მიზეზი - შობადობის დაბალი და მიგრაციის მაღალი დონე" />

გაეროს კვლევა: სომხეთის მოსახლეობა შემცირდება

მიზეზი - შობადობის დაბალი და მიგრაციის მაღალი დონე

ფოტო: გევორკ კაზარიანი, JAMnews

სომხეთის მოსახლეობის რაოდენობა მომდევნო წლებში შემცირდება – ასეთ დასკვნამდე მივიდა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა.

2035 წლისთვის სომხეთში, საუკეთესო შემთხვევაში, 3,2 მილიონი მაცხოვრებელი იქნება, უარეს შემთხვევაში კი – 2,5-2,6 მილიონი, მიაჩნიათ კვლევის ავტორებს. პრეზიდენტის მიერ ახლახან წარმოთქმული სიტყვები, რომ 2040 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა 4 მილიონს მიაღწევს, კვლევის ავტორებს არარეალურ დაპირებად მიაჩნიათ.

სომხეთში მოსახლეობის რაოდენობის კლების  მიზეზად  შობადობის შემცირება და ქვეყნიდან დიდი რაოდენობის ადამიანების სხვა ქვეყნებში  სამუდამოდ გადასახლება სახელდება – “თუკი ეს ორი ტენდენცია შეიცვლება, მაშინ ამ პროგნოზების შეცვლა შესაძლებლი გახდება”, – უთხრა ჟურნალისტებს გაეროს მოსახლეობის ფონდის სომხეთის ოფისის აღმასრულებელმა წარმომადგენელმა გარიკ აირაპეტიანმა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, სომხეთში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ბოლო 9 წლის განმავლობაში (ანუ სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის პერიოდში) სომხეთი, ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 300 ათასმა ადამიანმა დატოვა, რამაც მოსახლეობის 10 პროცენტი შეადგინა. მხოლოდ 2016 წელს სომხეთიდან 48 ათასი ადამიანი გაემგზავრა.   

2017 წლის მაისში სომხეთის პრეზიდენტმა  ეროვნულ საკრებულოში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2040 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა 4 მილიონს მიაღწევს.

„მოსახლეობის რიცხვი რომ გაიზარდოს – ადამიანები სოციალურად და ეკონომიურკად უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ და მაშინ შვილებსაც იყოლიებენ“, – თქვა გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ მამაკაცები ქალებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ, რაც ოჯახებს ასევე უქმნის ფინანსურ პრობლემებს.

„ჯერ კიდევ 2009 წელს ჩვენ საოჯახო მეურნეობების კვლევა ჩავატარეთ. მამკაცების 7-9 %-მა განაცხადა, რომ თავიანთ ცოლებს მუშაობის უფლებას არ მისცემდნენ. მაგრამ, ვფიქრობ, სინამდვილეში ასეთი მამაკაცი უფრო მეტია, და ეს – არცთუ მცირე პრობლემაა“, – თქვა გარიკ აირაპეტიანმა.


ასევე წაიკითხეთ