცვლოდ კი, ფინანსური პრივილეგიები ექნებათ

იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე სამსახურისთვის მზად არიან, სომხეთში ახალი პროგრამა, სახელწოდებით – „ეს მე ვარ“ ამოქმედდა.

ამ ახალი მოდელის ფარგლებში ახალგაზრდები ჯარში, ორი წლის ნაცვლად, სამ წელიწადს გაატარებენ – ამასთან შვიდ თვეს ისინი შინ გაატარებენ. ყოველ ჯერზე, შვებულებაში გასვლისას, ჯარისკაცი გარკვეულ საშვებულებო თანხას მიიღებს. ჯარში მსახურების დასრულებისას კი, მის ანგარიშზე თითქმის 5 მილიონი დრამი (დაახლოებით 10 ათასი დოლარი) დაირიცხება და ამ თანხით, პროგრამის ფარგლებში, ის შეძლებს:

  • იაფი საცხოვრებლის ყიდვას;
  • მცირე ფერმის შექმნას;
  • სწავლის ფულის გადახდას.

თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა განაცხადა, რომ პროგრამა უკვე ამოქმედდა და დამდეგი ზამთრის გაწვევისთვის რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ უკვე აირჩია ჯარში სამსახურის ახალი მოდელი.

„ბევრს ასეთი შეკითხვები აქვს – კონკრეტულად სად არის აღნიშნული ის თანხა, რომელიც უნდა მიიღონ, რა პირობების შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს ხელშეკრულება და ასე შემდეგ. როდესაც ისინი ამ დეტალებსაც დააზუსტებენ, დარწმუნებული ვარ, რომ (მსურველების) რიცხვი გაიზრდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამგვარ გაწვევას პირველად ვატარებთ. ვფიქრობ, რომ 100 სამხედრო მოსამსახურის მოზიდვა ამ პროგრამისთვის უკვე კარგი შედეგი იქნება. შემდეგი გაწვევისთვის კი უფრო ინტენსიურად მოვემზადებით და წვევამდელებთან სკოლებშიც ვიმუშავებთ“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა.

ეს მოდელი არჩევითია. ის ახალგაზრდები კი, ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობა არ სურს, სამხედრო სამსახურს ამჟამად მოქმედი წინა მოდელის მიხედვით გაივლიან.


ასევე წაიკითხეთ