პრემიერი საუბრობს სამეცნიერო პროექტების დაფინანსების, განათლებისა და „სილიკონის ველის“ შესახებ" />

პრემიერი ფაშინიანი: „სომხეთის მომავალი მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევაა“

პრემიერი საუბრობს სამეცნიერო პროექტების დაფინანსების, განათლებისა და „სილიკონის ველის“ შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მეცნიერთა წინაშე არსებული მიზნები და პრიორიტეტები განსაზღვრა.

 „ჩვენ ვაცხადებდით, რომ სომხეთის მომავალს მის მაღალტექნოლოგიურ ქვეყნად გადაქცევაში ვხედავთ და ვიმედოვნებთ, რომ მეცნიერება და სამეცნიერო პოტენციალი ამ ხედვის განხორციელებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში.

ქვეყნის გეგმები  მეცნიერებასთან დაკავშირებით

სომხეთის პრემიერს პირველ რიგში აუცილებლად მიაჩნია სამეცნიერო სფეროს სახელმწიფოსთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება.

მისი აზრით, საბჭოთა წლებში მეცნიერება განუხრელად ვითარდებოდა, ვინაიდან სახელმწიფოსა და საზოგადოებას მკაფიოდ ესმოდათ, თუ რა მოეთხოვებოდა მეცნიერებას, მეცნიერებმა კი იცოდნენ, სახელმწიფოსგან რა ესაჭიროებოდათ. და ახლა აუცილებელია იმის განსაზღვრა, თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანონ ერთმანეთს მეცნიერებამ და სახელმწიფომ.

 „სომხეთი საბჭოთა კავშირის სილიკონის ველად მიიჩნეოდა, და ამას ისტორიული ხსოვნის აღსადგენად კი არ ვამბობ, არამედ – იმ უზარმაზარი სამეცნიერო პოტენციალის აღსანიშნავად, რაც ქვეყანას აქვს“, –  თქვა ფაშინიანმა.

მეციერების განათლებასთან ინტეგრაცია

პრემიერმა თქვა, რომ საზღვარგარეთ ვიზიტების დროს ის აუცილებლად ათვალიერებს ევროპისა და მსოფლიოს საგანმანათლებლო ცენტრებს. და აი, დასკვნები:

 „ტენდენციები იმგვარია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, მძლავრი სამეცნიერო-კვლევითი შემადგენლის გარეშე,  განათლების წარმოდგენა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი სამეცნიერო სისტემა უმაღლესი განათლების სისტემას აშკარად ჩამოშორებულია, საგანმანათლებლო სფეროში კი თვალსაჩინოა გამოკვლევების არსებითი სიმცირე. და ჩვენი სტრატეგია ისეთი უნდა იყოს, რომ კვლევითი პოტენციალი, შეძლებისდაგვარად, დიდწილად და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული განათლების სფეროსთან“.

მეცნიერების ეკონომიკასთან ინტეგრაცია

პრემიერს არანაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნია მეცნიერების ქვეყნის ეკონომიკაში ინტეგრაცია:

 „საკითხი არამხოლოდ ტექნიკური მეცნიერებების ეკონომიკაში ინტეგრაციას ეხება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტეგრაციამ, შესაძლოა, მოიცვას მეცნიერების სხვა ისეთი სფეროებიც, რომლებიც მოემსახურება ან ხელს შეუწყობს ეკონომიკის კონკრეტული დარგების განვითარებას“.

სამეცნიერო პროექტების დაფინანსება

ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, დააფინანსოს ყველა ის პროექტი, რაც მეცნიერების და მისი საშუალებით მთლიანად ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს:

 „აუცილებელია იმაზე კი არ ვილაპარაკოთ, თუ რამდენი ფული იდება ამა თუ იმ დარგში, არამედ იმაზე, თუ რა ამოცანებს ვწყვეტთ ან რის გადაწყვეტა შეგვიძლია. და საკითხი იმას კი არ უნდა ეხებოდეს, არის თუ არა დაფინანსება, არამედ იმას – თუ რა გვსურს დავინახოთ. თუ კი ჩვენს ქმედებებს და სურვილებს მკაფიოდ ჩამოვაყალიბებთ, დაფინანსება ყოველთვის გამოჩნდება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს წინაშე მდგომი მიზნებია, და არა ფული.

თუკი სამეცნიერო პროგრამები, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, შედეგის მომტანია, მაშინ ეს პროექტები აუცილებლად დაფინანსდება“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ