სამოქალაქო სექტორი ამ ინიციატივაში სიტყვის თავისუფლების საფრთხეს ხედავს" />

საქართველოში ცილისწამების კანონზე იწყებენ მსჯელობას. ამას პრეზიდენტი ითხოვს

სამოქალაქო სექტორი ამ ინიციატივაში სიტყვის თავისუფლების საფრთხეს ხედავს

ცილისწამების კანონის თემა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის პირველივე პრესკონფერენციაში წამოწია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მან თქვა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება “დამახინჯებულად” ესმით და საჭიროა ცილისწამების შესახებ კანონის მიღება. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არც კანონის ტექსტი არსებობს და არც კონკრეტული მონახაზი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ თემაზე მსჯელობა დაწყებულია.

•  ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი? 

• გაუმარჯოს მეფეს! საქართველოში მონარქიის აღდგენაზე მსჯელობენ 

• საპატრიარქოს კაპიტალი. რა ქონებას ფლობს ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი საქართველოში? 

• ვისია მედია საქართველოში

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საზოგადოების აქტიურ ნაწილს ჩაერთონ ამ თემაზე დისკუსიაში.

ზურაბიშვილის თქმით, არსებობს ქვეყნები, რომლებმაც სიტყვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის ბალანსის პრობლემა წარმატებით გადაწყვიტეს:

“მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც მიიღო კანონი ცილისწამების წინააღმდეგ. მათმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ის არ ეწინააღმდეგება არც სიტყვის თავისუფლებას და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ეს ბოლო ერთ კვირაში რიგით მეორე საჯარო განცხადებაა, რომელიც სიტყვის თავისუფლების დარეგულირებას ითხოვს.

2019 წელს პირველად ეს თემა საქართველოს პატრიარქმა 7 იანვარს, თავის საშობაო ეპისტოლეში წამოწია და თქვა, რომ „სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობენ“. 

პატრიარქისა და პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მან თქვა, რომ “ცილისწამება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სჭირდება ზომების მიღება” .

ცილისწამების შესახებ კანონის მიღებას მიესალმება კიდევ ერთი გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი – თბილისის მერი კახა კალაძე.

„განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე… ჩვენც, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

სამოქალაქო სექტორის რეაქცია

მაღალი რანგის გავლენიანი პოლიტიკოსებისა და პატრიარქის განცხადების შემდეგ, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ხელისუფლება ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას აპირებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სავარაუდოდ, “გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე მსჯელობა სერიოზულ სახეს მიიღებს”, თუმცა ის ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში  სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგობის გამო, ხელისუფლება მაინც ვერ შეძლებს დღეს არსებული პროგრესული კანონმდებლობის შეცვლას.

„თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, იმ ალგორითმების ფონზე, რომელიც მართავს სოციალურ ქსელებს, შეუძლებელია გამოხატვის შეზღუდვა, თუ არ გინდა გახდე ისეთი ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, თურქეთი“,  – ამბობს ძველიშვილი.

რა მოხდება თუ ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება?

ეს მოიტანს „მსუსხავი ეფექტს“ – ფიქრობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე. მისი აზრით, კრიტიკული მედია გახდება ფრთხილი და მოსალოდნელი სასჯელის გამო სიმწვავე მოაკლდება.

“ეს კი უკვე ნიშნავს ნაბიჯს უკან – დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,” – ამბობს იურისტი. 

დღევანდელი კანონმდებლობა 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში ცილისწამებისთვის არავის აპატიმრებენ. 2004 წლიდან ცილისწამება აღარ არის სისხლის სამართლის კოდექსის პრეროგატივა და ამ საკითხს  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი არეგულირებს.  ამ კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის გავრცელებაა, რომელიც ლახავს სხვა ადამიანის პატივსა ან ღირსებას. ცილისწამება სამოქალაქო დავის საგანი.

დავის დროს თავად მომჩივანმა უნდა ამტკიცოს, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. თუ მომჩივანი მოიგებს საქმეს, სასამართლო ცილისწამების ავტორს დაავალდებულებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ან შესაძლოა, დააკისროს კომპენსაციის გადახდაც. თუმცა, თუ ცილისწამება მიმართულია საჯარო პირის მიმართ, ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების სტანდარტი უფრო მაღალია, ვიდრე კერძო პირის მიმართ ცილისწამების შემთხვევაში.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ