ახალი წესები 1 მარტიდან შევიდა ძალაში" />

საქართველოში უცხოური ნომრების მქონე ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა

ახალი წესები 1 მარტიდან შევიდა ძალაში

1 მარტიდან, უცხოურნომრიანი ავტომობილების ყველა მძღოლმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოვა და აქ 15 დღეზე მეტ ხანს დარჩენას გადაწყვეტს, სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად უნდა დააზღვიოს.

მძღოლებს შეუძლიათ დაზღვევა პირდაპირ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე  გააფორმონ. დაზღვევის საფასური სატრანსპორტო სახეობისა და დაზღვევის პერიოდის ვადის მიხედვით განისაზღვრება. დაზღვევა შეიძლება გაფორმდეს 15, 30 ან 90 დღით, ასევე ერთი წლითაც.

მაგალითად, 15 დღით მსუბუქი ავტომობილის დაზღვევა 30 ლარი ღირს (დაახლოებით 12 დოლარი), ერთი თვით – 50 (დაახლოებით 20 დოლარი), ერთი წლით კი – 295 ლარი (დაახლოებით 120 დოლარი).

დაზღვევა დაფარავს როგორც ფიზიკურ, ისე მატერიალურ ზარალს, რაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზარალებულს მიადგება – ჯანმრთელობისთვის მიყენებული მძიმე ზიანი სრულად დაიფარება, ნაკლებად მძიმე კი – 60 ან 30 პროცენტით.

დაზღვევა არ დაფარავს დაზღვეულის მიერ განგებ ჩადენილი ქმედებებით მიყენებულ ზიანს, საშიში ნივთიერებების გადატანით გამოწვეულ ზიანს, ტერაქტით, საომარი ოპერაციებითა და სამხედრო მანევრებით, ასევე შეჯიბრის, სწავლების ან ცდების დროს  მიყენებულ ზიანს.

დაუზღვეველი მოტოციკლის ან მსუბუქი ავტომობილის მართვისთვის ჯარიმა 100 ლარს (40 დოლარზე მეტს) შეადგენს, ავტობუსის ან სატვირთოსთვის – 200 ლარს (80 დოლარზე მეტს).


ასევე წაიკითხეთ