რა აჩვენა მუხტარლის საქმემ" />

საქართველო აღარ არის “დემოკრატიის შუქურა”?

რა აჩვენა მუხტარლის საქმემ

უკვე მეხუთე დღეა, რაც საქართველოდან ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა, რომელიც მოგვიანებით ბაქოს საკანში აღმოაჩინეს.

მთავარი კითხვა კი კვლავ პასუხგაუცემელი რჩება: როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული ცნობილიჟურნალისტი ბაქოში? როგორ გადაკვეთა მან სახელმწიფო საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი დღემდე თბილისშია?

ვინ დგას მუხტარლის თბილისიდან გაუჩინარების უკან? იცოდნენ თუ არა ამის შესახებ ქართულმა სპეცსამსახურებმა და მოქმედებდნენ თუ არა ისინი აზერბაიჯანის მხარესთან შეთანხმებულად? თუ მუხტარლი თბილისიდან ისე გაიტაცეს, რომ ეს ქართველი სამართალდამცავებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა?

არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე არ არის.

განცხადებები, რომლებიც თბილისში კეთდება, არათუ ნათელს ფენს საქმეს, არამედ სულ უფრო მეტ ეჭვებსა და შიშებს აჩენს.

აზერბაიჯანის მხარე ამბობს, რომ მუხტარლიმ თავად გადაკვეთა საზღვარი უკანონოდ და თან 10 ათასი ევრო გადაჰქონდა. ზუსტად იგივეს იმეორებს ქართული მხარეც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს ურჩია, თავი  შეიკავონ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან და ინციდენტის ცალმხრივად ინტერპრეტაციისგან.

მღებრიშვილმა ჟურნალისტებს არც ერთი დამატებითი დეტალი არ წარუდგინა – არც საზღვარზე ამოღებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არც სხვა რაიმე დეტალი, რაც მუხტარლის მიერ საზღვრის გადაკვეთის გარემოებებს მეტ სიცხადეს შესძენდა.

მეტიც, მღებრიშვილმა გუშინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაც გააჩინა.  მინისტრმა თქვა, რომ ალბათობა იმისა, რომ საქართველოს საზღვარი მესაზღვრეების კონტროლის გარეშე გადაიკვეთოს, მცირეა, მაგრამ არსებობს.  გამოდის, რომ საქართველოს საზღვრები სათანადოდ დაცული არ არის? – კითხულობდნენ გუშინ ჟურნალისტები.

იგივე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც. მისი თქმით, საზოგადოებამ ნაჩქარები დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავოს და უნდა დაველოდით აზერბაიჯანული მხარის გამოძიებას.

ქართველი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი, განგაშის ზარს სცემენ – მუხტარლის საქმე მნიშვნელოვანი პრეცედენტია და ის სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს, ფიქრობენ ისინი.  საქართველო, რომელიც რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ლიდერი იყო, დაკარგავს ამ პოზიციას.

გარდა ამისა, მუხტარლის ადვოკატი აპირებს სარჩელი შეიტანოს სტრასბურგის სასამართლოში და იქ მოპასუხე მხარედ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოც იქნება წარმოდგენილი.

საქართველო აზერბაიჯანის და თურქეთის მძევალია?

მუხტარლის საქმეში მთავარი დაზარალებული დღეს საქართველოა, ფიქრობენ ქართველი ექსპერტები. ერთი კონკრეტული ჟურნალისტის საქმეს დღეს მთელი საქართველოს მომავალი და საერთაშორისო იმიჯი უკავშირდება. ან საქართველო გამოიძიებს როგორ გაქრა თბილისიდან ჟურნალისტი და დასჯის დამნაშავეებს ან ჩაებმება თავის ავტორიტარი მეზობლების თამაშში.

აზერბაიჯანი და თურქეთი დღეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი მეზობლები და პარტნიორები არიან. აზერბაიჯანული ენერგორესურსები საქართველოსთვის რუსულის ალტერნატივად იქცა. თურქეთთან და აზერბაიჯანთან საქართველოს ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტები აკავშირებს, რაც ამ სამი ქვეყანის ინტერესს ძალზე მჭირდროდ აკავშირებს ერთამანეთთან. გარდა ამისა, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

თუმცა, დღეს ეს სტრატეგიული მეგობრობა, რომელმაც  საქართველო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლად აქცია, ქვეყანას დიდ საფრთხესაც უქმნის – თურქეთისა და აზერბაიჯანის ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაში საქართველოც ჩაითრიონ. თბილისი კი, ამ ეტაპზე წინააღმდეგობის გაწევას არ ან ვერ ახერხებს.

აფგან მუხტარლის გაუჩინარების საქმესთან ერთად, საქართველოს ძალიან მალე კიდევ ერთი ტესტი აქვს ჩასაბარებელი – თურქეთის მხარე თბილისისგან დემირელის სკოლის მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემას ითხოვს. ჩაბუკი საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მხარის მოთხოვნით მაისის ბოლოს დააკავა. ჩაბუქს ანკარა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ფეთულა გიულენის თანამოაზრედ განიხილავს. გიულენის მხარდამჭერებს ერდოღანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს და სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას არაერთხელ მიმართა მათი ექსტრადირების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო. თუმცა, მოახერხებს კი, თბილისი ანკარისთვის უარის თქმას. ჩაბუქის გადაცემა დიდი დარტყმა იქნება საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის, რადგან თურქ მასწავლებელს სამშობლოში წამება და შესაძლოა, სიკვდილით დასჯაც კი ემუქრებოდეს.

“ჩვენ მეზობლებს საქართველოზე ზეწოლის ბევრი ბერკეტი აქვთ, თუმცა რაც უფრო დაუხრის თავს საქართველო თურქეთს და აზერბაიჯანს, მით უფრო გაეხსნებათ მათ მადა”, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, თუ საქართველო ვერ ისწავლის მეზობლებთან თანასწორ და პარტნიორულ ურთიერთობებს, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, მაშინ შანტაჟს ბოლო არ ექნება:  “ხვალ გათენდება და აღმოჩნდება, რომ თურქეთის მხრიდან არანაკლები შევიწროების მსხვერპლი ვართ, ვიდრე რუსეთის მხრიდან. მაშინ რა უნდა ვქნათ, გავიქცეთ რუსეთისკენ?! საქართველოს გადარჩენა დღეს ევროპა და ევროპული ღირებულებებია. სხვა ალტერნატივა ამ გზას არ აქვს” .


ასევე წაიკითხეთ