ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ იმოგზაურა ევროპაში უვიზოდ" />

საქართველო: ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ერთი წელი. მთავარი ციფრები და პრობლემები

ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ იმოგზაურა ევროპაში უვიზოდ

ზუსტად ერთი წელია, რაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.

2017 წლის 28 მარტს 04 საათსა და 22 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა პოლონეთისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბოტრზეც ევროპაში უვიზოდ მიმავალი პირველი მგზავრები იმყოფებოდნენ.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 192 453-მა მოქალაქემ იმოგზაურა ევროპაში უვიზოდ. საზღვრის გადაკვეთაზე უარი მხოლოდ 1001 მოქალაქეს უთხრეს.

ვიზალიბერალიზაციიდან უკვე რამდენიმე თვეში საქართველომ პირველი შენიშვნები მიიღო. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა (განსაკუთრებით გერმანია) ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოს მთავრობაც. თბილისის ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა  35 %-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. მაგალითად, 2018 წლის იანვარ-თებერვალში ავსტრიაში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა 100 %-ით გაიზარდა, წერს “რადიო თავისუფლება”.

ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად ქვეყნიდან წასვლის მოტივად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებენ, რაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

მეორე მნიშვნელოვან პრობლემად, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უვიზო რეჟიმს ევროპასთან, სახელდება ქართველი კრიმინალების რიცხვის ზრდა ევროპის ქვეყნებში. ამ პრობლემაზე განსაკუთრებით ხშირად მიუთითებს გერმანია. ამ ქვეყნის წარმომადგენლები მარტის დასაწყისში უკვე იმყოფებოდნენ თბილისში და შეხვდნენ საქართველოს შს მინისტრს. ითქვა, რომ გერმანია აპირებს საგრძნობლად შეამციროს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადა. პრევენციული ზომების მიღებას და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას იწყებს თავის მხრივ საქართველოც.

6 მარტს საქართველომ პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა – გამკაცრდა  გვარის შეცვლის პროცედურა, რათა მარტივად მოხდეს იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი და გვარი შეიცვალეს.

მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება.

„ის ნაბიჯები, რომელსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება, იმ მიმართულებით რომ მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ შევძლებთ ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც მივაღწიეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 27 მარტს, როდესაც საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ერთი წელი მიულოცა. 

•  საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პარალელურად, 2017 წლის მარტში ძალაში შევიდა ასევე მიგრაციის გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი – ე. წ. “შეჩერების მექანიზმი”. 

•  ამ მექანიზმის ამოქმედებით ევროკავშირმა თავი დაიზღვია – თუკი საქართველოდან რომელიმე ევროპულ ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება, გაიზრდება თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი, ან ევროპაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები უკანონო ქმედებებით შეაწუხებენ ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ევროკავშირს შეუძლია ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს ან მის პირობებს გადახედოს.


ასევე წაიკითხეთ