სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი არსად მიდის. ის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის რეალური მმართველი ხდება" />

სომხეთის მეოთხე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, თუმცა ქვეყანას ის არ მართავს

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი არსად მიდის. ის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის რეალური მმართველი ხდება

 

REUTERS

არმენ სარგსიანი დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. სომხეთის მეოთხე პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სამართლიანი იქნება, მხოლოდ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს და ყველანაირ ღონეს იხმარს მთელი მსოფლიოს სომხების გასაერთიანებლად. მან სომხეთის კონსტიტუციასა და ღვთისმშობლის სახარებაზე საზეიმოდ დაიფიცა, და თავისი  გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: „ჩვენთან არს ღმერთი“.

არმენ სარგსიანი დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი იყო. საბჭოთა პერიოდში (1984-1985 წწ. და 1989-1991წწ) ის სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. იყო მათემატიკის პედაგოგი კემბრიჯის უნივერსიტეტსა და ლონდონის უნივერსიტეტთან არსებულ მათემატიკის ინსტიტუტში. 1996 წელს ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ოთხი წელი იმუშავა.

სომხეთის პრეზიდენტის პოსტზე არმენ სარგსიანის კანდიდატურა მისმა წინამორბედმა და მოგვარემ, სომხეთის მესამე პრეზიდენტმა – სერჟ სარგსიანმა წამოაყენა.

მეოთხე პრეზიდენტს ისეთი ფართო უფლებამოსილებები არ ექნება, როგორიც მის წინამორბედებს ჰქონდათ. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სომხეთი მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი უკვე, პრეზიდენტი კი არა, პრემიერ-მინისტრი იქნება.

პრეზიდენტის თანამდებობა ამიერიდან სიმბოლური და წარმომადგენლობითი გახდება. არმენ სარგსიანი სომხეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ხალხმა კი არა,  ეროვნულმა კრებამ აირჩია. მომავალში ყველა მომდევნო პრეზიდენტის არჩევის წესი სწორედ ასეთი იქნება. გაიზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაც და ხუთის ნაცვლად  შვიდი წელი გახდა.

ოპოზიციონერები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სომხეთი გადავიდა  “სუპერპრემიერობის” სისტემაზე, სადაც პრეზიდენტი არაფერს წყვეტს.

ახალი პრეზიდენტის – არმენ სარგსიანის ინაუგურაციის დღესვე, დადგენილი წესის მიხედვით, ძველი მთავრობა გადადგა. საპარლამენტო უმრავლესობას ორი კვირა აქვს, რომ მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თავის კანდიდატი წარადგინოს, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს.

არანაირი ინტრიგა ამ პროცესს არ ახლავს. უკვე ყველამ იცის, რომ მომავალი პრემიერი და ქვეყნის რეალური მმართველი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი გახდება. სერჟ სარგსიანი ზედიზედ ორჯერ იყო სომხეთის პრეზიდენტი და მესამედ ამ თანამდებობაზე კენჭისყრაში მონაწილეობა კანონით აღარ შეეძლო.

მთავრობის პრეს-სამსახურმა უკვე გამოაქვეყნა სომხეთის მმართველი პარტიის – რესპუბლიკური პარტიის წარმომაგენლის, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის კარენ კარაპეტიანის განცხადება. განცხადებაში წერია, რომ კარაპეტიანი შეხვდა რესპუბლიკური პარტიის მეთაურს სერჟ სარგსიანს და მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხი განიხილა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკი სერჟ სარგსიანის მმართველობის წლები ქვეყნისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მმართველ გუნდს სურს, რომ ეს კურსი გაგრძელდეს და ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა აწ უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში მართოს.


ასევე წაიკითხეთ