დეტალები: რა დააშავა გრაირ ტოვმასიანმა და რატომ ემხრობა უმრავლესობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტას" />

სომხეთის პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებს

დეტალები: რა დააშავა გრაირ ტოვმასიანმა და რატომ ემხრობა უმრავლესობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტას

საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გრაირ ტოვმასიანი, პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, სპიკერი, არარატ მირზოიანი

სომხეთის პარლამენტში მმართველი ფრაქციის წინადადებით, დახურული, საიდუმლო კენჭისყრა შედგა. ფრაქციამ „ჩემი ნაბიჯი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მისი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მიმართა. „ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ძალისთვის გრაირ ტოვმასიანი „ძველებთან“ ასოცირდება, და მიაჩნიათ, რომ  მას ახალ, პოსტრევოლუციურ რეალობაში სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ გააჩნია.

კენჭისყრისას დეპუტატების უმრავლესობა ამ წინადადებას დაეთანხმა. ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ამ პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე,  მასში არსებული იურიდიული საფუძვლების სისუსტის მიზეზით, უარი განაცხადა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა უნდა მიიღონ. გრაირ ტოვმასიანი თანამდებობას დატოვებს, თუკი ცხრიდან არანაკლებ ექვსი მოსამართლე პარლამენტის პოზიციას დაეთანხმება.

“მაყურებლები” და ინტერნეტი საკნებში – სკანდალი სომხეთის ციხეებში

მმართველი ბლოკის ინიციატივა და კენჭისყრის შედეგები

მმართველმა ფრაქციამ  „ჩემი ნაბიჯი“ ეროვნულ საკრებულოს თავისი პროექტი 19 სექტემბერს წარუდგინა.

დოკუმენტში თითქმის 100 ფურცელია. მასში, სომხეთის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ოთხი საფუძველია წარმოდგენილი.

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კოჩარიანის პირადი თავისუფლების უფლების დარღვევა აღიარა

როგორც მმართველი პარტიის პროექტშია ნათქვამი, ერთ-ერთი საფუძველია –  არსებითი დარღვევები, რომლებიც ტოვმასიანმა ექს-პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანის განცხადებების განხილვისას  იმ მუხლების კონსტიტუციურობის თაობაზე დაუშვა, რის საფუძველზეც კოჩარიანს ბრალი აქვს წაყენებული.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპი. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მმართველი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრობის შესახებ. ამ პარტიის მმართველობის წლებში ტოვმასიანი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2010 წელს ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 2014 წელს კი – ეროვნული საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელად.

ტოვმასიანის მიუკერძოებლობის თაობაზე ეჭვის საფუძვლად იქცა რესპუბლიკური პარტიის ლიდერის სერჟ სარგსიანის და რობერტ კოჩარიანის ინტერსების დამთხვევა „1 მარტის“ სისხლის სამართლის საქმის განაჩენთან დაკავშირებით. ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი სწორედ ამ საქმის მთავარი ბრალდებულია. საუბარია 2008 წლის მოვლენებზე, როდესაც დემონსტრაციის დარბევის დროს 10 ადამიანი დაიღუპა. პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების  შედეგების წინააღმდეგ იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სერჟ სარგსიანი აირჩიეს, მაგრამ მოქმედი პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ამიტომ მას  სამხედრო იარაღის გამოყენებით სასტიკი დარბევა, და ადამიანების დაღუპვა ედება ბრალად.

მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“  ხელმძღვანელი ლილიტ მაკუნცი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი – სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საკმარისი საფუძველია:

 „ჩვენი შეფასებით, ჩვენი იურისტების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი საფუძველი საკმაოდ ძლიერია“.

ამას არ ეთანხმება ოპოზიციური ფრაქცია „აყვავებული სომხეთი“. მისმა წევრმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, მათ განმარტეს , რომ ეს გადაწყვეტილება არა გრაირ ტოვმასიანის პიროვნებით, არამედ სწორედ დოკუმენტის არასრულყოფილებით არის ნაკარნახევი:

 „ჩვენი იურისტები  გაეცნენ ქაღალდებს, რომლებშიც ვადების დარღვევა და პუნქტობრივი ხარვეზებია. მთავარი თეზისები იურიდიულად დადასტურებული არ არის, არგუმენტები ძალიან სუსტია. და იმ დასკვნამდე მივედით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ… და პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, გრაირ ტოვმასიანი უნდა დარჩეს თუ წავიდეს“, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა, ოლიგარქმა გაგიკ ცარუკიანმა.

პროექტის მისაღებად საჭირო იყო მხოლოდ 80 ხმა, რომლებიც მმართველ ბლოკს „ჩემი ნაბიჯი“ ისედაც ჰქონდა. თუმცა, მაკუნცის თქმით, „სასამართლო სისტემის რეფორმები, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მისდამი ნდობა სხვა პოლიტიკური ძალების, როგორც მანდატების მფლობელების, პასუხისმგებლობაც არის“.

თავად ტოვმასიანი განხილვაზე არ გამოცხადდა, თუმცა ის მიწვეული იყო.

132 დეპუტატიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 101-მა მიიღო. 98 დეპუტატი ტოვმასიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე  თანახმა იყო და მხოლოდ ერთი იყო წინააღმდეგი. ორი ბიულეტენი გაუქმებულად მიიჩნიეს.

რით არის ცნობილი გრაირ ტოვმასიანი

სომხეთში გრაირ ტოვმასიანი არამხოლოდ მმართველი პარტიისთვის ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან, არამედ – ბევრი რიგითი მოქალაქისთვისაც.

ტოვმასიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო და რიგ საკვანძო თანამდებობას იკავებდა.

ის იმით არის ცნობილი, რომ 2015 წელს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ტექსტის ავტორი გახდა. დეკემბერში კი ჩატარდა რეფერენდუმი, რომელის შედეგადაც სომხეთი საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა.

მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში მაღალი თანამდებობების დაკავებას აღარ აპირებდა. მაგრამ უკვე 2018 წლის აპრილში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ თავის ლიდერი სერჟ სარგსიანი ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია, სარგსიანის ხელისუფლებაში ისევ დარჩენის სურვილი დადასტურდა.

კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებამდე ის უკვე ორი ვადით იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას და მესამე ვადის იმედი ვეღარ ექნებოდა. ამ ცვლილებით მისთვის ხელისუფლებაში დაბრუნების  შესაძლებლობის უზრუნველყოფა მოხდა – ახლა უკვე პრემიერის რანგში, ანუ ისევ უმაღლეს თანამდებობაზე.

ის 2018 წელს, „ხავრდოვანი“ რევოლუციის დღეებში ქუჩაში გამოსული ადამიანების ზეწოლით, არჩევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

რევოლუციის ლიდერის ფაშინიანის თქმით, ტოვმასიანმა კონსტიტუციის ტექსტი „სერჟ სარგსიანთან შეთანხმებით დაწერა…, რათა 2035  წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლად დარჩენილიყო“.

 „ჩვენ სხვა საკონსტიტუციო სასამართლო გვჭირდება. გამოდის, რომ… გრაირ ტოვმასიანმა, სერჟ სარგსიანისა და გაგიკ არუთიუნიანის [საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – JAMnews] დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრივატიზება მოახდინა, ისე, როგორც მაგალითად – სანოტარო ბიუროს პრივატიზებაა შესაძლებელი, და დღეს ჩვენ ვიმყოფებით რეალობაში, როდესაც 2019 წლის სომხეთში … 1995 წლის საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს“, –   განაცხადა  ფაშინიანმა.

სპიკერის განცხადებები და ტოვმასიანის პასუხები

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა არარატ მირზოიანმა იმ  სხდომის დროს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროექტი განიხილებოდა, განაცხადა:

 „სიმართლე – პრობლემების გადაწყვეტისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. ოც ათეულ წელიწადზე მეტია, სომხეთში საარჩევნო პროცესებზე მასობრივად ხდებოდა უკანონო გავლენა. წინა ხელისუფლებების დროს სახელმწიფოს და ჯარს ძარცვავდნენ. წინა რეჟიმის ადვოკატების ტოპ-ხუთეული რომ შევადგინოთ, ტოვმასიანი ამ სიაში უთუოდ მოხვდებოდა.

ტოვმასიანს ჰქონდა და აქვს პოლიტიკური მოტივაცია, და ეს მოტივაცია – საკონსტიტუციო სასამართლოს ინტერესები სულაც არ არის, არამედ წინა რეჟიმის ინტერესების დაცვის გაგრძელებაა. სწორედ ამ ყველაფრის გამო,  არ შეიძლება, რომ გრაირ ტოვმასიანი საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარედ დარჩეს, მას ეს შანსი ჰქონდა, და მან ის ხელიდან გაუშვა“.

მირზოიანმა კომენტარი სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ერთ-ერთ ადვოკატისა და საკონსტიტუციო სასამართლოს  თავმჯდომარის ნათლი-მირონით ნათესაობის შესახებაც გააკეთა. სპიკერის თქმით, „ეს უბრალოდ ნათესაური კავშირი კი არა,  ყოფილ გუნდსა და საკონსტიტუციო სასამართლოს  შორის მოლაპარაკებაა“.

გრაირ ტოვმასიანმა ექს-პრეზიდენტის ადვოკატთან კავშირის შესახებ ასევე გააკეთა კომენტარი:

 „კოჩარიანის ადვოკატი და ჩემი ნათლული არამ ორბელიანი (ან ვინც უნდა იყოს მის ადგილას) ვერ მაიძულებს, რომ ჩემი შინაგანი რწმენის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მივიღო“.

სასამართლოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა. და, მისი აზრით, მათ მიზანს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გზაზე საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაბრკოლების, გაუქმება წარმოადგენს:

 „ისეთი პროგნოზირებადი სასამართლოს არსებობა, რომელმაც  პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა შეასრულოს ან „შეფუთოს“  –  სახელმწიფოს დასასრულია.  საკონსტიტუციო სასამართლო – დამუხრუჭების ბოლო სისტემაა. საქმე მხოლოდ ის კი არ არის, დარჩება გრაირ ტოვმასიანი თუ არა. მხოლოდ ეს რომ იყოს პრობლემა, დამერწმუნეთ, ამ თანამდებობას დიდი ხნის წინათ დავტოვებდი“.


ასევე წაიკითხეთ