საქართველოში მთის სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება" />

სკოლები მოსწავლეების გარეშე

საქართველოში მთის სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება

საქართველოს რეგიონების მაღალმთიანი სოფლებში ჩვეულ მოვლენად იქცა სკოლები, სადაც მოსწავლეების ჩამოთვლა თითებზე შეიძლება. JAMnews მოგითხრობთ იმერეთში მდებარე ორი სოფლის სკოლების შესახებ, რომლებიც მალე შესაძლოა მოსწავლეების გარეშე დარჩნენ.

საქართველოში სულ 2 085 საჯარო სკოლაა, აქედან, უმეტესობა ქალაქებში. აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, კახეთი, მცხეთა მთიანეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე– ჯავახეთი, ქვემო ქართლი – ეს საქართველოს იმ რეგიონების ჩამონათვალია, რომელთა მუნიციპალიტეტებში არსებობს სკოლები, სადაც 10–ზე ნაკლები ბავშვი სწავლობს.

•სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები

საქართველოში მღვდლებმა სოფლის სკოლების თავზე ვერტმფრენიდან კანფეტები ჩაყარეს

ქართული სკოლები აფხზეთში: როგორ მოვიქცეთ

ამ რეგიონებს შორის, მცირეკონტიგენტიანი სკოლების სიმრავლით იმერეთი გამოირჩევა. რეგიონის 10 სოფლის სკოლაში ცხრა ან ნაკლები ბავშვი სწავლობს. ეს, ძირითადად, ის სოფლებია, რომლებიც მაღალმთიანის სტატუსის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ და, შესაბამისად, არც ამ კატეგორიისთვის განკუთვნილი შეღავათებით სარგებლობენ.

ონჯოხეთის სკოლაში მესამეკლასელი მარის გარდა ორი მოსწავლე სწავლობს. ფოტო: თეკლე მორგოშია

მარი მესამე კლასელია. ის იმერეთის რეგიონის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთში ცხოვრობს და სასწავლებლად ამავე სოფლის სკოლაში დადის.

სკოლაში მისასვლელად მარის ფეხით ყოველდღე 10 კილომეტრის გავლა უწევს. თითქმის ნგერვის პირას მისული სკოლის შენობის მესამე კლასის საკლასო ოთახში, სამი მერხი, ამდენივე სკამი, დაფა და კედელზე განთავსებული გაკვეთილების ცხრილი ხვდება.

სასკოლო ავეჯი მარისთვის, გულნაზი მასწავლებისთვის და პირველკლასელი გვანცასთვისაა განკუთვნილი, რომელსაც ხშირად მარისთან ერთად, რამდენიმე საგანი ინტეგრირებულად უტარდება.

მარის და პირველკლასელ გვანცას გაკვეთილი ხშირად ერთად უტარდებათ. ფოტო: თეკლე მორგოშია

სკოლაში სულ სამი მოსწავლე და ცხრა მასწვლებელია, რომელებსაც მარის მსგავსად, ფეხით შორი მანძილის გავლა უწევთ სკოლაში მისავლელად.

მარი გვიყვება, რომ მის წარმოსახვაში სკოლა ბევრ კლასელთან, ჟრიამულთან, გაკვეთილებზე „მე, მე“–ეს ძახილთან ასოცირდებოდა. თუმცა, სკოლაში მისულს ყველაფერი სხვანაირი დახვდა.

„კარგი იქნებოდა კლასელები რომ მყავდეს, უფრო კარგად გავერთობოდით დასვენებაზე, ახლა ხანდახან ტელეფონზე ვთამაშობ, ხან მასწავლებლები მეთამაშებიან, ხან ვიწყენ“, – გვიყვება მესამეკლასელი გოგონა.

თუმცა, მიაჩნია, რომ რადგან მთელი 45 წუთის განმავლობაში ყურადღება მხოლოდ მას აქვს დათმობილი, უკეთესად და ბევრ რამეს ისწავლის.

ონჯოხეთის სკოლა. ფოტო: თეკლე მორგოშია

საგაკვეთილო პროცესისთვის განკუთვნილი 45 წუთი ასევე, ერთ მოსწავლეზეა დათმობილი ონჯოხეთის მეზობლად მდებარე სოფელ გადიდის სკოლის მეხუთე კლასშიც.

ამ სოფლის ერთ ეზოში ორი ხის ძველი ოდა დგას, სადაც სულ ცხრა ბავშვი სწავლობს.

თითოეულ ოდაში სამ–სამ საკლასო ოთახია, რომელთაგან ორს ბოქლომი ადევს. სკოლაში ელექტროენერგია არ აქვთ და იმისთვის, რომ სინათლე შევიდეს, ზაფხულშიც და ზამთარშიც კარები ღია აქვთ.

სკოლის ადმინისტარციაში განმარტავენ, რომ შენობების რემონტი იმის გამო ვერ ხერხდება, რომ მუნიციპალიტეტი სარეაბილიტაციოდ იმ სკოლებს ირჩევს, სადაც უფრო მეტი მოსწავლეა.

გადადის სკოლა. ფოტო: თეკლე მორგოშია

„ყველა სკოლის რემონტის ფინანსები, ცხადია, მუნიციპალიტეტს არ აქვს. ჩვენი სოფლისთვის და ამ ბავშვებისთვის ეს სკოლაც რომ არის ესეც დიდს ნიშნავს. თუმცა, გადიდში 2020 წელს დაგეგმილია საკოლაში სახურავი და გათბობის სისტემის მოწესრიგება“, – ამბობს სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი დუშიკო ორმოცაძე.

ინფრასტრუქტურულის გარდა, ამ სკოლებში საგანმანათლებლო პრობლემებიც დგას. ბავშვთა სიმცირის გამო ვერ ტარდება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები, რაც სასწავლო პროგრამით სავალდებულოა. როგორც მასწავლებლები ამბობენ, მოსწავლეებს „მრავალმხრივი უნარები ვერ უვითარდებათ“.

გადიდის სკოლაშიც გაკვეთილები ხშირად ერთ მოსწავლეს უტარდება. ფოტო: თეკლე მორგოშია

შეღავათების გარეშე დარჩენილი სოფლები

ონჯოხეთი და გადიდი ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული, მაღალმთიანი სოფლის სტატუსი კი 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფლებს ენიჭებათ. თუმცა, პრობლემები ამ ორ სოფელშიც ზუსტად იგივე აქვთ, რაც „სტატუსიან“ მაღალმთიან სოფლებს.

უგზოობა, უგაზობა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობების და რაიმე პერსპექტივის უქონლობა მოსახლეობის რიცხოვნობაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე აისახა.

„შეიძლება ითქვას, ჩვენს სოფელში იმდენი ახალგაზრდა ცხოვრობს რამდენი მოსწავლეც დადის სკოლაში. ეს ბავშვებიც სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან არიან, ალბათ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ესენიც არ ივლიან“, – განმარტავენ სკოლის პედაგოგები.

2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, სოფელ ონჯოხეთში 213 კომლი, ხოლო გადიდში 252 ოჯახი ცხროვრობდა. დღეს ამ ოჯახების მხოლოდ მესამედიღა დარჩა.

მაცხოვრებლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ნაწილი ქუთაისში, ხოლო ნაწილი ვანში გადაიხვეწა. სოფლების რწმუნებილი ელგუჯა ბელთაძე გვიყვება, რომ მიგრაცია ყოველწლიურად მზარდია, რაც სოფლების დაცლის საფრთხეს ქმნის.

მიტოვებული სახლი სოფელ გადიდში. ფოტო: თეკლე მორგოშია

„არ ვიცი როგორ, მაგრამ მთავრობამ ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ სოფელს ხელი შეუწყოს, არა მგონია ვინც უკვე წასულია ის დაუბრუდეს ამ სოფლებს, ვგულისხმობ ახლაგაზრებს, მაგრამ ახლა მთავარი იმ ადამიანების შენარჩუნებაა, რომლებიც აქ ცხოვრობენ“, – ამბობს ელგუჯა ბელთაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მთის განვითარების ცენტრი” მთიან რეგიონებში საზოგადოების გააქტიურებასა და მობილიზაციაზე, ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებაზე და ხელშეწყობაზე მუშაობს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი შოთა ბუჩუკური იმ მიზეზებზე საუბარობს, რის გამოც მივიდა მთის სოფლების დაცლამდე.

„მთავარი პრობლემა რატომაც მთა იცლება არის სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები. ხალხს არ აქვს შემოსავალი, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა. არ არის წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სხვადასხვა სერვისზე. იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი სერვისები მეტ–ნაკლებად ხარისხიანია და ეკონომიკური აქტივობაც მაღალია მიგრაცია არც ისე მაღალია“, – განმარტავს შოთა ბუჩუკური.

“ამიტომ აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს და შემდეგ აღარც ოჯახები დატოვებენ მთას და ბავშვებიც იქნებიან სკოლებში”.

“მთის კანონი” და უსტატუსო სოფლების პერსპექტივა

2016 წლის იანვრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1 731 დასახლებას (სადაც 331-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს) აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და 245 697 მოქალაქე სარგებლობს დადგენილი სოციალური თუ საგადასახადო შეღავათებით.

კანონის თანახმად, განისაზღვრა სოციალური შეღავათები – საპენსიო დანამატის, სოციალურ პაკეტზე დანამატის, ექიმის და ექთნის, საჯარო სკოლის მასწავლებლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის სახელფასო დანამატის, მწვრთნელების ფინანსური დახმარების, საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსების, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის, მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათის, დაბადებული ბავშვისთვის ფულადი დახმარების სახით.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ შესაბამისად, ასევე განსაზღვრულია საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადების საგადასახადო შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებისათვის.

რას გეგმავს მთის განვითარების ეროვნული საბჭო იმ სოფლების მიმართ, რომლებსაც „სიმაღლეები“ არ ჰყოფნით სტატუსის მისაღებად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ასე განგვიმარტეს:

„განხილული იქნა შემდეგი სამი ინიციატივა: მუნიციპალიტეტების, რომელთა დასახლებების 80%-ზე მეტს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, დანარჩენი დასახლებებისთვისაც სტატუსის მინიჭების საკითხი; ზღვის დონიდან 2000 მეტრს ზემოთ მდებარე დასახლებების შემთხვევაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობისათვის 9 თვიანი პერიოდის 6 თვემდე შემცირების საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებისათვის, რომელიც 800 მეტრს ზემოთ მდებარეობს მათთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებისათვის პირობების შემსუბუქების საკითხი“, – ამბობენ უწყებაში.


ასევე წაიკითხეთ