პოლიციამ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა" />

სერჟ სარგსიანის ახლო გარემოცვა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში მოექცა

პოლიციამ სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ძმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა

Photo: azatutyun.am

სომხეთის ექს-პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ახლო გარემოცვა 2018 წლის  „ხავერდოვანი“ რევოლუციისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მაშინვე სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, იარაღის უკანონო შენახვა, ასევე უკანონოდ გამდიდრება და ქონების დამალვა  ედებათ ბრალად.

სომხეთში ოლიგარქებმა ბიუჯეტში ათობით მილიონი დოლარის შეტანა გადაწყვიტეს

სომხეთის ექს-პრეზიდენტი მათ მეზობლად აღარ იცხოვრებს, ვინც გადადგომა აიძულა

ახალი ბრალდებები

სერჟ სარგსიანის ძმის, ლევონ სარგსიანის მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა. მას განსაკუთრებით დიდ ოდენობის ქონების მითვისება ედება ბრალად. დანაშაულის შესახებ შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ბიზნესმენმა ვალდისლავ მანგასარიანმა წარადგინა.

მანამდე სისხლის სამართლის საქმე თავად მანგასარიანის მიმართაც იყო აღძრული. მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მოპარვა  კომპანია „არინ კაპიტალიდან“, რომლის მფლობელი სომხური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ედმონ ხუდოიანია. ის სომხეთის სამშენებლო სფეროში მრავალი წლის განმავლობაში დებდა ინვესტიციებს.

მისი კომპანიიდან თანხები მიიტაცეს, რაც მანგასარიანს დასდეს ბრალად, თუმცა სომხეთში ამბობდნენ, რომ საქმეში ლევონ სარგსიანი იყო გარეული.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვლადისლავ მანგასარიანმა უკვე თავად წარადგინა შეტყობინება იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ფიგურანტი  ექს-პრეზიდენტის ძმა აღმოჩნდა.

ლევონ სარგსიანს ადრე სხვა საქმის გამო ჰქონდა წარდგენილი ბრალი – დეკლარირებას დაქვემდებარებული ქონების დამალვასა და უკანონოდ გამდიდრების გამო. მის ქალიშვილსა და ვაჟს ასევე წარდგენილი აქვთ ბრალი. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო გამდიდრებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული ქონების დამალვის“ ფაქტზე.

სასამართლომ სარგსიანის მძახლის დაპატიმრება გადაწყვიტა

დღეს სასამართლომ  დააკმაყოფილა გამოძიების მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არა მინასიანის დაპატიმრების შესახებ. ეს არის ყოფილი პრეზიდენტის სიძის მამა, ანუ სერჟ სარგსიანის ქალიშვილის მამამთილი.

არა მინსასიანი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამედიცინო ცენტრს „სურბ გრიგორ ლუსაროვიჩ“. რევოლუციის შემდეგ ის თანამდებობას ჩამოაშორეს. მას ბრალად წარდგენილი აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, და საბუთების გაყალბება.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის საერთო ზომა 426 მილიონ დრამს (დაახლოებით 878 ათას დოლარს) შეადგენს.

კიდევ რას სდებენ ბრალად ექს-პრეზიდენტის ნათესავებს

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სერჟ სარგსიანის მეორე ძმის ალექსანდრ სარგსიანის წინააღმდეგაც. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა ედება. ყოფილი პრეზიდენტის ძმას სომხეთში „საშიკს“ ეძახიან, და აქ ხშირად შეიძლება გაიგონოთ „საშიკის 50 პროცენტი“.

სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის წლებში ხალხში ამბობდნენ, რომ ბევრი ბიზნესმენი მის ძმას საშიკს საკუთარი შემოსავლის 50 პროცენტს იძულებით აძლევდა. სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ თანხების ბიუჯეტში დაბრუნების მოწოდებები გაისმოდა.

„ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ ალექსანდრ სარგსიანი რამდენჯერმე დააკავეს და გაჩხრიკეს, მას აღმოუჩინეს იარაღი, სხვათა შორის, რომლის ქონის უფლებაც მას ჰქონდა. ეროვნული უშიშროების სამსახურმა  ჩხრეკა ჩაატარა ასევე ალექსანდრ სარგსიანის სახლშიც, რის შემდეგაც ძებნა მის ვაჟზე – ნარეკზე გამოცხადდა.

გასული წლის 6 თებერვალს ნარეკ სარგსიანი გვატემალის მოქალაქე ფრანკლინ გონსალესის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით პრაღაში აღმოაჩინეს.

მას ბრალად ედება „იარაღის,საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასაფეთქებელი დანადგარების უკანონოდ შეძენა, გაყიდვა, შენახვა გადაცემა ან ტარება, ასევე ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვის მიზნით მათი უკანონო ბრუნვა ან დამზადება.

ექს-პრეზიდენტის მეორე ძმისშვილი – აიკ სარგსიანი – მკვლელობის მიზნით თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ