არ არსებობს არავითარი დადასტურება, რომ გადასვენებული ნაწილები ჰაჯი-მურატს ეკუთვნის " />

სკანდალური „დასაფლავება“: ჰაჯი-მურატის სხეული აზერბაიჯანიდან გაიტაცეს?

არ არსებობს არავითარი დადასტურება, რომ გადასვენებული ნაწილები ჰაჯი-მურატს ეკუთვნის

2 ივნისს დაღესტანში ჩატარებულმა დაკრძალვის ცერემონიამ [რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებული ავტონომიური რესპუბლიკა] აჟიოტაჟი გამოიწვია – არსებობს ეჭვი, რომ იქ გადაასვენეს ლეგენდარული სამხედრო მეთაურის ჰაჯი-მურატის ნაწილები, რომელიც აზერბაიჯანიდან გაიტაცეს. ამის შესახებ წერს გაზეთი  „დაღესტნელი ახალგაზრდობა“.

• აზერბაიჯანში დარჩეს თუ დაღესტანში გადაასვენონ – კამათი ჰაჯი მურატის ნაწილების ირგვლივ

• „სოვეტსკაია“ – ბაქოს გაქრობის პირას მყოფი კვარტალი

ჰაჯი-მურატი წარმოშობით დაღესტნიდან იყო, მაგრამ მისი სხეული აზერბაიჯანშია დამარხული, ხოლო თავის ქალა სანკტ-პეტერბურგში. საქმე ისაა, რომ უკვე დაახლოებით 10 წელიწადია, წყდება, თუ სად და როგორ უნდა დამარხონ სამხედრო მეთაური.

ჰაჯი-მურატ ავარიელი (დაახლოებით1818-1852 წლები) – ჩრდილოკავკასიელი სამხედრო მეთაური და ეროვნული გმირია, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ კავკასიის მთიელი ხალხის ბრძოლის მონაწილე. ლევ ტოლსტოის იმავე სახელწოდების მოთხრობის პერსონაჟი.

ჰაჯი მურატი აზერბაიჯანის ჩრდილოეთით, გახის რაიონში მოკლეს. მისი გვამი იქვე დამარხეს, თავი კი, როგორც სამხედრო ნადავლი, რუსეთში ჩაიტანეს. ამჟამად თავის ქალა პეტერბურგის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება.

სად უნდა დაიმარხოს?

დაახლოებით ათი წელიწადია, საზოგადოებრივი კომიტეტი „ლევ ტოლსტოის მემკვიდრეობა და დაღესტანი“ და ჰაჯი-მურატის შთამომავლები ჰაჯი მურატის ნაწილების „შეერთების“ მიღწევას ცდილობდნენ. 2018 წლის დასაწყისში რუსეთი მათ თავის ქალის დასამარხად გადაცემას დაჰპირდა. თუმცა, ზუსტად როდის შედგება ეს გადაცემა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ეს „შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე“ იქნება დამოკიდებული.

 დასაფლავება აზერბაიჯანულად

მაგრამ ღიად დარჩა სხვა საკითხი, თუ სად უნდა დაიმარხოს ნაწილები.

კომიტეტი „ლევ ტოლსტოის მემკვიდრეობა და დაღესტანი“ სხეულის აზერბაიჯანიდან დაღესტანში გადასვენებას და იქ თავის ქალასთან ერთად დამარხვას მოითხოვდა.

შთამომავლები სთავაზობდნენ, რომ სხეულისთვის ხელი არ ეხლოთ, უბრალოდ, თავის ქალა აზერბაიჯანში ჩაეტანათ და უკვე არსებულ საფლავში ჩაესვენებინათ.

აზერბაიჯანული მხარე ამ დავაში არ ერეოდა, მაგრამ დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სხეულის გადასვენებაში დაეხმარებოდა.

გათხრილი საფლავი

30 მაისს დაღესტნის სოციალურ ქსელებსა და მედიაში გაჩნდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ჰაჯი-მურატის სხეულს დაღესტანში მის მშობლიურ სოფელ ხუნძახში გადაასვენებდნენ. ცერემონია 2 ივნისისთვისაა დანიშნული. ჟურნალისტები „გადასვენების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე“ მაგომედ ამირხანოვის სიტყვებს ეყრდნობოდნენ. ხუნძახის რაიონის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უარყო.

მაგრამ 1 ივნისს აზერბაიჯანის გახის რაიონის მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ ჰაჯი-მურატის საფლავი დაზიანებულია. 2 ივნისს კი სოფელ ხუნძახში დასაფლავების ცერემონია ჩატარდა. მისი თვითმხილველი ამირ ამიროვი „დაღესტნელ ახალგაზრდობას“ მოუყვა, რომ ცერემონია არაფორმალურ ხასიათს ატარებდა და მას წინ უძღოდა ხანგრძლივი დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეს გადასვენება.

„იმის დამადასტურებელი საბუთები არავის წარმოუდგენია, რომ ეს ნაწილები ნაიბ ჰაჯი მურატს ეკუთვნის: ყველაფერი პატიოსან სიტყვაზე კეთდება“, – ამბობდა ამიროვი.

ფოტო: „დაღესტნელი ახალგაზრდობა“

ხუნძახის რაიონის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რაზეა საუბარი:

„სოფელ ხუნძახის სოფლის სასაფლაოზე გადასვენების რაღაც ცერემონია მართლაც შედგა, თუმცა არ არსებობს დამადასტურებელი საბუთი, რომ გადასვენებული ნაწილები ნაიბ ჰაჯი-მურატს ეკუთვნის. რაიონის ოფიციალური პირებიდან იქ არავინ იმყოფებოდა. ასევე უცნობია, თუ ვინ არიან ის ადამიანები, ვინც გადასვენება მოახდინა“.

დაუდასტურებელი მონაცემებით, ნაწილები აზერბაიჯანიდან ახალგაზრდა დაღესტნელმა მამაკაცებმა გაიტაცეს. ჯერჯერობით არც იმის დამადასტურებელი საბუთი არსებობს, რომ აზერბაიჯანიდან ეს ნაწილები დაიკარგა, და რომ დაღესტანში სწორედ ეს ნაწილები დამარხეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება არასდროს ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ დაღესტნისთვის ჰაჯი-მურატის ნაწილები გადაეცა. „აზერბაიჯანის პრეზიდენტი დახმარებას დაგვპირდა“, – თქვა იანვარში რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა ჯამალუდინ ომაროვმა, რომელიც აქტიურად იყო დაკავებული გადასვენების საკითხით.

მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, აზერბაიჯანს არანაირი ნებართვა არ გაუცია, რადგან მისთვის არც არავის უკითხავს რაიმე. აზერბაიჯანის ხელისუფლების ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით არ არის. ხოლო პრესა და გახის რაიონის მაცხოვრებლები იმ ფაქტმა გააოგნა, რომ ნაწილები მოიპარეს.

გახის რაიონი – ჩრდილოკავკასიელ  ეროვნულ უმცირესობათა საცხოვრებელი ადგილია. კერძოდ – ლეზგინებისა და ავარიელების. ჰაჯი-მურატი ასევე ავარიელი იყო.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ