პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ 431 კანონიერი ქურდია და მათი 57 % ქართველია" />

საქართველოში ქურდული სამყაროს მხარდაჭერა დასჯადი ხდება

პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ 431 კანონიერი ქურდია და მათი 57 % ქართველია

საქართველოში მკაცრდება ქურდული სამყაროს წევრობისთვის დადგენილი სასჯელი, ხოლო ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობა და ამ სამყაროს წარმომადგენელთა მხარდაჭერა დასჯადი ხდება.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს მთავრობამ უკვე გადააგზავნა პარლამენტში განსახილველად. ცვლილებების ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსსა და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შედის.

ცვლილებების თანახმად, “ქურდული სამყაროს წევრობისთვის” სასჯელი 7-დან 10 წლამდე პატიმრობა იქნება (დღევანდელი კანონმდებლობით –  5-დან 8 წლამდეა).

მკაცრდება „კანონიერი ქურდობისთვის“ დადგენილი სასჯელიც დღევანდელი 7-დან 10 წლამდე პატიმრობის ნაცვლად, 9-დან 15 წლამდე პატიმრობა იქნება.

თუმცა, სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ქურდული სამყაროს წევრებს როდი ემუქრება. ცვლილებების მიხედვით, დასჯადი გახდება ქურდულ სამყაროსთან ნებისმიერი სახის “თანამშრომლობაც”. მაგალითად – საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, ე.წ. “საქმის გარჩევა” კანონიერი ქურდების დახმარებით.

პირი, რომელიც რაიმე დავის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრს მიმართვს, ან ქურდულ შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას, ახალი კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდება. დღეს არსებული კანონმდებლობით, ასეთი ქმედებებისთვის მხოლოდ კანონიერ ქურდები ისჯებიან.

საკანონმდებლო ინიციატივა სხვა სიახლეებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ „კანონიერი ქურდი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, ის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების გამკაცრება ქვეყნაში არსებული გამოწვევებით არის განპირობებული. მისი თქმით, „კრიმინალური მენტალიტეტი და ორგანიზებული დანაშაული აფერხებს ქვეყნას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც”.

საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული. ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად თანმიმდევრულები და დაუნდობლები ვიქნებით, ვინაიდან, ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდ ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას”.

•  საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დასჯადი 2005 წლის დეკემბრიდან გახდა, როდესაც პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონი მიიღო.

•  ქურდული სამყაროს შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რუსულ საიტზე “პრაიმ-კრაიმზე” აღნიშნულია, რომ ამჟამად პოსტსაბჭოთა სივრცეში სულ 431 კანონიერი ქურდია და მათი 57 % ქართველია.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ