გუშინ სეტყვამ გლეხების მოსავალი კვლავ მნიშვნელოვნად დააზიანა " />

სომხეთის მთავრობა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დამონტაჟებაში მოსახლეობას დაეხმარება

გუშინ სეტყვამ გლეხების მოსავალი კვლავ მნიშვნელოვნად დააზიანა

სომხეთში სეტყვამ გარგრის, ქლიავის, ვაშლისა და ბოსტნეულის მოსავალი კვლავ გაანადგურა. ის ნახევარ საათს გრძელდებოდა. წინასწარი მონაცემებით, წელს ის ყველაზე ძლიერი იყო და გლეხები ყველაზე მეტად დააზარალა. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ არ შეფასებულა. სტიქიის ეპიცენტრში – არმავირის ოლქში – ოპერატიული ჯგუფი გაემგზავრა.

სეტყვის საწინააღმდეგო სადგურებმა გაურკვეველი მიზეზით ისევ არ გაამართლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღიარა, რომ სადგურები სრული სიმძლავრით არ მუშაობდა:

 „სეტყვის საწინააღმდეგო სადგურები მუშაობდა, თუმცა – არა იმ მოცულობით, რასაც ვისურვებდით“.

სომხეთში სეტყვისგან ყველაზე ხშირად და ყველაზე მეტად არმავირის ოლქის მეურნეობები ზარალდება, მიუხედავად იმისა, რომ აქ  სეტყვის საწინააღმდეგო 150 დანადგარია. წინა მთავრობამ მათი არაეფექტურობა უკვე გაათვითცნობიერა და სეტყვისგან დაცვის სხვა მეთოდების ძებნას ცდილობდა. საუბარი იყო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გამოყენებაზე. მაგრამ ეს ბადეები გლეხებს ძალიან ძვირი უჯდებათ, და მოსავლის დაცვის ამ მეთოდზე  უმრავლესობა უარს აცხადებდა.

მინისტრთა ახალმა კაბინეტმა, ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, თავის პირველივე სხდომაზე იმსჯელა იმაზე, თუ როგორ დახმარებოდნენ არმავირის ოლქის მოსახლეობას და მათთვის სეტყვისგან მიყენებული ზარალი აენაზღაურებინათ.

დღეს სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა კომპანია „ვაბა“-ს აღჭურვილობის შემოტანისთვის დაწესებული დამატებითი ღირებულების გადასახადი  სამი წლით გადაუვადა. ეს სტრუქტურა სომხეთში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოებას დაიწყებს, და ქალაქ ვანაძორში ქარხნის აშენებას აპირებს.

სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა არცვიკ მინასიანმა აღნიშნა, რომ მთელი წარმოების ორგანიზება სომხეთში მოხდება:

 „კომპანია ამ პროექტში 2,25მილიარდი დრამის ($4,6 მილიონი) ინვესტიციას ჩადებს. შედეგად კი, შეიქმნება 24 სამუშაო ადგილი, 320 ათასი დრამის ($660) ოდენობის საშუალო ხელფასით.   

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შედეგად, სომხეთში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების ფასიც დაიკლებს.

მაგრამ ბევრ ფერმერს მაინც მიაჩნია, რომ ეს სისტემა სეტყვისგან დაცვის პრობლემას სრულად ვერ გადაწყვეტს.

სარქის მიქაელიანმა ალაშკერტის თემში თავისი ვენახის 5 ჰექტარი სეტყვის საწინააღმდეგო ბადით დაფარა. ეს მას დაახლოებით 2,5 მილიონი დრამი ($5200) დაუჯდა. ახლა ფერმერი მოხარულია, რომ თავისი მიწის დარჩენილი 9 ჰექტრის ბადით დაფარვას გაცილებით ნაკლებ ფასად შეძლებს.

მიქაელიანს მიაჩნია, რომ ბადე ყველაზე ეფექტურად იცავს მოსავალს სეტყვისგან. თუმცა, ისიც და დანარჩენი არმავირელებიც მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდის გამოყენება მხოლოდ ვენახებისა და ახალგაზრდა დაბალი ხეებისთვის შეიძლება. გარგრისა და ალუბლის ზრდასრული ხეების ამ ბადით დაფარვა შეუძლებელია – ისინი  6-7 მეტრის სიმაღლეს აღწევენ.

წინა ხელისუფლება გლეხებს ამ ხეების ჯუჯა სახეობების მოყვანას სთავაზობდა. ფერმერები კი ამ წინადადებაზე გადაჭრით უარს ამბობდნენ. კერძოდ, რიფსიმე ავეტისიანი სოფელ არგინადან ამბობდა:

 „ჩემ ბაღს იმის გამო ვერ გავანადგურებ, რომ ახალი ჯუჯა ხეები დავრგო და მოსავალს 5-7 წელიწადს დაველოდო. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ ეს ყველაფერი რა დაჯდება“.

ასე რომ, გლეხები ახალი ხელისუფლებისგან კიდევ სხვა ახალ წინადადებებს დაელოდებიან.


ასევე წაიკითხეთ