145-დღიანი ბრძოლა, დანგრეული ორგანიზმი, მაგრამ მიზანი მიღწეული მაინც არ არის" />

ოლეგ სენცოვმა რუსეთის ციხეში შიმშილობა შეწყვიტა

145-დღიანი ბრძოლა, დანგრეული ორგანიზმი, მაგრამ მიზანი მიღწეული მაინც არ არის

უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა, რომელსაც რუსეთში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და პოლიტპატიმრად არის აღიარებული, შეწყვიტა შიმშილობა, რომელიც 140 დღეზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

2018 წლის 6 ოქტომბერს მან თავისი ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომელშიც საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. ეს არის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა და ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს მისი იძულებით კვება.

„ამავდროულად ჩემი აზრი გათვალისწინებული აღარ არის. თითქოსდა მე უკვე ადეკვატურად ვეღარ ვაფასებ ჯანმრთელობის მდგომარეობას და არსებულ საფრთხეებს…მოცემულ პირობებში იძულებული ვარ, შიმშილობა შევწყვიტო.

145-დღიანი ბრძოლა, მინუს 20 კგ. წონა,  პლუს დანგრეული ორგანიზმი, მაგრამ მიზანი მიღწეული  მაინც არ არის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს მიჭერდა, ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე… 

დიდება უკრაინას“, – ნათქვამია ოლეგ სენცოვის განცხადებაში.

ვინ არის ოლეგ სენცოვი

ოლეგ სენცოვი ყირიმშო მცხოვრები უკრაინელი რეჟისორია. 2014 წელს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ მან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე უარი განაცხადა და მომხდარისადმი საკუთარ კრიტიკულ დამოკიდებულებას არ მალავდა.

2015 წელს ოლეგ სენცოვი დაპატიმრებული იყო ერთი ტერაქტის მოწყობისთვის და მეორეს მომზადებისთვის. პირველი – სიმფეროპოლში პარტია „ედინაია როსიას“ ოფისის კარის დაწვა იყო, მეორე კი – რუსი იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძეგლის დაგეგმილი აფეთქება.

განაჩენი – 20 წელი.

ოლეგ სენცოვი პოლიტპატიმრად აღიარა რუსულმა საზოგადოება „მემორიალმა“ და Amnesty International-მა.

ასევე წაიკითხეთ: რამდენი უკრაინელი პოლიტპატიმარია რუსეთის ციხეებში და ვინ არიან ისინი?

შიმშილობა

2018 წლის აპრილში რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლაბიტნანგის ციხეში მყოფმა ოლეგ სენცოვმა შიმშილობა გამოაცხადა.

ის რუსულ ციხეებში მყოფი და პოლიტპატიმრად აღიარებული ყველა რუსი მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვდა. უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, მათი რაოდენობა 70 ადამიანზე მეტია.

ოლეგ სენცოვის მხარდაჭერა მრავალი ქვეყნის ათობით წამყვანმა კულტურულმა მოღვაწემ გამოხატა. მის ბედზე რუსეთის მთავრობასთან მსჯელობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ეუთოს თავმჯდომარე, გაეროს გენერალური მდივანი.

ოლეგ სენცოვის შიმშილობა იმ მომენტში შეწყდა, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, და მის სიცოცხლეს რეალურად საფრთხე დაემუქრა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ