მაფიასა და კორუფციასთან ბრძოლა ჟურნალისტსა და მის მეგობარ ქალს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. სლოვაკეთის ასობით ათას მოქალაქეს არ სურს, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი დარჩეს" />

სლოვაკეთი: ჟურნალისტის მკვლელობამ პოლიტიკური კრიზისი წარმოშვა

მაფიასა და კორუფციასთან ბრძოლა ჟურნალისტსა და მის მეგობარ ქალს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. სლოვაკეთის ასობით ათას მოქალაქეს არ სურს, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი დარჩეს

მარტის დასაწყისიდან სლოვაკეთში ჟურნალისტისა და მისი მეგობარი ქალის ხმაურიან მკვლელობასთან დაკავშირებით მიტინგები და მსვლელობები იმართება. გამოსვლებმა 1989 წლის სამოქალაქო პროტესტების შემდეგ პირველად მიიღო ასეთი ფართო ხასიათი. ორშაბათს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კალინიაკი გადადგა. აქციის მონაწილეები სწორედ მის გაგადგომას მოითხოვდნენ. რატომ აღმოჩნდა სლოვაკეთი ჟურნალისტის მკვლელობის გამო პოლიტიკური კრიზისის პირას?

სლოვაკები შეძრა ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიის განმავლობაში ჟურნალისტის პირველმა შეკვეთილმა მკვლელობამ და ხელისუფლების იმ კრიმინალურმა კავშირებმა, რაც მოკლული ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით გამოაშკარავდა. პარასკევს მთელ სლოვაკეთში 100,000-ზე მეტი ადამიანი ხელისუფლების ქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამოსახატავად და დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით გამოვიდა. ბრატისლავის ცენტრში მიტინგზე 60,000 ადამიანი შეიკრიბა.

რა მოხდა?

ფოტო: ეკატერინა ბეზგაჩინა

ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი მეგობარი ქალი მარტინა კუშნიროვა 2018 წლის 25 თებერვალს მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული მათი გვამები აღმოაჩინეს იმ სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ – ქალაქ გალანტის მახლობლად, სლოვაკეთის დასავლეთით. მკვლელობა მაშინვე იანის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირეს. ის მუშაობდა პორტალ Aktuality.sk-ს რედაქციაში, რომელიც საგამომცემლო სახლ Ringier Axel Springer-ს ეკუთვნოდა.

ჟურნალისტი სახელმწიფოებრივი კორუფციისა და საგადასახადო მაქინაციების შესახებ წერდა. მისი უკანასკნელი სტატია, რომელიც უკვე მისი მკვლელობის შემდეგ გამოქვეყნდა, იტალიის სამხრეთში, კალაბრიაში არსებულ ორგანიზებულ დამნაშავეთა დაჯგუფებასთან, მაფიოზურ კლან – „ნდრანგეტასთან“ სლოვაკელი პოლიტიკოსების კავშირებს შეეხებოდა, ასევე იმას, თუ როგორ ითვისებენ ისინი ევროპის კავშირის მიერ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილ თანხებს.

რატომ დაიწყო პროტესტი?

სლოვაკებს მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ცივილიზებულ ქვეყანაში დაუშვებელია, და ის გამოძიებული უნდა იყოს, დამკვეთები კი – დაისაჯონ. ათასობით ადამიანი გამოვიდა ბრატისლავაში 2018 წლის 2 მარტს მშვიდობიან მსვლელობაზე, რათა გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანებისთვის პატივი მიეგოთ. დაახლოებით 25,000-მა ადამიანმა ქალაქში გაიარა და იმპროვიზირებულ მემორიალებთან სანთელი დაანთო. იანის და მარტინას ფოტოები 1989 წლის აჯანყების სამახსოვრო დაფასთან, მთავრობის სახლის შენობასთან და ქალაქის ცენტრის რამდენიმე სხვა ადგილას დააწყვეს.

ერთი კვირის შემდეგ, 9 მარტს, ადამიანები ახალ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. მიტინგი მთელი სლოვაკეთის მასშტაბით 17 ქალაქში ჩატარდა, დიასპორების წარმომადგენლებმა კი მთელი მსოფლიოს რიგ ქვეყნებში აქციები გამართეს. პირველი მსვლელობისგან განსხვავებით, მეპროტესტეები მკვლელობის დამოუკიდებელ გამოძიებას და შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კალინიაკის გადადგომას მოითხოვდნენ. ბევრს მიაჩნია, რომ მოქმედი ხელისუფლება და თავად პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო კორუფციაში ჩაფლულები და მკვლელობასთან დაკავშირებულნი არიან.

თუმცა, აქციების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობენ, მხოლოდ მშვიდობიანად მოითხოვენ მომხდარის გამოძიებას – ისე, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებას შეჰფერის. პროტესტის დროს ადამიანებმა გასაღებების აცმებით ხელები მაღლა აღმართეს და აჩხრიალებდნენ. მშვიდობიანი გარდაქმნების ეს სიმბოლო 1989 წელს გამოიყენეს, როდესაც საზოგადოება ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური ხელისუფლებისგან გარდაქმნებს მოითხოვდა.

პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში?

მკვლელობის შემდეგ პოლიციამ მაშინვე რამდენიმე რეიდი ჩაატარა და ასობით ადამიანი დააკავა. დაკავებულთაგან ბევრი იტალიელია, რომლებიც სლოვაკეთში ბიზნესით არიან დაკავებულები. თუმცა, მალე ყველა გაათავისუფლეს.

პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ახალგაზრდა ადამიანების მკვლელობის გამო აღშფოთება გამოთქვა და პირობა დადო, რომ მილიონ ევროს გადაუხდიან მას, ვინც ამ დანაშაულის გახსნაში დაეხმარებათ. მან ნაღდი ფულის ნაწილი პრეს-კონფერენციაზეც კი მიიტანა, რათა ჟურნალისტები თავისი განზრახვის სერიოზულობაში დაერწმუნებინა. ფიცომ ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორების უკან ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის „სოროსის ხელს“ ხედავს, და დამსწრეები საპროტესტო აქციების დროს შესაძლო პროვოკაციების თაობაზე გააფრთხილა.

თავის მხრივ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ადამიანებს მოუწოდა, სიტუაცია არ დაძაბონ და ყველაფერს ფარულ შეთქმულებას ნუ დაუკავშირებენ. მისი განცხადებით, ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობა აკისრია და პრემიერს შესთავაზა, რომ ნებაყოფლობით გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებზე დაფიქრდეს.

გასულ კვირას ფიცოს მთავრობა რამდენიმე ჩინოვნიკის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაკმაყოფილდა, მაგრამ უკვე 2018 წლის 12 მარტს გადადგომის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კოლინიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ის თანამდებობას იმის გამო ტოვებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდეს. მეპროტესტეები სწორედ მის გადადგომას მოითხოვდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მან განუკითხავი კორუფიის გამო პასუხი უნდა აგოს.

ახლანდელ აქციებში ზოგიერთი პოლიტოლოგი 1989 წლის ჩეხოსლოვაკიის ანალოგიებს ხედავს. მაშინ ყველაფერი 1939 წელს ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის დროს დაღუპული სტუდენტის წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტური დემონსტრაციებით დაიწყო და კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასრულდა. ახლანდელ მშვიდობიან აქციებს ბევრი უკეთესობისკენ ცვლილების იმედით უყურებს. მთავრობას ხომ ხალხი ირჩევს და ამიტომ მას თავისი დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის მოთხოვნის უფლებაც აქვს. შესაძლოა, 29 წლის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია განმეორდეს.


ასევე წაიკითხეთ