დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დიპლომატს საკონსტიტუციო წყობის დამხობასა და მექრთამეობაში ბრალდებულ ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელთან შეხვედრის უფლება არ ჰქონდა. განახლება: ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში" />

სომხეთის პარლამენტში რუსეთის ელჩისა და ექს-პრეზიდენტ კოჩარიანის შეხვედრით უკმაყოფილოები არიან

დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ დიპლომატს საკონსტიტუციო წყობის დამხობასა და მექრთამეობაში ბრალდებულ ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელთან შეხვედრის უფლება არ ჰქონდა. განახლება: ელჩი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში

განახლება

ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე მმართველი პარტიის დეპუტატმა, პარლამენტის საგარეო კავშირების კომისიის თავმჯდომარემ, რუბენ რუბინიანმა დაწერა:

 „საგარეო კავშირების კომისიის სხდომის შემდეგ, რომლის დროსაც რუსეთის ფედერაციის ელჩისა და რობერტ კოჩარიანის შეხვედრა განიხილებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრ ზოგრაბ მნაცკანიანს ველაპარაკე. მინისტრმა მაცნობა, რომ სინამდვილეში რუსეთის ელჩი, ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ პარასკევს მიიწვიეს, სადაც მასთან სომხეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის კონტექსტში  შედგა საუბარი.

ხოლო მოადგილემ [საგარეო საქმეთა მინისტრის] სხდომის დროს ამის შესახებ არაფერი თქვა, რადგან იმ მომენტისთვის ამ ინფორმაციის გამხელის ნებართვა არ ჰქონდა მიცემული“.

 

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს შეხვდა. პარლამენტის დეპუტატებმა შეხვედრის ფაქტით უკმაყოფილება ღიად გამოხატეს და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირებაც კი მოითხოვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის პასუხი მოკლე იყო: ამ შეხვედრაში გასაკიცხი არაფერია.

გიამბობთ, თუ რა არის ცნობილი მეორე პრეზიდენტის რუსეთის ელჩთან შეხვედრის შესახებ და რატომ მოჰყვა ამას დეპუტატების უკმაყოფილება.

• სომხეთის ექს-პრეზიდენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სარჩელზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერი – დიდი პოლიტიკის, აზერბაიჯანელებთან პირდაპირი საუბრის, შაბათობისა და თავისი ოჯახის შესახებ

რატომ შეხვდნენ ერთმანეთს ელჩი და კოჩარიანი

სერგეი კოპირკინისა და რობერტ კოჩარიანის შეხვედრის შესახებ ცოტა ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ ელჩი ექს-პრეზიდენტის ოფისში მივიდა. შეხვედრა პირისპირ, ერთი-ერთზე შედგა. მხარეები  არ იუწყებიან, თუ ზუსტად რა საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა.

შეხვედრიდან დღე-ღამის გასვლის შემდეგ სომხეთში რუსეთის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო:

 „საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგნლებთან მუდმივი შეხვედრების ფარგლებში, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ს. პ. კოპირკინი სომხეთის რსპუბლიკის მეორე პრეზიდენტს რ.ს. კოჩარიანს შეხვდა“.

ამის შემდეგ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მხარეები ამ შემოდგომისთვის, რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვალდიმირ პუტინისა და რობერტ კოჩარიანის შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.

რით არის გამოწვეული უკმაყოფილება

საქმე ისაა, რომ ექს-პრეზიდენტი „1 მარტის“ გახმაურებულ საქმეშია ბრალდებული.

2018 წელს რობერტ კოჩარიანს 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით კონსტიტუციური წყობის დამხობის ბრალდება წარედგინა. მაშინ იმ დემონსტრანტების დარბევის დროს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩვნების შედეგებს არ აღიარებდნენ, საბრძოლო იარაღი გამოიყენეს; 10 ადამიანი დაიღუპა, ორი მათგანი – სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი იყო.

კონსტიტუცური წყობის დამხობის ბრალდება კოჩარიანის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი ბრალდება არ არის. 2019 წლის თებერვლიდან მას კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი – 927 მილიონი დრამის  [დაახლოებით $3 მილიონი]ოდენობის ქრთამის აღება. ეს ბრალდება იმ განცხადებას  უკავშირდება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ 2018 წლის ნოემბერში მეწარმე სილვა ამბარცუმიანმა გააკეთა.

რობერტ კოჩარიანი დააპატიმრეს და მან ციხეში დაახლოებით 5 თვე გაატარა. ამჯერად მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალა, ის თავისუფლებაში იმყოფება, თუმცა მის წინააღმდეგ საქმეები გრძელდება.

კოჩარიანის ელჩთან შეხვედრით უკმაყოფილება ალბათ იმითაც არის გამოწვეული, რომ მას კავშირები აქვს რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან. სომხეთის მედიას არაერთხელ დაუწერია იმის თაობაზე, რომ კოჩარიანს რუსეთის პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

როგორ გამოიხატებოდა უკმაყოფილება

კერძოდ, სომხეთის ეროვნული საკრებულოს სპიკერმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ექს-პრეზიდენტი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური წრეების წარმომადგენელი არ არის:

 „მე რუსეთის ფედერაციის ელჩის ამ შეხვედრას არ მივესალმები. ბოლოს და ბოლოს, რომელიმე ქვეყნის ელჩს პოლიტიკური ველის ყველა სპექტრის წარმომადგენლებთან შეუძლია შეხვედრა, მაგრამ აქ სხვა რამეც არის. ის ბრალდებები, რომლებიც ამ პირს აქვს წარდგენილი, მას წმინდად პოლიტიკური ველიდან ოდნავ განზე წევს“.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ რობერტ კოჩარიანის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დანამდვილებით შეხვედრამ სიტუაციასა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე გავლენა მოახდინოს, მირზოიანმა უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია:

 „არასდროს. რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტთან, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ან რომელიმე სხვა ადამიანთან  ურთერთობა ბრალდებაზე გავლენას ვერ მოახდენს, და სამართლიანი სასამართლო განხილვისა და განაჩენის იმედი მაქვს“.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიტუაციას სხვაგვარად ხედავს

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ სერგეი კოპირკინის რობერტ კოჩარიანთან შეხვედრა დიპლომატიური ეტიკეტის ჩარჩოებს არ სცდება. საგარეო პოლიტიკურ უწყებას, განმარტებების გაკეთების მიზნით, ელჩის გამოძახების საფუძველი არ გააჩნია. ამის შესახებ დღეს მინისტრის მოადგილემ გრიგორ ოგანესიანმა განაცხადა:

 „ელჩის შეხვედრა დიპლომატიური წესდების ჩარჩოებს არ გასცდენია. რასაკვირველია, ყველა ჩვენგანმა მოისმინა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეების აზრები, ვნახეთ სხვადსხვა რეაქცია. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი მხრიდან ამის  დაგმობა ან განსაკუთრებული განხილვის საგნად ქცევა არ მოხდება“.

ამ განცხადებამ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტში საკითხი დასვეს, მოგვიანებით  – კი სპიკერი არარატ მირზოიანიც გააოცა. მან დააზუსტა, თუ მინისტრის ზუსტად რომელმა მოადგილემ გააკეთა მსგავსი განცხადება, და საბოლოოდ იმ  დასკვნამდე მივიდა, რომ შესაძლოა, ოგანესიანი თავის პირად თვალსაზრისს გამოხატავდეს.


ასევე წაიკითხეთ