ნინია კაკაბაძე, თბილისი" />

სახელმწიფო პატრიოტი ექსტრემისტების მხარდამხარ

ნინია კაკაბაძე, თბილისი

ისინი ყველგან არიან, ყველაფერს თვალს ადევნებენ და თითქმის არაფერი ეპარებათ _ შეუძლიათ უნივერსიტეტებში კონფერენციები და გამოფენები ჩაშალონ; შეიჭრან კერძო ბინაში, სადაც ვორქშოპი მიმდინარეობს; მოითხოვონ ადამიანების ჩაქოლვა, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო.

მათ სხვადასხვა სახელი ჰქვიათ. ზოგი მათგანი კონკრეტული ორგანიზაციის წევრია და ამ აგრესიასა და მუქარაში ხელფასს იღებს. სხვები სრულიად უანგარო ენთუზიაზმით ემსახურებიან “წმინდა იდეას.

ისინი საკუთარ თავს პატრიოტებს და ქრისტიანებს უწოდებენ. ამბობენ, რომ მათი მთავარი იდეა სამშობლო და მისი დაცვაა.

სამშობლოს ისინი იცავენ ყველასგან, ვინც მათგან განსხვავებულია ნებისმიერი ნიშნით _ ეთნიკური წარმომავლობით, სექსუალური იდენტობით თუ რელიგიური აღმსარებლობით. სამშობლოსა და ქრისტიანობის სახელით, მზად არიან ჩაქოლონ ყველა, ვინც არ არის ქალიშვილი ან მორჩილი ცოლი; სუფრასთან არ ამბობს სადღეგრძელოებს ან განსხვავებულად აცვია და ა.შ.

თუკი გადაწყვეტთ, რომ მათ არ ჰგავდეთ, ისინი არა მხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნიან, არამედ _ ფიზიკურ საფრთხესაც.

გასულ კვირას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში გენდერის ინსტიტუტს და ორგანიზაცია “იდენტობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია უნდა ჩაეტარებინათ, რომელიც გენდერისა და სექსუალური საკითხების კვლევას შეეხებოდა.

გავრცელდა თუ არა ეს ინფორმაცია, ფეისბუკი წალეკა მიმართვებმა, რომ არ უნდა დაეშვათ უნივერსიტეტში ლგბტ პროპაგანდა. დაიგეგმა აქციები, გავრცელდა მუქარის წერილები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ ღონისძება გაეუქმებინათ, რათა კონფერენციაში მონაწილეთა უსაფრთხოება დაეცვათ.

ვერც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და, რაც მთავარია, ვერც სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო კონფერენციების უსაფრთხოდ ჩატარება!

პრობლემური აღმოჩნდა ასევე კიდევ ერთ უმაღლეს სასწავლებელში _ ილიაუნიში
სუბალტერნის თემაზე მსჯელობაც.

პატრიოტმა ექსტრემისტებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს მიხეილ ხუნდაძე _ ორგანიზაცია “სტუდიო კამპუსის დირექტორი, რომელიც რამდენიმე თვის წინ სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. ის საკუთარ ბინაში სტუდენტებისთვის ნიცშეს თემაზე ვორქშოპს ატარებდა. იმავე ეზოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც ღია ფანჯრიდან გარკვეული ფრაზები გაიგეს, ჩათვალეს, რომ იქ“სატანისტები არიან შეკრებილნი. ერთ-ერთი მათგანი ხუნდაძესთან სახლში შეიჭრა და დანა ჩაარტყა.

ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წელია ამგვარმა ექსტრემიზმმა საქართველოში განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი და რამდენიც უნდა ვიუაროთ, ჩვენ მათი  გვეშინია,რადგან ისინი ჩვენს დღის წესრიგს ცვლიან. ბევრი ჩვენგანი, სანამ რაიმე ღონისძიებას დაგეგმავს, დაფიქრდება, ხომ არ გავაღიზიანებთ მათ?

მას შემდეგ, რაც სამღვდელოების წარმომადგენელმა და “პატრიოტმა სამი წლის წინ, 2013 წლის 17 მაისს [ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე] მშვიდობიანი აქცია ჯვრებითა და “ტაბურეტკებით დაარბიეს და ღვთისმშობლის სახელით დაგვწყევლეს, ჩვენ ვეღარ ვბედავთ ამ დღეს აქციის ჩატარებას. ვსხედვართ სახლში შეშინებულები. ჩვენს პატარა ოფიესებში ვატარებთ კონფერენციებს, სახლში მივაქანებთ ნახატებს, რადგან მათი შინაარსი, შესაძლოა, მიუღებელი აღმოჩნდეს ექსტრემისტებისთვის.

tabula

ერთადერთი, სადაც ჯერ ისევ ვფართხალებთ, სოციალური სივრცეა, სადაც პირად ფოსტას კი გადაგვივსებენ მუქარის და გინების წერილებით, მაგრამ მყისიერი ფიზიკური ძალადობისგან მაინც დაცული ტერიტორიაა.

რატომ გვეშინია ჩვენ, როდესაც მათ უნდა ეშინოდეთ?!

 ჩვენი გამოხატვის თავისუფლებას სახელმწიფო არ იცავს და პრობლემაც სწორედ ესაა. ექსტრემისტებმა და აგრესორებმა იციან, რომ დაუსჯელები დარჩებიან. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით უფლებას აძლევს მათ ჩვენზე იძალადონ, თავისუფლება შეგვილახონ, საკონფერენციო დარბაზები წაგვართვან.

ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი განათლებაა.
თუმცა, რა განათლებაზე შეიძლება საუბარი, როდესაც განათლების მინისტრები საპატრიარქოსთან გადიან კონსულტაციებს, თუ რა უნდა ასწავლონ ბავშვებს სკოლაში, და საპატრიარქოს ცენზურის გათვალისწინებით ადგენენ ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებს.

ვიცით, რომ განათლების სისტემის რეფორმირება, რომელიც რეალურად არც კი დაწყებულა, გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ, თითქოს ხელი ჩავიქნიეთ.
თუმცა, ეს არასწორი პოზიციაა.

ვიდრე შიგნით სკოლაში არ გაგვაჩნია ძალა და რესურსი, განათლების რეფორმა გავატაროთ, გარედან მაინც უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ტოლერანტობა. სკოლის ფანჯრიდან მაინც უნდა მოჰკრან თვალი მოსწავლეებმა, რომ არსებობენ განსახვავებული ადამიანები და რომ ისინიც უნდა გვიყვარდეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო აქტივიზმი, მშვიდობიანი აქციები ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საგანმანათლებლო გამოფენები და კონფერენციები. ის, რასაც სახელმწიფო არ აკეთებს, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ.

სახელმწიფო ყოველთვის დუმს და განსაკუთრებით დუმს წინასაარჩევნო წელს. რატომ?

გუნდი, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, თავის დროზე სწორედ სიძულვილის ტალღაზე მოვიდა. მათი ლიდერებისა და სპიკერების წინასაარჩევნო გამოსვლებში ისმოდა, რომ ისინი მოდიან რათა სამშობლო დაიცვან “გაპიდარსტებისგან, “გაბოზებისგან, ყველაფრისგან, რაც “ქართველობას დაგვაკარგვინებს .

“ქართული ოცნების წარმომადგენლების ამგვარი რიტორიკის შემდეგ რატომ გვიკვირს, რომ დღეს აგრესორები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ? ხელისუფლების ერთი ნაწილი დღეს ხომ სწორედ ამ ექსტრემისტების თანამოაზრეა. ხელისუფლება თავისი უმოქმედობით დღეს ამ ადამიანების აგრესიულ “მოღვაწეობას მორალურ და კანონიერ ლეგიტიმაციას აძლევს.

ხელისუფლების მეორე ნაწილი კი, რომლებიც საკუთარ თავს დემოკრატიულ ძალად წარმოაჩენს, მხოლოდ სოციალურ სივრცესა თუ ცალკეულ სატელევიზიო გამოსვლებში თუ აქტიურობს. ისინი მხოლოდ განცხადებებით გმობენ რელიგიურ თუ პატრიოტულ ექსტრემიზმს. ფეისბუქზე პოსტს დაწერენ, ან სოლიდარობის ფოტოს გააზიარებენ და ამის გამო გულებს დაიმსახურებენ.

რა მივიღეთ შედეგად? მივიღეთ ის, რომ ჩვენ ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვთმობთ ჩვენს თავისუფლებას, მივდივართ კომპრომისებზე, რომ დავიცვათ საკუთარი თავი მოძალადეებისგან. ჩვენ აღარც 17 მაისს გავდივარ ქუჩაში და ვერც კონფერენციებს ვმართავთ. ჩვენ ვქრებით, ვიმალებით, გვეშინია, ისინი კი მრავლდებიან. შეუმდგარი და ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო კი რელიგიურ-პატრიოტულ ექსტრემისტებს იცავს, რადგან ისინი მეტნი არიან. წინ ხომ არჩევნებია.

გამოქვეყნებულია: 28.02. 2016

მასალაში გამოყენებულია tabula.ge-ს ფოტო

ასევე წაიკითხეთ