სემერენკო, გოლდენი და გრენი სმიტი - თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანია ამოქმედდა " />

სკოლის ბუფეტის ახალი მენიუ

სემერენკო, გოლდენი და გრენი სმიტი - თბილისის სკოლებში ვაშლების დარიგების კამპანია ამოქმედდა

სასწავლო წელი დაიწყო და ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს პირველ ზარზე მეტად, ალბათ, პირველი შესვენება უხარიათ, როდესაც თავქუდმოგლეჯით სკოლის სასადილოსკენ გარბიან.

თუმცა, წელს, სასადილოში ჩასულ ჟელიბონების, ჩიფსების და ათასგვარი სხვა სასუსნავის მოყვარულებს დიდი იმედგაცრუება ელით;

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წელს 2,085 საჯარო სკოლისთვის ჯანსაღი კვების დოკუმენტი დაამტკიცა.

ამ დოკუმენტის თანახმად, საჯარო სკოლების სასადილოები თავდაყირა დადგა – დახლებიდან გაქრა სასუსნავები, შოკოლადები, კანფეტები, საღეჭი რეზინები, გაზიანი სასმელები, მაიონეზით შეზავებული პროდუქტები, ალერგიული საკვები – მაგალითად სოკო – კონსერვები და სხვა არაჯანსაღი პროდუქტი.

UNICEF: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

ბავშვებს კოკა-კოლის ნაცვლად კომპოტის, ნატურალური წვენის ან წყლის დალევა მოუწევთ მას შემდეგ, რაც ბოსტნეულით, ხილით და ცილით მდიდარი რაციონით ისადილებენ.

სკოლებში კვების გაჯანსაღება პირადად განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივაა.

ჯეჯელავას ინიციატივით, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში თბილისის რამდენიმე სკოლაში კვირაში ორჯერ ბავშვებს შესვენებაზე ვაშლი დაურიგდებათ.

უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც სკოლებს ვაშლით მოამარაგებს.

შპს KEPKA გ დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს და ამაში ბიუჯეტიდან 69 940 ლარს მიიღებს. მოსწავლეებს ვაშლის სამ ჯიში: სემერენკო, გოლდენი და გრენი სმიტი დაურიგდებათ.

საქართველოში მოსახლეობის ჯანსაღი კვების ჩვევები არავის გამოუკვლევია. ქვეყანაში, სადაც UNICEF-ის მოსახლეობის კეთილდღეობის 2015 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ყოველი მეხუთე ბავშვი საღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე საარსებო მინიმუმზე — თვეში 69 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, კვლევის საგანი ხშირად საარსებო კალათა უფროა.

თუმცა, სპეციალისტები კვლევების გარეშეც დარწმუნებულები არიან, რომ მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვებით ქართველი მოსწავლეები განებივრებულები არ არიან.

ბრიტანული ორგანიზაცია ოქსფამი თავის 2016 წლის კვლევაში წერს, რომ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ბევრ სკოლას არათუ ჯანსაღი საკვებით მდიდარი სასადილო არამედ, „კვების ბლოკი საერთოდ არ გააჩნია“.

ოქსფამი თავის ერთი წლის წინანდელ კვლევაში ხაზს უსვამს, რომ სკოლებში ჯანსაღი კვების ორგანიზებასთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს.

 

ჯანსაღი საკვები ძვირია

მოიჯარეები, რომლებიც სკოლის ბუფეტებს ამუშავებენ, ამბობენ, რომ მინისტრის გადაწყვეტილება ბევრ გაუგებრობასთანაა დაკავშირებული.

მეწარმე ლარისა გაგუა, თბილისის ერთ-ერთი სკოლის ბუფეტის მოიჯარეა. ის ამბობს, რომ ჯერ კარგად ვერ გაერკვა, ზუსტად რა პროდუქტების შეტანის უფლება აქვს სკოლაში და რისი – არა.

მისი თქმით, ბავშვები, როდესაც სკოლის ბუფეტში მათთვის საყვარელ საკვებს ვერ პოულობენ, გადიან და მას სკოლის გარეთ, მაღაზიაში ყიდულობენ.

“20 თეთრით მოდის ბავშვი და დაიდებს ხელის გულზე და მეკითხება, ამით რა მომივაო?”

კიდევ ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ჯანსაღი საკვები უფრო ძვირი ღირს და ბავშვებს ხშირად მისი საყიდელი ფული არ აქვთ.

„20 თეთრით მოდის ბავშვი, დაიდებს ხელის გულზე და მეკითხება, ამით რა მომივაო? იმ ბავშვისთვის ან 10 თეთრიანი ბუბლიკი ან ორცხობილა არ უნდა მქონდეს, რომ ბავშვი გულდაწყვეტილი არ დარჩეს? რა აზრი აქვს, სკოლაში იყიდიან ჩიფსებს, თუ მის ფარგლებს გარეთ? “- ამბობს ის.

თუმცა ლარისას და სხვა დანარჩენ მოიჯარეებს, რომლებმაც სკოლაში საკვების გაყიდვის უფლება ტენდერში მოიპოვეს, მოუწევს განკარგულებას დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ინიციატივის მიხედვით, სამინისტრო მათ კონტრაქტს გაუუქმებს. სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს ტრენინგები ჩაუტაროს მოიჯარეებს და დაეხმაროს მათ ადაპტირდნენ ახალ პირობებთან.

ბავშვები და მშობლები

სკოლის სასადილოების ახალ რაციონთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ სკოლის მოსწავლეებს და მათ მშობლებსაც:

„მე სპორტსმენი ვარ და სულ ჯანსაღად ვჭამ – გამიხარდა, რომ ახლა სხვებიც მე მომბაძავენ”, – ამბობს მეოთხეკლასელი გიორგი პაიჭაძე, რომელმაც სადილისთვის ეს-ეს იყო ბანანი და ხაჭაპური შეიძინა.

“არ მიყვარს ვაშლი, საერთოდ არ ვჭამ, რომ დაგვირიგებენ ჩანთაში ჩავიდებ ჩუმად. სასადილოში აქამდეც არ ჩავდიოდი, სახლიდან მომაქვს ბუტერბროდები”, – ამბობს მეექვსეკლასელი ანა.

მშობლებისთვის ჯანსაღი კვება არა მხოლოდ სასურველი, ხშირად თავსატეხიცაა.

„ვერც ვატან საჭმელს სკოლაში ჩემს ბავშვს. ვისაც კონტეინერებით დააქვს დასცინიან, განსაკუთრებით ბიჭებს, და ამიტომ ჩემსას არ დააქვს. თანაც, წიგნები ისეთი წონის და ზომისაა, საჭმლის კონტეინერი ჩანთაში აღარც ეტევა“, – ამბობს სოფო ნაცვლიშვილი, მეექვსეკლასელი მათეს დედა.

„ჩემს შვილს ალექრგია აქვს ჩიფსებზე. ახლა დიდია და იცის თვითონაც, მაგრამ პირველ-მეორე კლასში რომ იყო, მარტივად ყიდულობდა სკოლის ბუფეტში და თვეში ერთხელ მაინც წითელი კოპლებით ბრუნდებოდა სკოლიდან“, – ამბობს ნინო.

მარი ჯავახიშვილი თავის გოგონებს ხშირად ატანს სახლიდან სადილს სკოლაში, თუმცა ბავშვებს ჭამა ბუფეტში ურჩევნიათ და გატანებული საკვები ხშირად უკან მოაქვთ.

„ ვფიქრობ შესვენების დროც უნდა გაიზარდოს. ჩემი შვილი პატარაა ასაკით და ხშირად ბუფეტში რომ ჩადის, დიდი რიგის გამო ვერ ასწრებს ყიდვას და ჭამას, ამიტომ ბევრჯერ მთელი დღე უჭმელი ყოფილა”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები

  • სკოლის სადილმა უნდა შეადგინოს ბავშის საკვების დღე-ღამური მოთხოვნის 30-35%.
  • სადილის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთიანი დასვენება.
  • რეკომენდებულია, წინასწარ შედგეს სასკოლო კვების 10-დღიანი მენიუ-განრიგი.
  • საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, წარმოდგენილი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, ფრინველის, საქონლისა და თევზის ხორცით.
  • საკვები ცხიმების, მარილისა და შაქრის მცირე რაოდენობას უნდა შეიცავდეს.
  • წყალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ასევე წაიკითხეთ