იმისთვის, რომ სიტუაცია რამენაირად მაინც შეცვალონ, ექსპერტები სევანის ტბის წყლის დონის აწევას და თანამედროვე გამწმენდი სადგურების აშენებას სთავაზობენ " />

სომხეთის ყველაზე დიდი მტკნარი ტბა ჭაობდება

იმისთვის, რომ სიტუაცია რამენაირად მაინც შეცვალონ, ექსპერტები სევანის ტბის წყლის დონის აწევას და თანამედროვე გამწმენდი სადგურების აშენებას სთავაზობენ

Photo: Arman Suleymanyan

სევანის ტბის, სომხეთის ყველაზე დიდი მტკნარწყლოვანი წყალსაცავის ზედაპირი წყალმცენარეებით იფარება. ამან, შესაძლოა, მისი დაჭაობება გამოიწვიოს. იმისთვის, რომ სიტუაცია რამენაირად შეიცვალოს, ექსპერტები ტბაში წყლის დონის ამაღლებას, თანამედროვე გამწმენდი სადგურებისა და ისეთი წყალსატევების აგებას სთავაზობენ, რომლებიც წყლის კარგვას შეამცირებს.

ფოტოსესია: სომხეთი ზემოდან

ველოსიპედებით სომხეთისა და საქართველოს გავლით

რა მოხდა

ყველაფერი ჯერ კიდევ ამ წლის ივნისის ბოლოს დაიწყო. მაშინ ეკოლოგებმა, სევანის ტბის ზედაპირზე წყალმცენარეების გაჩენის გამო, განგაში ატეხეს. მათი აზრით, ეს პროცესი შემდეგი ფაქტორების გავლენით დაიწყო:

• ტბიდან წყლის გადინება;

• ტურისტების დიდი რაოდენობა;

• სანაპირო დასასვენებელი ზონებიდან გამდინარე და კანალიზაციის წყლების ჩადინება;

• თევზის მეურნეობების მიერ იმ ხელოვნური საკვების გამოყენება, რომელიც აზოტსა და ფოსფორს შეიცავს;

• სევანის ფსკერზე ამ ნივთიერებათა დაგროვება.

ტბაში კანალიზაციის წყლების ჩადინება 4 ივლისს თავად სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმაც დაადასტურა. მაგრამ, ერიკ გრიგორიანის აზრით, მიუხედავად ამისა, სევანის წყალი „ამ მდგომარეობაშიც კი დასალევად ვარგისიანია“.

 „გლობალური დათბობა, ტემპერატურა, ცუდი კლიმატური პირობები ასევე წარმოადგენს იმ ფაქტორებს, რომლებიც ტბაზე გავლენას ახდენს. ბაიკალის ტბასა და შავ ზღვაში ასევე არის მოცისფრო-მწვანე წყალმცენარეები“, – თქვა მინისტრმა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა მინისტრს შეახსენეს შემთხვევა, რომელიც 2018 წელს ეროვნული პარკის „სევანის“ დირექტორს შეემთხვა.

2018 წლის ზაფხულში ისევ იმ ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების რაოდენობის მატებით ტბის ზედაპირი ისევ დაიფარა. და მაშინ ეკოლოგებმა  ტბაში ცურვისა და ტბის წყლის გამოყენებასთან დაკავშირებით ისევ განგაში ატეხეს. და მაშინვე, იმის დასამტკიცებლად, რომ სევანის წყალი უსაფრთხოა, პარკის დირექტორმა ვაგე გულანიანმა ტბიდან ჭიქით ამოღებული  წყალი საჯაროდ დალია. სომხეთის მედია წერდა, რომ ამის შემდეგ დირექტორი საავადმყოფოში მოხვდა. მაგრამ მინისტრმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა:

 „რამდენადაც ვიცი, მე იქ არ მოვხვედრილვარ“.

რაც შეეხება თავად წლის ზედაპირის წყალმცენარეებით დაფარვას, გრიგორიანმა, ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით,  აღნიშნა, რომ „ტბის მწვანე ფერი ათი დღის განმავლობაში გაქრება“.

მისი თქმით, ტბაში არსებული მთელი დაჭაობებული ადგილი ორმა პროფესიონალურმა ჯგუფმა შეისწავლა:

 „ეს არის დაახლოებით 770 ჰექტარი მიწა. წელს, ამ ტერიტორიების გასაწმენდის მიზნით, უკვე გამოცხადდა კონკურსი. ჩვენ იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. 2020-2021 წლებში მთელი ეს ტერიტორია სრულად გაიწმინდება“.

 მინისტრი ასევე ირწმუნება, რომ უახლოესი ორი-სამი წლის განმავლობაში ტბაში წყლის დონე მნიშვნელოვნად აიწევს.

ექსპერტის მოსაზრება

ეკოლოგებს მიაჩნიათ, რომ სევანის ტბის წყალმცენარეებით დაფარვა, შესაძლოა, წყალში ტოქსიკური ელემენტების არსებობაზე მეტყველებდეს.

სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროეკოლოგიისა და იხტიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუსინე გამბარიანი მიიჩნევს, რომ აყვავებული წყალმცენრეებისგან ტბაში მუდმივად ტოქსინები გროვდება:

 „ასეთი წყალი არ შეიძლება, რომ სარწყავად ან თევზისა და კიბორჩხალების მოსაშენებლად იქნას გამოყენებული, რადგან მავნებელი ნივთიერებები, შესაძლოა, წყალთან ერთად ორგანიზმში მოხვდეს. ყველაზე სახიფათოა მიკროცისტინის არსებობა. მიიჩნევა, რომ წყალმცენარეების აყვავება გლობალურ დათბობას უკავშირდება. ეს ასეა, მაგრამ ტემპერატურა ერთ-ერთი მიზეზია. მთავარი მიზეზი  წყალში ბიოგენური ელემენტების არსებობაა. ამან იმ წყალმცენარეების გამრავლება გამოიწვია, რომლებიც დიდი რაოდენობით ჟანგბადს შთანთქავენ“.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ასევე განგაშს სცემენ

ინიციატივის „S.O.S. სევანი“ წევრი სილვა ადამიანი მიიჩნევს, რომ თუკი ტბის პრობლემების მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, უახლოეს მომავალში სომხეთმა, შესაძლოა, თავისი „მარგალიტი“ დაკარგოს.

ადამიანი ამას იმით ხსნის, რომ წყლის ხარისხი უარესდება, თანაც – უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.

სრულიად სომხეთის ეკოლოგიური ფრონტის თავმჯდომარემ ლევონ გალასტიანმა განაცხადა, რომ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში სევანისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულება შეინიშნება. მისი აზრით, თუკი დანაშაული სახეზეა, მაშინ არსებობენ დამნაშავეებიც – და ისინი უნდა დაისაჯონ:

 „ყველა სპეციალისტმა, ვინც სევანის ეკოსისტემის შესახებ დადებით დასკვნებს წერდა, და ყველა თანამდებობის პირმა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა, საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.

 „საჭიროა საყოველთაო მობილიზაცია, სასურველია პრემიერ-მინისტრის მოწოდებით, რათა ფართომასშტაბიანი გამწმენდი სამუშაოები ჩატარდეს, რის შემდეგაც წყლის დონის ასამაღლებელი სამუშაო უნდა დაიწყოს. ასევე, სევანის ტბის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. არ არსებობს არც საზოგადოებრივი კონტროლი, რაც ამგვარი დანაშაულების ჩადენის შესაკავებლად სერიოზული ფაქტორი იქნებოდა“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ