მედიის წარმომადგენლები ამას რეგრესად მიიჩნევენ " />

სომხეთის ხელისუფლება მუშაობის გამჭვირვალობის პრინციპზე უარს ამბობს და დახურული სხდომების ჩატარების სასარგებლოდ გამოდის

მედიის წარმომადგენლები ამას რეგრესად მიიჩნევენ

სომხეთის ხელისუფლებამ დღეს „მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების ახლანდელი ღია ფორმატი დახურული სხდომებით შეიცვლება. და ეს ნიშნავს, რომ მედია მათ გაშუქებას ვერ შეძლებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავიდ არუთიუნიანმა დოკუმენტის წარდგენისას განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურმა კაბინეტის მუშაობის საჯაროობა უნდა უზრუნველყოს.

თუმცა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობის მუშაობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, თუკი მისი სხდომები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

მეტიც, პროექტის თანახმად, მთავრობის წევრები – მინისტრები, პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე, მათავრობაში განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას  ვერ შეძლებენ.

 „არ ვიცი, რისი დამალვა სურს მთავრობას საზოგადოებისა და პრესისგან. რა არის ცუდი იმაში, რომ ჟურნალისტები სხდომებში მონაწილეობენ და საზოგადოებას მიღებულ გადაწყვეტილებებს აცნობენ? თუ ვამბობთ, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, და ეს კონსტიტუციითაც გამყარებულია, მაშინ საზოგადოებას მთავრობის მუშაობა უნდა წარვუდგინოთ.

რას ნიშნავს, მინისტრებს აეკრძალოთ საკუთარი აზრის გამოხატვა? ეს ძალიან ცუდია. ეს სსრკ-ს დროს კომპარტიის მუშაობას ჰგავს, როდესაც პლურალიზმი არ არსებობდა, განსხვავებულად მოაზროვნეებს კი ქვეყნიდან ასახლებდნენ“, – მიაჩნია ეკონომისტ ვააგან ხაჩატრიანს.

კანონპროექტში მითითებულია, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, სხდომები ღია ფორმატშიც გაიმართოს. თუმცა, ამან მდგომარეობა ვერ გადაარჩინა, პროექტით უკმაყოფილება მედიის წარმომადგენლებმაც გამოხატეს.

გაზეთ „არავოტის“ ონლაინ ვერსიის რედაქტორმა ანა ისრაელიანმა განაცხადა, რომ ახლანდელი პრემიერ-მინისტრი საჯაროობის მომხრე არ არის, და საერთოდ, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ზედმეტი საჯაროობის მომხრე არავინაა, მინისტრები კი ჟურნალისტების შეკითხვებს გაურბიან, „მთავრობის სახლის შენობის უკანა კარიდან იპარებიან“.

პოლიტტექნოლოგმა არმენ ბადალიანმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობისადმი ახლებური მიდგომა პრემიერ-მინისტრის სწრაფად შეცვლას უკავშირდება. მან  გაიხსენა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ სომხეთი საპარლამენტო მართვის ფორმაზე გადადის, და ქვეყნის სათავეში პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი იქნება. ბადალიანი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სწორედ მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გახდება პრემიერ-მინისტრი, მას კი ჟურნალისტებთან საჯაროდ ურთიერთობა არ უყვარს.

 „როდესაც მთავრობის სხდომები სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით წარიმართება, ის დასამახსოვრებელ გამონათქვამებს იტყვის. მისი ნებისმიერი საჯარო, დაუგეგმავი ინტერვიუს ან კომენტარის შემთხვევაში ასე ხდება. ეს რომ არ დაუშვან, დახურული სხდომების გამართვა გადაწყდა“, – მიაჩნია არმენ ბადალიანს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცა. ეროვნული საკრებულოს მიერ მისი მიღების შემთხვევაში, ის ძალაში მაშინ შევა, როდესაც სომხეთი საბოლოოდ  საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადავა.


ასევე წაიკითხეთ