უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ადგილების რიცხვი ორჯერ აღემატებოდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას - რასთანაა დაკავშირებული აბიტურიენტების ნაკლებობა და რამდენად დროებითია ეს მოვლენა? " />

სომხეთის უმაღლესი სასწავლებლები ჩიხშია

უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ადგილების რიცხვი ორჯერ აღემატებოდა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას - რასთანაა დაკავშირებული აბიტურიენტების ნაკლებობა და რამდენად დროებითია ეს მოვლენა?

ლიუსი სარგსიანი, JAMnews

ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს სომხეთის  უმაღლეს სასწავლებლების აუდიტორიებში 8266 პირველკურსელი შევა, მაგრამ წელს უმაღლესი სასწავლებლების სისტემაში ისეთი პროცესები დაფიქსირდა, რომლებიც შესაბამის ანალიზს მოითხოვს.

ვაკანტური ადგილები

წელს უმაღლესმა სასწავლებლებმა აბიტურიენტებს 20 ათასი ფასიანი და უფასო ადგილი შესთავაზეს, მაგრამ ამ ადგილების ნახევარზე მეტი (11375 ადგილი, ანუ საერთო რაოდენობის 56%) ვაკანტური დარჩა.

სულ 9 737 აბიტურიენტი დაფიქსირდა, ანუ გასულ წელთან შედარებით, 1500-ით ნაკლები მაძიებელი დარეგისტრირდა. არსანიშნავია, რომ, ფაქტობრივად, ყველა უმაღლესი სასწავლებლის ყველა ფაკულტეტზე დარჩა თავისუფალი ადგილები  (ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გარდა).

უმაღლესი სასწავლებელი ფაკულტეტი/განყოფილება გამოყოფილი ადგილები ვაკანტური ადგილები
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ესუ) ეკონომიკური 130 80
ინგლისური ენა 135 52
ესპანური ენა 40 36
გერმანული ენა 40 33
სოციოლოგია 40 35
ფიზიკა 50 47
ქიმია 26 24
რუსული ენა და ლიტერატურა 40 40
ღვთისმეტყველება 25 25
ვ.ი. ბრიუსოვის სახელობის ერევნის ენებისა და სოციალური მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლინგვისტიკა, იტალიური ენა 29 29
საერთაშორისო კომუნიკაციები, რუსული ენა 20 20
პედაგოგიკა, გერმანული ენა 49 49
ჟურნალისტიკა 34 34

სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა ჭადრაკის მასწავლებლის სპეციალობაზე მხოლოს ორი სტუდენტი მიიღო. და ეს მაშინ, როდესაც ეს საგანი სკოლის სავალდებულო პროგრამის ნაწილია. უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგიურ უნივერსიტეტში უცხო ენებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის სურვილი არავის გასჩენია

სომხეთის ხელისუფლება გარემოს დაცვის საკითხთან დაკავშირებით სამოქმედო კონცეფციებს ამტკიცებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ ერევნის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე სწავლის სურვილი მხოლოდ ერთმა სტუდენტმა განაცხადა.

აშკარაა, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა არ გამოიკვლიეს ბაზარი, დემოგრაფიული მდგომარეობა და ახალგაზრდების პრეფერენციები. ფაკულტეტების მიერ გამოყოფილი ადგილები ალალბედზე იქნა განსაზღვრული.

აბიტურიენტების რაოდენობის შემცირების მიზეზები

აბიტურიენტების რაოდენობის შემცირებას მრავალი მიზეზი აქვს:

  • 2006 წელს სომხეთის ხელისუფლებამ თორმეტწლიანი სწავლების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თერთმეთწლიანი სწავლების მოდელი არ გაუუქმებია. შესაბამისად, წელს სკოლა 30 ათასმა მოსწავლემ დაამთავრა, მომავალ წელს კი საშუალო სკოლის კურსს ის 15 ათასი მოზარდი დაასრულებს, რომელთაც თორმეტწლიანი სასწავლო პროგრამა უნდა გაეარათ.  
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  ბოლო ორ წელიწადში სომხეთი 11 ათასი სკოლის მოსწავლემ დატოვა ისე, რომ უკან აღარ დაბრუნებულა.
  • გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო გაწვევა 18 წლის ასაკიდან წარმოებს, ბევრი ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახურის დაწყებამდე უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას აზრი არ აქვს. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ კი სწავლა უკანა პლანზე გადადის.
  • სოციალური პრობლემების გამო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის გადახდა გაჭირდა
  • საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში  სომხეთიდან ჩასული აბიტურიენტების რაოდენობის ზრდა შეინიშნება.
  • აბიტურიენტები არ არიან დარწმუნებულნი, რომ სპეციალობის შესაბამის სამსახურს იპოვიან.
  • სომხური დიპლომები ყველა ქვეყანაში არ მოქმედებს, სტუდენტების ნაწილს კი სურს, რომ სწავლა უცხოეთში გააგრძელოს. ბევრია ისეთი აბიტურიენტიც, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ მუშაობა.

ეს და სხვა მიზეზები ერთმანეთს დაემთხვა და შედეგად აბიტურიენტთა რაოდენობა შემცირდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ლევონ მკრტიჩიანი კი ასეთ პროგნოზს აკეთებს: «მომავალ წელს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ამასთან აბიტურიენტების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებისთვის რთული დრო დგება, იმიტომ რომ ამ დაწესებულებებს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევთ».  

პოპულარული სპეციალობები

წელს სომეხ აბიტურიენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფრო მეტი შანსი მიეცათ. იმიტომ რომ მიწოდება საგრძნობლად აღემატებოდა მოთხოვნას.

ყველაზე პოპულარულ უმაღლეს სასწავლებლად ისევ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი რჩება, რომლის ზოგიერთ ფაკულტეტზე ჯერ კიდევ აღინიშნება სტუდენტების მაღალი კონკურენცია. ამიტომ წელს იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე გასულ წელთან შედარებით 10-10  სტუდენტით მეტის მიღება იგეგმებოდა

თუმცა, წელს  აბიტურიენტების რაოდენობა ყველაზე უფრო პოპულარულ ფაკულტეტებზეც კი შემცირდა. კერძოდ:  

იურიდიულ ფაკულტეტზე მოხვედრის მსურველ აბიტურიენტთა რიცხვი ორი წლის წინანდელ  ანალოგიურ მაჩვენებელზე 3-ჯერ  უფრო ნაკლებია (325-დან 102-მდე შემცირდა),

ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოხვედრის მსურველთა რიცხვი 1,5-ჯერ ნაკლებია (114 -დან 76-მდე შემცირდა)

ეკონომიკის ფაკულტეტზე კი ეს მაჩვენებელი 2,5 ჯერ (162-დან  64-მდე) შემცირდა.

ამ ცხრილში ბოლო სამი წლის მონაცემებია წარმოდგენილი

ესუ-ს პოპულარული ფაკულტეტები 2017-18 სასწავლო წელი 2016-17 სასწავლო წელი 2015-16
ადგილების რაოდენობა აბიტურიენტთა რაოდენობა ადგილების რაოდენობა აბიტურიენტთა რაოდენობა ადგილების რაოდენობა აბიტურიენტთა რაოდენობა
იურიდიული ფაკულტეტი 140 227 130 258 130 325
საერთაშორისო ურთიერთობები 142 132 140 89 130 124
ინფორმატიკა და გამოყენებითი მათემატიკა 207 267 192 264 192 229
ჟურნალისტიკა 75 76 65 88 65 114
ეკონომიკა 133 64 123 114 180 162
სომხური ენა და ლიტერატურა 136 102 133 174 133 144

ბოლო პერიოდში სომხურ საზოგადოებაში ეკონომისტებისა და იურისტებს განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებდნენ და კერძო და  სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები ამ ორი პროფილის ათასობით სპეციალისტს ამზადებდნენ. თუმცა, მათი უმრავლესობა უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე უმუშევრად დარჩენისათვის იყო განწირული. შრომის ბაზარს უბრალოდ არ შეუძლია, იურისტებისა და ეკონომისტების ასეთი რაოდენობა მიიღოს, ამიტომ ამ სპეციალობებზე მოთხოვნა თანდათანობით მცირდება.

ის, რომ ოდესღაც მოთხოვნადი სპეციალობების პოპულარობა მცირდება, გამსვლელი ქულებითაც კარგად ჩანს – „საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის, იურისპრუდენციისა და სხვა მსგავსი ფაკულტეტების ფასიან ადგილებზე გამსვლელი ქულების მაჩვენებლები 5-10 ერთეულით შემცირდა.  

15,25 ქულით ესუ-ს მათემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტზე შეიძლებოდა მოხვედრა. ერევნის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე მოსახვედრად 16 ქულაც საკმარისი იყო. ერევნის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში მოხვედრა და ინგლისური ენის მასწავლებლის სპეციალობის არჩევა 15,75 ქულითაც შეიძლებოდა.

აბიტურიენტის კომპეტენციის ქვედა ზღვარი მხოლოდ  ბრიუსოვის სახელობის ერევნის ენებისა და სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტში გაიზარდა. „მთარგმნელობითი საქმის“ სპეციალობის ჩინურ და ფრანგულ განყოფილებებზე გამსვლელმა ქულამ, შესაბამისად, 16 და 10 ერთეულით მოიმატა. ამასთან, უცხოურ ენებს შორის სწორედ ეს ორი ენა იყო ყველაზე მიმზიდველი აბიტურიენტებისათვის.

არაპოპულარული სპეციალობები

ყველა უმაღლეს სასწავლებელში გაჩნდა „მომაკვდავი ფაკულტეტები“ – წარმოგოდგენთ ცხრილს, რომელშიც ესუ-ს სამი ასეთი ფაკულტეტის აბიტურიენტების რაოდენობაა მითითებული.

უმაღლესი სასწავლებელი ფაკულტეტი ადგილების რაოდენობა აბიტურიენტების რაოდენობა
ესუ ქიმია 33 3
ბიოლოგია 53 16
ფიზიკა 77 33

ქიმიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს არ აქვთ იმის იმედი, რომ სამსახურს იპოვიან და ეს სკეფსისი გამოწვეულია იმ დამოკიდებულებით, რომელიც სახელმწიფოს აქვს ამ სფეროს მიმართ – ქიმიური მრეწველობის გიგანტები – „ვანაძორის ქიმიური მრეწველობა“ და „ნაირიტი“ – გაკოტრების პირას მივიდნენ, რის გამოც ათასობით ადამიანი უმუშევრად რჩება. მაშ რა აზრი აქვს ქიმიკოსების მომზადებას, ან ამ პროფესიის არჩევას?

წელს კონკრეტული სპეციალობების მიმართ არსებული მცირე ინტერესი აბიტურიენტების საერთო რაოდენობის სიმცირითაც შეიძლება აიხსნას და აქ ჩნდება მთავარი კითხვა: ეს სპეციალობები საერთოდ აღარავის სჭირდება, თუ ისევ მოთხოვნადი გახდება მაშინ, როდესაც აბიტურიენტების რაოდენობა გაიზრდება?

სწავლის საფასური

სომხეთში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასური, უმეტესწილად, თავად სტუდენტების გადასახდელია ხოლმე.

ყველაზე დიდ გადასახადს ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იხდიან; ამ სასწავლებელში სამკურნალო და სტომატოლოგიურ ფაკულტეტებზე სწავლის საფასური 1 მილიონი დრამია (დაახლოებით 2 ათასი დოლარი).

ყველაზე მცირე გადასახადი სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტშია დაწესებული.  აქ ბიოლოგიის, ქიმიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე სწავლა 260 ათასი დრამი ღირს.

ბრიუსოვის სახელობის ერევნის ენებისა და სოციალური მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ყველა ფაკულტეტზე ფიქსირებული გადასახადი 400 ათასი დრამია (ეს თანხა დაახლოებით 835 დოლარის ეკვივალენტია).

2017-18 წელს სწავლის საფასური არ გაზრდილა, ის გასულ წელს გაძვირდა.

უმაღლესი სასწავლებელი სწავლის გადასახადის ნაზრდი / ათასი დრამი
ერევნის სახ. უნივერსიტეტი $30-70
არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი $20-70
სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი $100
ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი $200
ეროვნული აგრარული უნივერსიტეტი $20-60

უნდა ითქვას, რომ გაძვირების საფუძველი არ არსებობდა: არც სწავლების ახალი მეთოდები იქნა დანერგილი, არც საზღვარგარეთ გაუგზავნიათ სტუდენტები პრაქტიკაზე, და არც უცხოელი პედაგოგები მოუწვევია ვინმეს.

თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხშირად სწორედ ის სტუდენტები იხდიან სწავლის საფასურს კეთილსინდისიერად, რომელთა დონეც საშუალოზე დაბალია და საბოლოოდ „სპეციალისტის“ კვალიფიკაციასაც სწორედ ისინი იღებენ ხოლმე.

ყველა ზემოაღნიშნული გარემოება და ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემას ჩიხში აქცევს.


ასევე წაიკითხეთ