სენატორმა ლინდსი გრემმა საკუთარი უფლება გამოიყენა და რეზოლუციის მიღება დაბლოკა " />

სომხების გენოციდის აღიარების რეზოლუცია აშშ-ის სენატში კენჭისყრამდე ვერ მივიდა

სენატორმა ლინდსი გრემმა საკუთარი უფლება გამოიყენა და რეზოლუციის მიღება დაბლოკა

ლინდსი გრემი, აშშ-ის სენატი, სომხების გენოციდი, ოსმალეთის იმპერია
ლინდსი გრემი, აშშ-ის სენატი, სომხების გენოციდი, ოსმალეთის იმპერია

Photo/ svoboda.org

ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა დაბლოკა რეზოლუცია სომხების გენოციდის აღიარების შესახებ, რომელიც 29 ოქტომბერს მიიღო აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ.

წარმომადგენელთა პალატის 405-მა კონგრესმენმა გასული საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობები გენოციდად აღიარა, წინააღმდეგ მხოლოდ 11 კონგრესმენი წავიდა. უფრო მეტიც, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წევრებმა, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმოადგენს.

რეაქცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებაზე – სომხეთში, თურქეთსა და მსოფლიოში

დოკუმენტს სენატიც უნდა გაევლო და იმ შემთხვევაში, თუკი სენატიც დაეთანხმებოდა, რეზოლუცია ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს წარედგინებოდა.

თუმცა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად ითვლება, საკუთარი უფლება გამოიყენა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სენატის ნებისმიერ წევრს შეუძლია რეზოლუციის მიღების დაბლოკვა.

სომხების გენოციდი – მასობრივი ხოცვა-ჟლეტა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში. მანამდე ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, ორ-ნახევარი მილიონი სომეხი ცხოვრობდა. მკვლელობებისა და მასობრივი დეპორტაციის შედეგად მათი ნახევარი დაიღუპა.

გასული საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გენოციდად არის აღიარებული და დაგმობილია გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიერ. იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სომხების გენოციდი აღიარეს, არიან კანადა, არგენტინა, შვეიცარია, ავსტრია, იტალია, რუსეთი, ბელგია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ნიდერლანდები, ურუგვაი, საბერძნეთი, კვიპროსი, ვატიკანი, გერმანია, ლიბანი და აშშ-ის 48 შტატი.

თურქეთი ასეთ ფორმულირებას კატეგორიულად არ იღებს.

აქამდე, აშშ-ის პრეზიდენტები, მათ შორის დონალდ ტრამპიც, როდესაც თავიანთ ოფიციალურ გამოსვლებში 1915 წლის მოვლენებზე საუბრობდნენ, არ იყენებდნენ სიტყვა „გენოციდს“.

აშშ-ის 50 შტატიდან 49-მ ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი, მაგრამ ფედერალურ დონეზე პროცესს გარკვეულ ეტაპზე ყოველთვის აჩერებდნენ.

გრემის განმარტება და რეაქცია სენატში

სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს, განმარტა, რომ რეზოლუცია თეთრ სახლში, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ დაბლოკა. მისი თქმით, ის აჩერებს რეზოლუციას „არა წარსულის, არამედ მომავლის გამო“:

„მე ეს-ესაა შევხვდი ერდოღანსა და პრეზიდენტ ტრამპს და ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომელსაც ვაწყდებით სირიაში თურქეთის სამხედრო ძალების შეჭრის გამო. იმედი მაქვს, რომ თურქეთი და სომხეთი შეძლებენ ამ პრობლემის ერთად გადაწყვეტას“.

გრემმა ასევე დასძინა, რომ სენატორებმა „არ უნდა შეალამაზონ და გადაწერონ ისტორია“.

სენატორმა რობერტ მენდესმა, უფროსმა დემოკრატმა საგარეო საქმეთა კომიტეტში, გრემს უპასუხა:

„თქვენ ასე შეგაშინათ თურქეთმა? რომელია ჩვენ შორის ზესახელმწიფო? ვფიქრობ, საბოლოოდ ისე არ მოხდეს, რომ თურქეთმა განსაზღვროს, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ამერიკის სენატმა“.

ეს განცხადებები გაისმა თეთრ სახლში, 13 ნოემბერს, ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ. ბრიფინგის დროს თურქეთის პრეზიდენტმა 29 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას „თურქი ხალხისთვის სამწუხარო უწოდა“.

რა ხდება და რატომ? ექსპერტის მოსაზრება

პოლიტოლოგი სურენ სარქსიანი მიიჩნევს, რომ რეზოლუციის დაბლოკვაზე გავლენა სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა. ერთ-ერთი – ამერიკულ-თურქული ურთიერთობების გაუმჯობესებაა:

„ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ, თურქეთისა და აშშ-ის ურთიერთობები შეიძლება საერთოდ სხვა გზით წავიდეს. შესაძლოა დაახლოება დაიწყოს, რადგან თბილი შეხვედრა იყო.

ეს ნიშნავს, რომ ბევრი საკითხისადმი შეიცვლება მიდგომა. ურთიერთობები განვითარდება, როგორც ორი სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობა. უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ჩვენ მათი ურთიერთობების გაუმჯობესების მოწმეები გავხდებით“.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გლობალური ანტითურქული განწყობები ჯერ კიდევ არსად წასულა:

„ამერიკული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წრეებისთვის ჯერ კიდევ არსებობს ღია კითხვები. ისინი ეხება რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომელიც თურქეთმა შეიძინა. ეს აშშ-ისთვისაც დიდი პრობლემაა და ნატოელი პარტნიორებისთვისაც“.

რაც შეეხება თავად გრემის გადაწყვეტილებას, პოლიტოლოგის აზრით, სენატორს „ნათლად აჩვენეს, რომ რეზოლუციის გასვლის შემთხვევაში, აშშ-ს პრობლემები შეექმნება სირიასთან დაკავშირებით და თურქეთი ამერიკას არ დაეხმარება“.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ახლაც კი არის შესაძლებლობა, რეზოლუცია წინ წავიდეს:

„სენატში რესპუბლიკელების ლიდერს აქვს რეზოლუციიდან ვეტოს მოხსნის უფლება. მაგრამ ამისათვის საჭიროა დიდი პოლიტიკური ნება და სენატორების ძლიერი მხარდაჭერა. მაშინ რეზოლუციას შანსები ექნება. მაგრამ ეს ბევრ დროს წაიღებს“.

სურენ სარქსიანის თქმით, ახლა სომხური ლობის წინაშე რთული ამოცანა დგას – მიაღწიონ იმას, რომ გრემმა ვეტო მოხსნას:

„თუკი ის რეზოლუციის წინააღმდეგია, შეუძლია, უბრალოდ წინააღმდეგ მისცეს ხმა და არ დაბლოკოს რეზოლუცია სენატში. ის ამ გზით წავა, თუკი სხვა სენატორების მხრიდან ძლიერ მხარდაჭერას მიიღებს“.

რატომ მიიღო რეზოლუცია ადრე წარმომადგენელთა პალატამ 

აშშ-ის კონგრესი წლების განმავლობაში აყოვნებდა სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებას ნატოელ მოკავშირესთან, თურქეთთან ურთიერთობების გაუარესების შიშით.

გენოციდის ხსენების აკრძალვიდან, მემორიალის აგებამდერა გზა გაიარა სომხეთმა ოსმალეთის იმპერიაში

ბუნდესტგმა სიტყვაგენოციდიწარმოთქვა

რეზოლუციის განხილვის დაჩქარება აშშ-ის თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებამ გამოიწვია. სიტუაციაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა:

• თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიელი ქურთების წინააღმდეგ, რომლებიც ამერიკელების მთავარი მოკავშირეები იყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებთან ბრძოლაში. ამასთან, ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა სირიის ტერიტორიიდან ჯარების გამოყვანის შესახებ.

• თურქეთის გადაწყვეტილება, შეიძინოს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა ს-400, აშშ-ის უკმაყოფილების მიუხედავად.

ამასთან, რეზოლუციის მიღების გეოპოლიტიკურ კონტექსტს არ მალავდნენ არც მისი მომხრეები. სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს, კონგრესმენმა ტედ ლუმ, რომელიც წარმოადგენს ოლქს, სადაც ბევრი სომეხი ცხოვრობს, Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც აშშ-მ გენოციდი უნდა აღიაროს.

ჰოლანდიის პარლამენტმა თურქეთში სომხების გენოციდი აღიარა

უფრო მეტიც, გენოციდის საკითხის კენჭისყრის დასრულებისთანავე, წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა, კვლავ დიდი უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ტრამპს თურქეთის მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა.

კანონპროექტის თანახმად, შემოთავაზებულია დაწესდეს სანქციები თურქ მაღალჩინოსნებზე, მათ შორის, თავდაცვის მინისტრზე, დაიბლოკოს თურქი ჩინოვნიკების აქტივები და დაუწესდეს სანქციები თურქულ ბანკებს.


ასევე წაიკითხეთ