საზოგადოება ხშირად გმობს მსხვერპლს, სახელმწიფო კი მათ არ ეხმარება და იშვიათად სჯის მოძალადეებს" />

სექსუალური ძალადობა სომხეთში. მათ შესახებ, ვინც ტაბუ გადალახა და ამაზე ილაპარაკა

საზოგადოება ხშირად გმობს მსხვერპლს, სახელმწიფო კი მათ არ ეხმარება და იშვიათად სჯის მოძალადეებს

sexual assault, children, spouses, criminal law

სექსუალური ძალადობა – ტაბუირებული თემა

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში სომხურ საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ სექსუალური ძალადობის თემას.

თავიდან სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება სომხეთში ფენომენის არსებობაზე ჩეხმა ევამ მიიპყრო. ის მოჰყვა, როგორ გააუპატიურეს სომხეთის ერთ-ერთ რეგიონში, ასევე, მომხდარის შესახებ საზოგადოების რეაქციაზე, უფრო ზუსტად, მის სრულ არარსებობაზე.

„წინააღმდეგობას ვუწევდი, ვურტყამდი, ვყვიროდი, მაგრამ მან პირზე ხელი ამაფარა და მახრჩობდა. შემდეგ მოახერხა ჩემთვის ქვედა საცვლის გახდა. მან ყელზე წამიჭირა ხელი და მგუდავდა. მანამდე მეგონა, რომ საკმარისი ძალა მქონდა და გაქცევას მოვახერხებდი. მაგრამ, როდესაც მივხვდი, რომ ვეღარ ვსუნთქავდი, გავაცნობიერე, რომ მას უბრალოდ შეეძლო მოვეკალი – სწორედ ასე და არავინ არ მოვა ჩემ დასახმარებლად“, – მოჰყვა ევა.

მოძალადე გაასამართლეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სექსუალური განათლება საქართველოში – დახურული და საშიში თემა

როდესაც ამ ისტორიის განხილვა დაიწყო, ბლოგერმა და ჟურნალისტმა ლუსი კოჩარიანმა სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წამოიწყო კამპანია, ჰეშთეგით #ძალადობის_ხმა. მან რამდენიმე ადამიანის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლებიც მას სექსუალური ძალადობის მსხვერპლებმა გაუგზავნეს. რამდენიმე საათის შემდეგ, წერილების რაოდენობამ მსგავსი ისტორიით, ორასს მიაღწია. მაშინ მან სპეციალური გვერდი გახსნა „ძალადობის ხმა“, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანონიმურად მოჰყვეს საკუთარ ისტორიას.

„5-6 წლის ვიყავი, სახლში სათამაშო ოთახი გვქონდა, სადაც დასთან ერთად ხშირად ვთამაშობდი. ჩემი ბიძაშვილი, რომელიც 10 წლით უფროსი იყო, ჩვენთან სტუმრად მოვიდა, ტანსაცმელჩაცმული დამაწვინა, ამასთან, მაგრად მიჭერდა და უსიამოვნოდ მეხახუნებოდა, რაღაც მოძრაობებს აკეთებდა, ვგრძნობდი, როგორ მაჭერდა „რაღაც მაგარს“. ეს საშინლად უსიამოვნო იყო, მაგრამ თავის დაღწევა ვერ მოვახერხე… მხოლოდ დაქორწინების შემდეგ მივხვდი, ეს რა იყო… საინტერესოა, რომ არ ვიცოდი, ეს რა იყო, მაგრამ ვერ გადავწყვიტე ვინმესთვის კითხვა, დედასთვისაც კი…“, – ჰყვება ერთ-ერთი ანონიმური მსხვერპლი.

ბევრისთვის ეს ისტორიები დაუჯერებელი იყო, იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მოძალადე ოჯახის წევრი იყო – ბაბუა, ბიძა, ბიძაშვილი. ამას გარდა, ხშირად საუბარი იყო ბავშვებზე ძალადობაზე. უნდობლობა გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ პუბლიკაციები ანონომური იყო.

ისტორია სასამართლო პრაქტიკიდან

სანამ სოციალურ ქსელებში ანონიმური ისტორიების რეალურობაზე მსჯელობდნენ და უარს ამბობდნენ მათ დაჯერებაზე, ჟურნალისტმა გევორგ ტოსუნიანმა გადაწყვიტა, ეს ემოციური საუბარი ფაქტების სფეროში გადაეყვანა. მან გამოაქვეყნა რეალური ისტორიები სასამართლო საქმეებიდან:

„ჟურნალისტ ლუსი კოჩარიანის ხმაურიანი პუბლიკაციების შემდეგ, საზოგადოებაში, მათ შორის, ჩემს მეგობართა შორის შევნიშნე სამართლიანი უნდობლობა ამ გამოვლინებისადმი. მე კი არაერთხელ მქონია შეხება ამასთან, ვსწავლობდი მას და დავრწმუნდი, რომ ის არსებობს და თანაც ძალიან სახიფათო ფორმით. ამავდროულად, შევნიშნე, რომ ლუსი კოჩარიანის გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები გარკვეულწილად გადაჭარბებული და ხელოვნური იყო.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელში განხილვებს და შევამჩნიე, რომ ბევრი საკმაოდ ჭკვიანი ადამიანი არ უჯერებდა მათ და უმტკიცდებოდათ შეხედულება, რომ ეს მოვლენა ჩვენს საზოგადოებაში ხელოვნურად იყო გაბერილი. მაშინ გადავწყვიტე, ადამიანებისთვის რეალური ისტორიები გამეცნო. დიდი დრო არ დამჭირვებია ძებნისათვის, იმდენად, რამდენადაც წარსულში მსგავს შემთხვევებს სასამართლო საქმეებში გადავაწყდი. ერთი მიზანი მქონდა – ავტორიტეტული გამოცემის დახმარებით, ამ შემთხვევაში „სივილნეტის“, წარმომედგინა რეალური ფაქტები“.

აქ წარმოდგენილია გევორგის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სასამართლო საქმის აღწერა:

„2008 წელს არტური და მისი მეგობრები მასთან სახლში სვამდნენ, როდესაც არაყი გაუთავდათ, არტურმა თავისი ქალიშვილი ანაიტი არაყის მოსატანად გაგზავნა. მან უარი უთხრა, იმიტომ, რომ უკვე ბნელოდა. მამამ გოგონას გინება და ცემა დაუწყო, შემდეგ დანით დაემუქრა და აიძულა საძინებელში წასულიყო.

არტურმა ქალიშვილი ოთახში შეიყვანა და გააუპატიურა. მეორე ქალიშვილს ეს ესმოდა, მაგრამ ჩარევა შეეშინდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ანაიტი სახლიდან გავიდა, მას ორი ახალგაზრდა მამაკაცი შეხვდა ავტომობილით. მათ გოგონას ერევანში წაყვანა შესთავაზეს. ერთ-ერთმა მათგანმა ის მანქანაში გააუპატიურა.

ანაიტის და ძალადობის შემდეგ ოთახში შევიდა, ნახა რა მდგომარეობაში იყო იქაურობა, მიხვდა, რა ჩაიდინა მამამ და თავის მოკვლა გადაწყვიტა, დედის წამლებიდან რვა აბი დალია. მამის მეგობარმა ეს შენიშნა და გოგონა საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც მას დაეხმარნენ და გადაარჩინეს.

მოძალადე გაასამართლეს და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ახლა უკვე თავისუფალია“.

გევორგი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ:

„რაც უნდა თვალი დავხუჭოთ ამ პრობლემაზე, ის თავისით არ გაქრება. ამასთან, მე სპეციალურად გავამახვილე ყურადღება სასამართლო პრაქტიკაზე. აღვწერე არა მოვლენა, არამედ გამოვყავი სასამართლო განაჩენები, რომლებიც საკმაოდ მსუბუქია მოძალადეებთან მიმართებით. შევნიშნე, რომ ამ მხრივ ჩემს მიზანს მივაღწიე და ადამიანები უკვე გამოხატავენ საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას ამ მოვლენისადმი“.

რატომ დუმან მსხვერპლები

ფსიქოლოგი ანუშ ალექსანიანი დარწმუნებულია, რომ ადამიანები, რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადეს, ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ, რადგან საზოგადოების რეაქციის ეშინიათ:

„საზოგადოებაში არ არის სწორი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, რომლებმაც ძალადობა განიცადეს, არ აქვთ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ისინი დუმილს ამჯობინებენ ან ანონიმურობის პირობის დაცვით ლაპარაკობენ. ჩვენ მსგავსი თემების განხილვის კულტურა არ გვაქვს“, – ამბობს ფსიქოლოგი და იხსენებს სკოლის მოსწავლის გაუპატიურების რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას. გოგონამ სკოლაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა – ისეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა მისდამი განხილვის შემდეგ.

ანუშ ალექსანიანი დიდ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ საზოგადოება ხშირად ამართლებს მოძალადეს და ადანაშაულებს მსხვერპლს.

ფსიქოლოგის განმარტებით, ადამიანები დანაშაულის გრძნობის გამო არ საუბრობენ მათზე განხორციელებულ ძალადობაზე. ისინიც ხომ თავიანთი საზოგადოების სტერეოტიპების მატარებლები არიან და ხშირად იზიარებენ მოსაზრებას, რომ მათი დანაშაულის წილიცაა იმაში, რაც მოხდა.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს არავისთვის შეუძლიათ მიმართვა

იმ ადამიანების პრობლემებით, რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადეს, სახელმწიფო არ არის დაკავებული. ის სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ ეხება, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და მისი მონაწილეობა შემოიფარგლება დამნაშავის დასჯით.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს დახმარების მიღება მხოლოდ ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში შეუძლიათ – ესაა „სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი“. მიმდინარე წელს ცენტრის სპეციალისტებმა უკვე აღმოუჩინეს დახმარება სექსუალური ძალადობის 10 მსხვერპლს, რვა მათგანი ბავშვი იყო.

დახმარებისთვის ამ ორგანიზაციას ძირითადად დედაქალაქიდან მიმართავენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონებში სექსუალური ძალადობის შემთხვევები ნაკლებად ხდება. უბრალოდ, რეგიონებში სტერეოტიპები, რომლის შესახებაც ზემოთ იყო საუბარი, კიდევ უფრო ძლიერადაა ფესვგადგმული.

სტატისტიკა

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში ყოველწლიურად სექსუალური ძალადობის 150-160 შემთხვევა რეგისტრირდება, მსხვერპლთა დიდი ნაწილი – არასრულწლოვნები არიან.

მაგრამ ქვეყანაში არ არის სექსუალური ძალადობის შემთხვევების რეგისტრირების ერთიანი ბაზა, განსხვავდება ასევე ინფორმაციის მოგროვებისა და დამუშავების მეთოდები. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ორგანიზაციის მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება.

საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, 2016 წელს საგამოძიებო სტრუქტურებმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის 88 სისხლის სამართლის საქმე შეისწავლეს, 2017 წელს – 88, 2018 წელს – 76. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახით გავიდა 301 ადამიანი, მათგან 170 მსხვერპლის ნათესავი ან ოჯახის წევრი იყო.

პოლიცია სხვა მონაცემებს წარმოადგენს: 2016 წელს – 81 შემთხვევა, 2017 წელს – 77, 2018-ში – 50.

„კოალიცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შეეცადა, დამოუკიდებლად მოეგროვებინა და დაეხარისხებინა უკანასკნელი წლების შემთხვევები.

კოალიციის მონაცემების თანახმად, სომხეთში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა უმრავლესობა – ბავშვია.

2016 წელს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლად აღიარებული 160 ადამიანიდან, 15-დან 17 წლამდე ასაკის იყო.

2017 წელს დაზარალებულად 164 ადამიანი აღიარეს, მათგან 113 – ბავშვი.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს იგნორირებას უკეთებენ

უკვე ერთი წელია, რაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ სახალხო დამცველის უფასო მომსახურება. თუმცა, ეს ინსტიტუტი არ მოქმედებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა შემთხვევაში.

ამ ადამიანებს არ ეხებათ იურიდიული ან სოციალურ-ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

„სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრის“ კვლევა აჩვენებს, რომ სექსუალურ ძალადობაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ხშირად იხურება. ამასთან, დაახლოებით 40 პროცენტი წყდება ძიების საწყის ეტაპზე და ვერ მიდის სასამართლომდე.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სექსუალური ძალადობა საერთოდ არ ისჯება, თუკი მოძალადე – კანონიერი ქმარია.

სომხეთის კანონმდებლობის შესწავლა ევროსაბჭოს კონვენციის თვალსაზრისით „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობისა და მასთან ბრძოლის შესახებ“, უამრავ სერიოზულ ხარვეზს ავლენს.

კერძოდ, მართალია, კონვენცია მკაცრად კრძალავს „მოძალადეების ტრადიციულ გამართლებებს“, ამის მიუხედავად, სომხური კანონმდებლობა შემამსუბუქებელ გარემოებებს ითვალისწინებს. და აქ ისევ საუბარია „მსხვერპლის მხრიდან პროვოკაციაზე (სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლი).

ამავე კვლევის მონაცემებით, სამართალდამცავ ორგანოებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხოლოდ 6,8 პროცენტი მიმართავს. და მათი მხრიდან ეს საზოგადოებისგან ცენზურის თავიდან აცილების მცდელობაა.


ასევე წაიკითხეთ