ამიერიდან ეს მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებზე მოხდება " />

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქუჩებში საქონლის დაკვლა აკრძალა

ამიერიდან ეს მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებზე მოხდება

აზერბაიჯანში წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაკვლა ამიერიდან მხოლოდ საგანგებოდ გამოყოფილ პუნქტებში მოხდება – აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ ასეთ განკარგულებას მოაწერა ხელი.

აქამდე ამ საკითხის გადაჭრას ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ცდილობდნენ; მიღებული იყო რამდენიმე გადაწყვეტილება და აკრძალვა, რომლებსაც სინამდვილეში არავინ იცავდა. შედეგად კი, ბაქოს ქუჩებში საქონლის დაკვლისა და დანაწევრების პრობლემა ისევ ძალიან მწვავედ დგას. ბევრ საცხოვრებელ უბანში, ქუჩების განაპირას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების უშუალო სიახლოვესაც კი გახსნილია მცირე ზომის დახლები, რომლებიც ახალი ხორცით ვაჭრობენ. ძროხებსა და ცხვრებს ზედ ქუჩაში, გამვლელების თვალწინ კლავენ, ხშირად ყველანაირი სანიტარული ნორმის დაცვის გარეშე.

სწორედ ამას უნდა მოუღოს ბოლო პრეზიდენტის განკარგულებამ. ქუჩებში ხორცის უკანონო დანაწევრება და გაყიდვა აიკრძალება. ჩინოვნიკების დაპირებით, ამჯერად უკვე – ნამდვილად.

როგორც ჟურნალისტებს სურსათის უვნებლობის სააგენტოს თავმჯდომარემ გოშგარ ტახმაზლიმ განუცხადა, ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოებს უბრძანეს, განისაზღვროს, თუ ზუსტად სად უნდა დაიკლას საქონელი. ორი თვის განმავლობაში მთელი ეს „ხორცის თვითშემოქმედება“ უნდა შეწყდეს, მათ ნაცვლად კი, საქონლის ნორმალური სასაკლაოები უნდა გაჩნდეს. სამომავლოდ მათ ლაბორატორიებით აღჭურვას გეგმავენ.

საქონლის კვლის უკვე არსებული პუნქტები მონიტორინგსა და სანიტარულ-ჰიგიენურ კონტროლს დაექვემდებარება, და საქმიანობას მხოლოდ ყველა ნორმასთან შესაბამისობის შემთხვევაში გააგრძელებენ.

ეს თემა პრესაში და ფორუმებზე უკვე ბევრჯერ გახმაურდა – ადამიანები აღშფოთებულები იყვნენ იმით, რომ მათ და ბავშვებს ცხოველების დანაწევრების ყურება და სისიხლის გუბეებზე ხტომა ყოველდღიურად უწევდათ.

აი, ყველაზე პოპულარულ აზერბაიჯანულ ფორუმზე გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება:

„შუა ქუჩაში საქონლის დაკვლა ეს შუა საუკუნეებია და ჩვენი ქალაქის სირცხვილია,

„ჩვენს უბანში, ვიდრე სკოლამდ მიაღწევდე, რას არ შეხვდები:ძროხის თავებს, ცხვრებს, ფუ, საძაგლობაა“;

„დაახლოებით 74 სკოლის გვერდით არის ხორცის დახლი, ყოველ დილით იქ ცხოველს კლავენ. ძალიან მაინტერესებს, მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყანაში შეიძლება ასეთი რამ ნახო?“

თუმცა, ისეთებიც გამოჩნდნენ, ვინც „საქონლის დამოუკიდებლად კვლას“ ემხრობა:

„ქალაქში ხორცს არა საკუთარი ახირების გამო ჭრიან, არამედ იმიტომ, რომ ხორცის მცოდნე კლიენტები მას იქ არასდროს იყიდიან, სადაც უკვე დანაწევრებული მიაქვთ. ამიტომ, მთელი ეს ლაპარაკი მოქალაქეებზე ზრუნვით კი არ არის განპირობებული, არამედ ქსელურ სუპერმარკეტებში ზარალის მომტანი ხორცის განყოფილებების ამუშავების სურვილით“.


ასევე წაიკითხეთ