სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ ტრამპის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, გაააქტიურა თურქების სამხედრო ოპერაცია " />

სირიაში ქურთები რუსეთსა და პრეზიდენტ ასადთან შედიან ალიანსში

სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ ტრამპის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, გაააქტიურა თურქების სამხედრო ოპერაცია

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით და სირიელ ქურთებთან კონფლიქტი ძალიან სწრაფად ვითარდება მას შემდეგ, რაც 6 ოქტომბერს, აშშ-მა განაცხადა, რომ ხელს არ შეუშლის ამ ოპერაციას და აღნიშნული ტერიტორიიდან თავისი ჯარების გაყვანა დაიწყო.

თურქეთის ოპერაციის მიზანი – შექმნას „უსაფრთხო ზონა“ საკუთარი საზღვრის გასწვრივ.

როგორც NPR წერს, 13 ოქტომბერს, აშშ-მა დაადასტურა საკუთარი გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანის შესახებ – რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების მოკავშირე ქურთული ფორმირებები დაუცველები დარჩნენ თურქული ძალების შეტევის წინაშე.

ვინ არიან ქურთები და რატომ არიან ისინი დარტყმის ქვეშ

რატომ აზერბაიჯანმა სირიაში თურქეთის ოპერაციას მხარი დაუჭირა

სომხეთმა სირიის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო შეჭრა დაგმო

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა უკვე 300-ზე მეტი ობიექტი. გამოიყენება მძიმე შეიარაღება – ავიაცია და არტილერია.

პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჯარების გაყვანის შესახებ განცხადების გაკეთებიდან მალევე, ქურთმა გენერლებმა აღნიშნეს, რომ თუკი აშშ არ მიიღებს მონაწილეობას თავისი მოკავშირე ქურთების დაცვაში – მაშინ ქურთებს შეთანხმება მოუწევთ სირიის პრეზიდენტ ასადსა და რუსეთთან. სამოქალაქო ომში ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

და, აი, 14 ოქტომბერს, როგორც Reuters-ი იტყობინება, ქურთებმა, „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლებმა და სირიის ოფიციალური ხელისუფლების წევრებმა ჰმეიმიმში, რუსულ სამხედრო ბაზაზე მოლაპარაკებები გამართეს.

ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ, სირიის სამთავრობო არმია თურქული ჯარების მიმართულებით დაიძრა.

სირიელი მებრძოლები, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს. ქალაქი Tal Abyad, სირია. 13 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Khalil Ashawi

ამას გარდა, ქურთები ამტკიცებენ, რომ აინ-ისას ბანაკიდან, რომელსაც ისინი იცავდნენ, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული რამდენიმე ასეული ადამიანი გაიქცა. ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო აღორძინების თაობაზე აფრთხილებენ მსოფლიოს.

თურქეთის პრეზიდენტმა ამ ინფორმაციას „დეზინფორმაცია“ უწოდა. მან არაერთხელ განაცხადა და კიდევ გაიმეორა, რომ მის თვალში მთავარი „ტერორისტები“ თავად ქურთები არიან.

გერმანიამ და საფრანგეთმა თურქეთისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტეს.

აშშ და ევროკავშირი თურქეთს შესაძლო სანქციების თაობაზე აფრთხილებენ.

New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიება,  რომელშიც ამტკიცებენ, რომ 2019 წლის 5 და 6 მაისს, რუსეთმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, ოთხი ჰოსპიტალი დაბომბა, რომელსაც მაშინ ოპოზიცია აკონტროლებდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას უარყოფს, მაგრამ თუკი ეს მართალია – დაიწყება სისხლის სამართლის პროცესი რუსეთის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო.

აშშ-ს ღალატში ადანაშაულებენ, ქვეყანას კი პასუხისმგებლობას აკისრებენ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრ გართულებაზე.

როგორც Economist-ი წერს, ტრამპმა პრაქტიკულად თანხმობა განაცხადა თურქეთის შეტევაზე ქურთი მოკავშირეების წინააღმდეგ სირიაში, როდესაც იქიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის ბრძანება გასცა.

უფრო მეტიც – მან არც კი გააფრთხილა ქურთები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში, გმირულად იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ, აშშ-ის მიერ შექმნილი კოალიციის ფარგლებში. ამის შესახებ Economist-ი წერს.

„მოვიდა დრო, მივცეთ სხვებს, მაგალითად, რუსეთსა და ირანს „სიტუაციაში გარკვევის“ საშუალება“, – დაწერა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპმა.

მაგრამ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ მისი კოლეგებიც კი რესპუბლიკური პარტიიდან – ტრამპმა უკან დაიხია.

„თურქეთმა არ უნდა გააკეთოს რაიმე აკრძალული“, – დაწერა მორიგ ტვიტში ტრამპმა.

თუმცა, თურქეთმა, სრული იგნორირება გაუკეთა ამ გაფრთხილებას და 9 ოქტომბერს დიდი საომარი კამპანია წამოიწყო, რომელმაც სირია მორიგი მკვლელობების ციკლში გახვია, წერს Economist-ი.

ბევრი ამერიკული მედიასაშუალება და პოლიტიკოსი იხსენებენ მსგავს ეპიზოდს ახლო წარსულიდან.

როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა ერაყის მოსახლეობას სადამ ჰუსეინის დიქტატორული რეჟიმის დამხობისკენ მოუწოდა, პირველები მას ქურთები გამოეხმაურნენ. მაგრამ, როდესაც ისინი სახელისუფლებო ჯარების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ (ათასობით ადამიანი დაიღუპა), აშშ-ის მხრიდან დახმარება ვერ მიიღეს.

აჯანყებულები სირიის ოპოზიციის დროშით ხელში თურქეთის მოსაზღვრე ქალაქ Akcakale-ში. 13 ოქტომბერი, 2019. REUTERS/Murad Sezer

კომენტარები: ღირს ხელში ამერიკის დროშის დაჭერა, როდესაც თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერ აქციაზე მიდიხარ?

პატრიკ სალატი, ჟურნალისტი, ცხოვრობს თბილისში:

რა საერთოა ჰონკონგს, ვენესუელასა და საქართველოს შორის?

თითოეულ ამ ქვეყანაში, ცოტა ხნის წინ, ხელისუფლების წინააღმდეგ იმართებოდა აქციები – და პროტესტის ბევრ მონაწილეს ხელში ამერიკის დროშა ეჭირა, როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის რწმენის სიმბოლო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სირიელ ქურთებთან დაკავშირებით მოხდა, როგორც ჩანს, აშშ წყვეტს ასეთ სიმბოლოობას.

ქურთები ჩრდილოეთ სირიაში, იბრძოდნენ და გამარჯვებულები გამოვიდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნეოდნენ მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით, დასავლეთისთვის.

არასტაბილურ სირიაში მათ ჩამოაყალიბეს დე ფაქტო ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც ადამიანი შედარებით მშვიდად ცხოვრობდნენ.

მტრებით გარშემორტყმულებს, მათ აშშ-ის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მოულოდნელად, ჩრდილოეთ სირიიდან 1000 სამხედროს გაყვანა გადაწყვიტა.

ტრამპი ხელს ართმევს ჩრდილოკორეელ დიქტატორ კიმ ჩენ ინს, ხუმრობს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, ფაქტობრივად, აშანტაჟებს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. ახლა, მან „მწვანე შუქი“ აუნთო თურქების შეტევას ქურთებზე, რაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის დიდი ხნის ოცნება იყო.

როგორც თურქეთის ახალი სულთანი, ერდოღანი არ მალავს საკუთარ სურვილს, დაიბრუნოს ის მიწები, რომლებიც ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა ჩრდილოეთ სირიაში. ამავდროულად, მას სურს ანგარიში გაუსწოროს სირიელ ქურთებს, იმდენად, რამდენადაც, მათ მისი დაუძინებელი მტრის, ქურთთა მუშათა პარტიის მოკავშირედ მიიჩნევს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ერდოღანი ამბობს, რომ შეჭრა – ეს მშვიდობისკენ გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია, რომელსაც სირიის ომის შედეგად გაქცეული ორი მილიონი ადამიანისთვის შექმნის 20-მილიანი „უსაფრთხო ზონა“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერდოღანმა მშვიდობიანი ოპერაცია შემოგვთავაზა ტანკებითა და ზარბაზნებით.

მაგრამ ჩრდილოეთ სირიაში მცხოვრებ ქურთებს მიაჩნიათ, რომ მათ უღალატეს.

ტრამპმა აშკარად აჩვენა, რომ მისი საგარეო პოლიტიკა, ძირითადად, სოციალურ ქსელებში წარმოებს. რომ მას არ აქვს გეგმაში სხვა ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების დახმარება.

და ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთ ადამიანებს, როგორებიც ერდოღანი ან პუტინი არიან, შეუძლიათ მიიტაცონ ყველაფერი, რაც სურთ.

საინტერესოა, დაიჭერს თუ არა კიდევ ვინმე მსოფლიოში ხელში ამერიკის დროშას თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე?“.


ასევე წაიკითხეთ