2018 წელს საქართველო რუსულ გაზს აღარ მიიღებს. რას ნიშნავს ეს?" />

საქართველო – გაზპრომი. გაურკვევლობის ერთი წელიწადი

2018 წელს საქართველო რუსულ გაზს აღარ მიიღებს. რას ნიშნავს ეს?

ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის  ბუნებრივი აირის ბალანსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველო რუსულ გაზს აღარ იყიდის.

ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებულ ბალანსში წერია, რომ 2018 წელს საქართველო სულ 2, 689 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს და აქედან 99,65% აზერბაიჯანული გაზი იქნება (1,866 მილიარდ კუბური მეტრი „სოკარიდან“ და 813 მილიონს „შაჰ-დენიზის“ საბადოდან). დანარჩენი – 9,41 მილიონი კუბური მეტრი გაზი კი, საქართველოში მოპოვებული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ  “გაზპრომზე” დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დეკლარირებული ამოცანაა და ერთი შეხედვით ამ ინფორმაციას  დადებითი გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა, მოხდა პირიქით – კიდევ ერთხელ განახლდა დისკუსია იმაზე, თუ რა წერია ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველომ გაზპრომთან გასული წლის დასაწყისში გააფორმა.

2017 წლის დასაწყისში საქართველომ “გაზპრომთან” ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მთავარი ამ ხელშეკრულებაში ის იყო, რომ შეიცვალა ბუნებრივი აირის ტრანზიტის ანაზღაურების სქემა – თუ მანამდე, წლების განმავლობაში, რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ, საქართველო  ტრანზიტის საფასურად ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული რუსული გაზის 10% იღებდა, ახალი ხელშეკრულებით, საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს კი აღარ იღებს, არამედ ფულად ანაზღაურებას.

ამ შეთანხმებას ექსპერტები და ხელისუფლების ოპონენტები იმთავითვე საქართველოსთვის ეკონომიკურად წამგებიანად აფასებდნენ. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კი სწორედ ის იყო, რომ ქვეყანა რუსული გაზის გარეშე ვერ დარჩებოდა, რადგან აზერბაიჯანს არ შეეძლო საქართველოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ  2018 წლის ბალანსში სულ სხვა რეალობა ჩანს – აღმოჩნდა, რომ აზერნაიჯანს შეუძლია საქართველოს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.

ხელშეკრულების დადებიბიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა მისი პირობები დღემდე გასაიდუმლოებულია. მათ შორის, უცნობია, კონკრეტულად რა თანხას იღებს რუსეთისგან საქართველო გაზის სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ.

ოპოზიციური პარტიის “ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის” წევრი, ეკონომიკური ექსპერტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულებით ქვეყანამ მინიმუმ 80 მილიონი ლარი იზარალა.

“ საქართველო რუსეთიდან გაზს სინამდვილეში უბრალოდ ვერ იყიდის, რადგან გაფორმებული კონტრაქტით, “გაზპრომის“ მიერ მოცემული ფული მხოლოდ რუსეთის საზღვრიდან სომხეთის საზღვრამდე გაზის ტრანპორტირებას ყოფნის,” – ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ზარალზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილიც: “რეალობა არის ასეთი – “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულების გაფორმებით ჩვენ ვიზარალეთ. სომხეთში გატარებული გაზის 10% იყო ბევრად მეტი იმ თანხასთან შედარებით, რასაც ახლა ჩვენ ტრანზიტის საფასურის სახით რუსეთისგან ვიღებთ,”- ამბობს  ის.

ხუხაშვილის თქმით,  “ხელისუფლების განცხადება, რომ  საქართველო რუსულ გაზს აღარ ყიდულობს და მასზე პოლიტიკურად დამოკიდებული აღარ არის, ტყუილია”:

“გაზპრომისგან” გაზს საქართველო უკვე ათ წელზე მეტია ისედაც აღარ ყიდულობს – 2007 წლიდან ჩვენ გაზს კი არ ვყიდულობდით, არამედ ვიღებდით საქართველოს ტერიტორიაზე, სომხეთში გატარებული ფაზის 10%-ს”,  – ამბობს ხუხაშვილი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც “გაზპრომთან” დადებული კონტრაქტის პირობების გასაჯაროებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი და არ არის გამორიცხული სასამართლომ “გაზპრომის” წარმომადგენლები დაიბაროს.

“პასუხი უნდა გასცეს კითხვაზე, რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო და რა უშლის ხელს მის გასაჯაროებას,” – ამბობს რომან გოცირიძე.

2007 წლიდან აზერბაიჯანი პრაქტიკულად ერთადერთი გაზის მიმწოდებელია საქართველოსთვის. რუსეთიდან საქართველო მხოლოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს იღებდა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, რომლის გავლით რუსული გაზი სომხეთს მიეწოდებოდა.

თუმცა, 2017 წლის იანვრიდან “გაზპრომთან” ხელშეკრულებაში სატრანზიტო პირობები  შეიცვალა. ახალი პირობები რუსული მხარის მოთხოვნა იყო. საქართველო ამ პირობებს რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ დათანხმდა.

რატომ? – ამ კითხვაზე პასუხი ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის თავზეც არ არის.

საქართველოს გზა ენერგოდამოუკიდებლობისკენ 2006 წლის ცივ ზამთარში დაიწყო.

22 ნოემბერს ღამე, ვლადიკავკაზიდან 30 კილომეტრში, მთებში გამავალ ერთდროულად ორ გაზსადენზე ორი აფეთქება მოხდა. ეს ის გაზსადენები იყო, რომელთა საშუალებითაც საქართველოს რუსული გაზი მიეწოდებოდა.

იმავე დღეს ყარაჩაი-ჩერქეზეთში მაღალი ძაბვის ხაზი ააფეთქეს და საქართველოს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ნულს ქვემოთ ტემპერატურის პირობებში თბილისის დიდი ნაწილი გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პრობლემები შეექმნა სომხეთსაც, რომელიც რუსულ გაზს საქართველოს გავლით იღებდა.

საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარს ვანდალიზმი და დივერსია უწოდა. თბილისში დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსეთი ამ გზით ცდილობდა საქართველოს იძულებას, გადაეცა მისთვის ქვეყნის სტრატეგიულ გაზსადენებსა და სხვა ინფრაქტრუქტურაზე კონტროლი.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში “გაზპრომმა” საქართველოს გაზის საფასური გაუძვირა – 1000 კუბამეტრში 110 დოლარის ნაცვლად 235 დოლარიანი ტარიფი დაწესდა. ამგვარად, საქართველოს დაუწესდა ყველაზე ძვირი ტარიფი დსთ-ს ქვეყნებს შორის (იმ დროს საქართველო ჯერ კიდევ იყო ამ ორგანიზაციის წევრი).

ამ მოვლენებს წინ უძღოდა პოლიტიკური დაძაბულობა თბილისსა და მოსკოვს შორის, რომელიც 2006 წლის შემოგდომაზე ე.წ. “ჯაშუშთა სკანდალით” დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსი ჯაშუშების გამოვლენითა და მათი დეპორტაციით შეურაცხყოფილმა კრემლმა “გაზპრომის” სადამსჯელო ღონისძიებების პარალელურად, რუსეთში მცხოვრები ქართველების დევნაც დაიწყო. მოგვიანებით კი ეს ყველაფერი ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე დაწესებული რამდენიმეწლიანი ემბარგოთი გაგრძელდა.

მას შემდეგ ათი წელზე მეტი გავიდა.

დღეს საქართველო 2,5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს და ამ მოცულობის 90 პროცენტს აზერბაიჯანისგან ყიდულობს.

საქართველო დღეს აღარ არის დამოკიდებული “გაზპრომზე”. რუსული გაზი საქართველოს ენერგომომარაგების მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს. ეს 10 პროცენტიც საქართველოს ავტომატურად ერგებოდა, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც რუსულ გაზს სომხეთში ატარებს.

თუმცა, რას ნიშნავს იყო დამოკიდებული “გაზპრომზე”, საქართველოში ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ, ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას რუსულ ენერგოგიგანტთან მოლაპარაკებების თაობაზე, აქ უნდობლობითა და ეჭვით უყურებენ.

სწორედ ამიტომ, ცნობამ იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება წავიდა “გაზპრომთან” დათმობაზე და ნედლეულის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებაზე დათანხმდა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა და ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.

2016 წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრსა და “გაზპრომის” ხელმძღვანელობას შორის მიღწეული შეთანხმებით, 2017 წლიდან  საქართველო სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის არა ნედლეულს, არამედ ფულს მიიღებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით “გაზპრომთან” მოლაპარაკებები ორ წელზე მეტია გრძელდებოდა, თუმცა შეთანხმებას მხოლოდ 2017 წლის იანვარში მიაღწიეს.

რა ვიცით “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაზე:

ძალიან ცოტა რამ. მათ შორის, უცნობია მთავარი – რამდენს მიიღებს საქართველო ტრანზიტის საფასურად. ეს ინფორმაცია საიდუმლოა.

ამ თემაზე გვაქვს მხოლოდ ენერგეტიკის იმდროინდელი მინისტრის კახი კალაძის ზოგადი შეფასებები: “ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასი ევროპის ქვეყნებს შორის” და

„ფინანსური თვალსაზრისით ჩვენ მივიღებთ იგივე შედეგს, რაც ნედლეულის მიღების შემთხვევაში გვქონდა”.

როგორც კალაძე აცხადებდა, ხელშეკრულება ორწლიანია. 2017 წელს საქართველო რუსეთისგან ტრანზიტის საფასურად ნაწილობრივ ნედლეულს და ნაწილობრივ ფულს იღებდა. 2018 წელს კი, გადახდა მთალიანად ფულადი ანაზღაურებით მოხდება.

კალაძემ ისიც თქვა, რომ ხელშეკრულების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, სეზონური დეფიციტის დასაკმაყოფილებლად საქართველო “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობას შემცირებულ ფასად მიიღებს. ენერგეტიკის იმჟამინდელი მინისტრის ინფორმაციით, „გაზპრომ-ექსპორტი“ თანახმაა, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობაში საქართველომ 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 215 დოლარის ნაცვლად 185 დოლარი გადაიხადოს.

ხელისუფლების არგუმენტები

ხელისუფლება ამბობს, რომ “გაზპრომის” პირობებს დათანხმდა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა რამდენიმე მიზეზით:

საერთაშორისო ვალდებულება: ევროპის ენერგეტიკული ქარტია საქართველოს ავალდებულებს “გაზპრომისგან”, ნედლეულის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მიიღოს. პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანაში აღარ ხდება ნატურის სახით ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება. ყველგან, საერთაშორისო დონეზე, ქვეყნები ერთმანეთს ფულით უნაზღაურებენ გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობების ტრანზიტის საფასურს და ადრე თუ გვიან საქართველოსაც მოუწევდა მონეტიზაციაზე გადასვლა, – აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

სატრანზიტო ქვეყნის იმიჯი: “გაზპრომის” წინადადებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში რუსეთი გაზმომარაგების კუთხით პრობლემებს შეუქმნიდა სომხეთს და ამით შეილახებოდა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რეპუტაცია.

ირანი საქართველოს ნაცვლად. ასევე, ერთ-ერთი არგუმენტია ისიც, რომ რუსეთს შეეძლო საერთოდაც უარი ეთქვა საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე და სომხეთისთვის ირანის გავლით მიეწოდებინა გაზი. „ მათ პირდაპირ მიგვანიშნეს, რომ გაზის იმპორტს სომხეთში პირდაპირ ირანიდან განახორცილებდნენ. ასეთი საფრთხე ნამდვილად არსებობს და მისი შედეგები ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება,” – აცხადებდა ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში.

ენერგოდამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება. „ამ ხელშეკრულებით არ იზრდება საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, ამიტომ სანერვიულო არაფერია,” – ესეც კახი კალაძის განცხადებაა.

აზერბაიჯანი ჩვენი კეთილი მეზობელია, მაგრამ ენერგომომარაგების დივერსიფიცირება მაინც აუცილებელია:  საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კვლავაც ინარჩუნებს ძლიერ გავლენას მთავრობის გადაწვეტილებებზე, ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარს უჭერდა დივერსიფიკაციას. „მთელი ევროპა რუსული გაზით მარაგდება და საქართველომაც რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის,“ – განაცხადა მან,  – ის, რომ შეიძლება ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ჩვენს ბიზნესმენებს მივცეთ უფლება იმის, რომ გაზი იყოდონ სადაც მოესურვებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ”.

რა პრეტენზიები აქვთ “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების მოწინააღმდეგეებს:

ბუნდოვანი ხელშეკრულება და არაგამჭვირვალე პროცესი. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, საქართველოს მოქალაქეებმა არა საკუთარი მთავრობისგან, არამედ “გაზპრომის ოფიციალური ვებ-გვერდიდან შეიტყვეს. მას შემდეგ, ხელისუფლება მუდმივად ავრცელებდა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას მოლაპარაკებების შინაარსზე, რამაც ბევრი კითხვის ნიშანი და ეჭვი გააჩინა. ის, ფაქტი, რომ დღემდე უცნობი რჩება რა თანხას მიიღებს საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ, ამ პროცესს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

წამგებიანი და პოლიტიკური ფასი: ფასები ბუნებრივ აირზე მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ნავთობის ფასი. თუ ნავთობის ფასი დაეცა, შესაბამისად, საქართველოც ნაკლებს მიიღებს და იზარალებს ამასთან, ოპოზიცია ხელისუფლებას შეახსენებს, რომ გაითვალისწინოს საკუთარი წარსული და საერთაშორისო გამოცდილებაც, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ენერგორესურსებზე ფასს არა კომერციული ლოგიკით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ადგენს.

ევროპის ენერგეტიკული ქარტიით მანიპულირება: რუსეთს, რომელიც მუდმივად არღვევდა ენერგეტიკული ქარტიის პირობებს, ამ ქარტიაში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2009 წლიდან აქვს შეჩერებული. რა გამოდის? ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ვალდებულებების დარღვევაზე იმსჯელოს და ეს მთავარ არგუმენტად გამოიყენოს, პირიქით, რუსეთის პოზიციის გასამართლებლად მიზეზებს ეძებს.

შანტაჟი რუსეთის მხრიდან: ექსპერტები არარეალისტურად მიიჩნევენ რუსეთის ულტიმატუმს, რომ თუკი საქართველო არ დათანხმდებოდა ფულად ანაზღაურებაზე, ის სომხეთს ბუნებრივ აირს არა საქართველოს, არამედ ირანის გავლით მიაწვდიდა. ექსპერტების დიდი ნაწილი თვლის, რომ ეს წმინდა წყლის შანტაჟი იყო, რადგანაც ასეთი გეგმა ახლო მომავალში ვერანაირად ვერ ამოქმედდებოდა.

დიალოგი შუამავლების გარეშე: ექსპერტების ნაწილისთვის და ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ საქართველო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობის გარეშე ჩაება.

აზერბაიჯანის განაწყენება: პოლიტიკური რისკების მატარებელ “გაზპრომთან მოლაპარაკებააზერბაიჯანთან სტაბილური ურთიერთობების გაფუჭების საშიშროებას შეიცავს. “უკვე ათი წელია, აზერბაიჯანი შეუფერხებლად და მოგებიანი პირობებით აწვდის საქართველოს გაზს. წარსულს ჩაბარდა გრაფიკით მიწოდებული ელექტროენერგია, უშუქობა, ცივი ზამთარი. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი, საიმედო და მოგებიანი გაზის მომწოდებელია, ამ მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს,”- მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია.

•  ამ ეტაპზე საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. გასულ წელს მოხმარებული ბუნებრივი აირის 87,1% აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აზერბაიჯანულ გაზს საქართველო შეღავათიანი ფასით ყიდულობს: მოსახლეობისთვის მისაწოდებელ 1000 კუბ.მეტრს 120 აშშ დოლარად, თბოსადგურებისთვის კი ყოველ 1000 კუბ.მეტრს – 143 აშშ დოლარად. ეს ფასი გაცილებით დაბალია იმ ღირებულებასთან შედარებით, რასაც “გაზპრომი” სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს სთავაზობს: სომხეთი ამჟამად 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 165 დოლარს იხდის. აზერბაიჯანულთან ერთად საქართველო დღეს რუსულ გაზსაც იღებს, თუმცა გაცილებით უფრო ცოტას. 2014 წელს საქართველომ რუსეთიდან 267 მლნ 773 ათასი კუბური მეტრი გაზი მიიღო. აქედან 206 მლნ 166 ათასი კუბური მეტრი ტრანზიტის საფასურია – ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით სომხეთში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% საქართველოს რჩება.

• საქართველო 15 წელია “გაზპრომისგან” სომხეთში მიმავალი ბუნებრივი აირის 10%-ს იტოვებდა ტრანზიტის საფასურად. სომხეთის ყოველწლიურად 2 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს მოიხმარს ანუ ყოველ წელს 0,2 მილიარდი კუბური მეტრი საქართველოს რჩებოდა, რომლის საბაზრო ღირებულება გაზპრომის მიერ მოცემული დღევანდელი ფასით ($185 – 1000 კუბური მეტრი) არის $37 მილიონი.


ასევე წაიკითხეთ